საქართველოში უამრავი მონასტერი, ხატი და წმინდა ადგილია, სადაც ღვთის ნება ხილული სასწაულებით ცხადდება. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული კერაა სამება-ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დედათა მონასტერი, სადაც იორდანეს წმინდა წყარო მოედინება, რომლის შესახებაც შესაძლოა ბევრმა არც კი იცოდეს.
1986 წლიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანდრია, რომლის ღვაწლითაც 2002 წელს მონასტრის ტერიტორიაზე იოანე ნათლისმცემლის სახელობის მცირე ეკლესია აშენდა და სანათლავი აუზი მოეწყო. ამ აუზში „იორდანეს წყაროდ“ წოდებული წყალი ჩაედინება, რომელსაც განსაკუთრებული თვისებები მიეწერება. მრავალი უშვილო წყვილი, რომლებსაც წლების განმავლობაში შვილი არ ჰყავდათ, წყაროში განბანის შემდეგ მშობლები გახდნენ.

წმინდა იოანეს ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია
წყაროში ნათლობის ცერემონიები ტარდება. განსაკუთრებით, ნათლისღების დღესასწაულზე, მრევლიც წმინდა წყალში განიბანება. გადმოცემით, ისევე, როგორც იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, ზაქარიასა და ელისაბედს, ხანდაზმულ ასაკში მიეცათ შვილი, ამ წყაროსაც მსგავსი სასწაულებრივი თვისებები აღმოაჩნდა და განსაკუთრებით შვილიერების მადლითაა გამორჩეული.
მონასტერში მადლიერების წიგნიც ინახება, სადაც მადლიერი მშობლები თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან.
“14 წლის განმავლობაში არ გვეძლეოდა შვილი. ახლობლებისგან გავიგეთ წყაროს არსებობის შესახებ. ვიყავით მონასტერში, წყალში ჩავედით. ლოცვითა და კურთხევით შეგვეძინა ქალიშვილი ნია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქრისტიანი გაიზარდოს. მადლობა ღვთისმშობელსა და წმინდა ნინოს, მადლობა დედებს”.
“მონასტერში მოსვლამდე მყავდა ერთი შვილი. როდესაც მეორე შვილს ველოდებოდი, პრობლემა შემექმნა, იყო ორსულობის შეწყვეტის შესაძლებლობა. მონასტერში მივედით, წმინდა წყალში განვიბანეთ და უფლის წყალობით, სასწაული მოხდა, აქედან წასვლის შემდეგ არანაირი პრობლემა აღარ მქონია. ბავშვი ჯანმრთელი და უვნებელი დაიბადა”.

ჯიხეთის იორდანე _ უშვილოთა შემწე
“2012 წლის ივლისში მოვილოცეთ ჯიხეთის წმინდა სამების მონასტერი. მე და ჩემი მეუღლე განვიბანეთ წმინდა წყალში. ზუსტად ერთი წლის თავზე შეგვეძინა ქალიშვილი, სესილი. უფალმა ჩვენი ვედრება შეისმინა. მონასტერში ამოსვლამდე ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ შვილი არ გვეყოლებოდა. ჩვენთან ერთად, ტაძარი ჩვენმა მეგობრებმაც მოილოცეს. უფალმა მათაც მიმადლა შვილები – ლევანი და ნინო. დაე, უფალმა ყველა უშვილო წყვილის ვედრება შეისმინოს და ისეთივე ბედნიერება მიანიჭოს, როგორიც მე და ჩემს მეუღლეს მოგვანიჭა”.
“ხუთი წლის დაქორწინებული ვიყავი და ბევრი მცდელობის მიუხედავად, შვილი არ მრჩებოდა, ნაადრევად ვმშობიარობდი. ხუთი წელი ასეთ ტანჯვაში გავატარე. ბევრ ექიმთანაც ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ საოპერაციო ხარ და ჩემი ექიმებთან სიარული ტყუილი ფულისა და დროის ხარჯვა იყო. 2011 წელს, უფლის წყალობით, ამ დალოცვილ ადგილზე მოვედი, განვიბანე, მოვილოცე. შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი და ვემზადებოდი ოპერაციისთვის. ერთი თვის შემდეგ სასწაული მოხდა და ფეხმძიმედ დავრჩი. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის, მადლობა ღვთისმშობელს, რომ დედობის უდიდეს სიხარულს მაზიარა. მყავს მათე, რომელსაც მთელი ცხოვრება დავუძახებ უფლის საჩუქარს და მთელი ცხოვრება უფლის მადლობელი ვიქნები” (წყვილი წყნეთიდან იყო.
სტატია სრულად წაიკითხეთ: “14 წლის განმავლობაში არ გვეძლეოდა შვილი. მერე წყაროს არსებობის შესახებ გავიგეთ” – მტრედების მონიშნული სულიერი კერა და ჯიხეთის იორდანე – უშვილოთა შემწე


