„გურია თუდეის“ ინფორმაციით, „გურია“ თბილისში, სტადიონ „მარაკანაზე“ შეიკრიბა, მაგრამ თოვლის გამო, ვარჯიშის დაწყება რამდენიმე დღით გადაიდო. პირველ ეტაპზე, გუნდი დედაქალაქში მოემზადება, ხოლო შემდეგ სად გაივლიან გურულები შეკრებას, ჯერ ცნობილი არ არის.
ასევე უცნობია ახალწვეულების ნაწილი, რომელიც ლანჩხუთის კლუბს გააძლიერებს. რაც უკვე ცნობილია, „გურიამ“ უკვე დაიმატა გამოცდილი მოთამაშეები: დავით მაისაშვილი, დათა სიჭინავა, თორნიკე კაპანაძე, ნოდარ იაშვილი, კახა კახაბრიშვილი და ნიკოლოზ ნოზაძე. ძველი შემადგენლობიდან გუნდში რჩებიან: ვანო წილოსანი, თემურ შარაშენიძე, ვანო შარვაძე, ნიკა კოკაია და დავით გოგიჩაიშვილი.
უკვე გაცნობეთ, რომ ცვლილებებია სამწვრთნელო შტაბშიც: ახალ მთავარ მწვრთნელს, გოჩა ტყებუჩავას დაეხმარებიან თემურ ლორია (მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა „გურიამ“ მესამე ლიგის საზგური), გიგლა იმნაძე, გია ჩხაიძე და ირაკლი ხვედელიძე.
„გურიას“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს _ ამ თანამდებობაზე ზურაბ ოქროპირიძე იმუშავებს, სპორტული დირექტორი კი, უკვე იცით _ ანდრო ნემსაძე იქნება.
როგორც ცნობილია, „გურიამ“ წინა სეზონი წარმატებით დაასრულა და მესამე ლიგის საზგური მოიპოვა. კლუბი სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას ვაჟის, კახი ჟორდანიას კომპანიის საკუთრებაში გადადის, რაც გულშემატკივარს უჩენს იმედს, რომ „გურია“ ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდება. მერაბ ჟორდანიამაც განაცხადა, რომ რამდენიმე წელიწადში, ლანჩხუთური კლუბის საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ახალი სეზონის პირველ შეხვედრას „გურია“ 5 მარტს თბილისში, „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გამართავს.




