1959 წლის 25 ივნისი: 7 ბიჭი და 18 გოგო… _ სად დაიდო პირველად ბინა და რატომ უწოდეს ლანჩხუთის სამუსიკო სკოლას „მერცხლის ბუდე“?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთის თეატრის შენობა და მარინე ტუღუში აღსაზრდელებთან ერთად

წილოსანი მარინა მიხეილის ასული, ჩიგოგიძე ჟუჟუნა ჭოლას ასული, ებრალიძე გურამი ივანეს ძე, ტალახაძე ნანა ევგენის ასული, ფირცხალაიშვილი მზია ალექსანდრეს ასული, ზენაიშვილი ლენა ლეონიდეს ასული, ლომაძე მანანა რევაზის ასული, ჩიკაშუა თემური ვალერიანის ძე, მათითაიშვილი დალი ვახტანგის ასული, ლომაძე ნინო არტემის ასული, კეკელიძე თემური ილიას ძე, წილოსანი დალი ამირანის ასული, ორაგველიძე დალი დიმიტრის ასული, ხავთასი იამზე გურამის ასული, ვეკუა ციური ბორისის ასული, ჩხაიძე გულიზა ამირანის ასული, მანწკავა ირაკლი დავითის ძე, ვადაჭკორია თეიმურაზი მიხეილის ძე, ვადაჭკორია თენგიზი მიხეილის ძე, სამსონია თამაზი ზურაბის ძე, თევზაძე მარინა დავითის ასული, პატარაია ნინო აკაკის ასული, ცინცაძე თამარი ამირანის ასული, ქარჩავა ირინე რევაზის ასული, ვადაჭკორია გუგული გიორგის ასული…

ეს სია 1959 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებიდანაა და წინადღეს სამუსიკო სკოლაში ჩატარებული გამოცდების შედეგად ჩარიცხულთა ჩამონათვალია. ბრძანებას ხელს ახალგახსნილი სკოლის პირველი დირექტორი მარიკა ორაგველიძე აწერს…

პირველ წელს სკოლაში 7 ბიჭი და 18 გოგონა ჩაირიცხა…

…ზუსტად 60 წლის წინ, 1959 წლის 25 ივნისს, საქართველოს რესპუბლიკის იმჟამინდელი  კულტურის  მინისტრის, დავით ჩხიკვიშვილის მიერ ხელი მოეწერა ბრძანებას ლანჩხუთის რაიონში პირველი კლასიკური მუსიკის შემსწავლელი სკოლის გახსნის თაობაზე  და ამ ახლად გახსნილი სკოლის დირექტორად დაინიშნა ქალაქ თბილისის მე-4 სამუსიკო სასწავლებლის კურსამთავრებული, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დაუსწრებელი ფაკულტეტის სტუდენტი, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი, ულამაზესი  ქალბატონი მარიკა  დიმიტრის ასული ორაგველიძე.

ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლის 60 წლისადმი  მიძღვნილი საიუბილეო  საღამოსთვის კულტურის სახლი შემთხვევით არ შეირჩა, რადგან სწორედ ამ შენობის მეორე სართულზე, მარჯვენა მხარეს, სცენიდან კი მარცხნივ, თავდაპირველად ორ ოთახში ბინა დაიდო ლანჩხუთის სამუსიკო სკოლამ.

25 წელი დარჩა სასწავლებელი კულტურის სახლის შენობაში. ამ ხნის მანძილზე იზარდა და მთლიანად დაიკავა შენობის მარჯვენა მხარე. მალე ხის აივანი მიაშენეს, რომელიც დერეფნის მოვალეობას ასრულებდა საკლასო ოთახებში შესასვლელად.

ერთი შეხედვით, კულტურის სახლი მარჯვენა მხარე ბუდეს მოგაგონებდათ, საიდანაც ისმოდა არაჩვეულებრივი მუსიკა და სიმღერის ხმა. ამიტომაც, ლანჩხუთლებმა ადგილს სიყვარულით „მერცხლის ბუდე“ უწოდეს.

34 წლის მანძილზე უძღვებოდა სამუსიკო სასწავლებელს მარიკა ორაგველიძე.

ამ „მერცხლის ბუდეში“ არაერთი ნიჭიერი პედაგოგი და მუსიკოსი დაფრთიანდა. კურდამთავრებულებიდან 21 პედაგოგი დაუბრუნდა გამზრდელ სკოლას და წლების მანძილზე სხვების აღზრის საქმეს ემსახურებოდნენ. დღეის მდგომარეობით კი, მათგან 12 პედაგოგი აგრძელებს სასწავლებელში მოღვაწეობს.

ქალბატონ მარიკას 20 წლის განმავლობაში გვერდით ედგა და სასწავლო-სააღმზრდელო საქმიანობას  წარმართავდა ქალბატონი ნანი სიხარულიძე. მათთან ერთად თავდაუზოგავად  შრომობდა საოცრად შეკრული ახალგაზრდა პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი.

ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის 1968-69 სასწავლო წლის გამოშვება

1993 წელს, სკოლას მარინე ტუღუში ჩაუდგა სათავეში. ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილების კურსდამთავრებული 1966 წელს ჩამოვიდა ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში პედაგოგად

ძალიან მძიმე პერიოდში მოუწია მას სკოლის დირექტორობა. მაგრამ  გულს არ  იტეხდა, იმედს არ კარგავდა და პედაგოგებთან ერთად ეძებდა გზებს სკოლის  გადასარჩენად.

1993 წლის 17 მარტს, ხანძარი გაჩნდა ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში, რომელიც ფუნქცინირებდა იქ, სადაც დღეს ცენტრალური ბიბლიოთეკაა. ნახევრად დამწვარი შენობიდან გამოიტანეს, ნახევრად დამწვარი და ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული წყლისგან დასველებული პიანინოები, როიალები და დანარჩენი ინვენტარი.

შემდეგ სამუსიკო სკოლამ ბინა დაიდო მაშინდელი სასტუმროს შენობის პირველ სართულზე, როცა სასტუმროს შენობა გაიყიდა, ის გადავიდა ყოფილი „ნავთძიების“ შენობაში, იქიდან კი ყოფილი ჩაის ფაბრიკის ამორტიზირებული შენობის მეორე სართულზე. ძალიან მძიმე იყო ამდენჯერ გადასვლა შენობიდან შენობაში, უკვე მოძველებული, ხანძარგამოვლილი ინსტრუმენტებით.

არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი აღუზარდა ქალბატონმა მარინემ ლანჩხუთის სამუსიკო სკოლას. 2008 წლიდან სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა და სასწავლო პროცესს წარმათავს.

55 წელია, ლანჩხუთის  სამუსიკო  სკოლაში მოღვაწეობს ქალბატონი მადლენა  კუნჭულია _ ბათუმის  ზაქარია  ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის კურსდამთავრებული  პროფესიონალი პედაგოგი არაერთი ნიჭიერი  მუსიკოსის გამზრდელია.

ლანჩხუთის სამუსიკო სკოლიდან წასული პედაგოგები და ტექნიკური პერსონალი, რომელთა ღვაწლი სკოლის წინაშე ძალიან დიდია: მარიკა ორაგველიძე, ნანი სიხარულიძე, ნათელა გველესიანი, ნათელა ურთმელიძე, ნანული ჩავლეიშვილი, ლუიზა ჯიჯეიშვილი, ნატო კვაჭაძე, ქეთევან ბარათაშვილი, როზა შიტოვა, ნათელა დოლიძე, ნუნუ იმნაძე და შალვა ფირცხალაიშვილი.

1975 წელს, სოფელ სუფსაში გაიხსნა მეორე სამუსიკო სკოლა და მის დირექტორად დაინიშნა ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის ნიჭიერი პედაგოგი ქალბატონი ნარგიზ სიმონიშვილი.

ამ ორ სამუსიკო სკოლას შორის არსებული შემოქმედებითი ურთიერთობა და თანამშრომლობა განსაკუთრებულია. მათ ერთნაირად  ახარებთ ერთმანეთის მიღწევები რაიონულ, რეგიონალურ  თუ რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალებზე. განსაკუთრებულია მათ მიერ ერთად ჩატარებული კონცერტები.

ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში 160 მოსწავლე სწავლობს და მათი დაწყებითი სამუსიკო განათლების, სხვადასხვა სამუსიკო ჟანრში:  კლასიკურ, ვოკალურ, ფოლკოლურ ჯგუფებში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის განვითარების საქმეს 23  პედაგოგი ემსახურება. ფუნქციონირებს საფორტეპიანო, სიმებიანი განყოფილებები.

სამუსიკო სკოლის დირექციის მიერ ყოველწიურად გაიცემა სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა დამამთავრებელი მოწმობები, რომლითაც მოსწავლეს უფლება აქვს გააგრძელოს სწავლა შემდგომ საფეხურზე.

მოსწავლეთა შემოქმედებითი მონაცემების განვითარებისთვის და მათი უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სკოლაში სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია დახურული კონცერტები, სემესტრული ჩათვლები, გამოსაშვები კლასის მოსმენები, გამოცდები, ასევე სხვადასხვა სახის თემატური კონცერტები, მაგალითად: „საჩუქარი დედებს“, „ხალხური საკრავები“ და ა.შ. სასწავლო გეგმის შესაბამისად ტარდება სასკოლო კონკურსები, ღია გაკვეთილები, მუსიკალური ვიქტორინები…

ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ულამაზესი მაგდა ჭყონია

2008 წლიდან ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის დირექტორია მაია ჩავლეიშვილი _ გვარის მუსიკალური ცხოვრების ღირსეული გამგრძელებელი. მან წარმატებით  დაამთავრა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1988 წლიდან მუშაობს ლანჩხუთის სამუსიკო სკოლაში პედაგოგად. ნიჭიერი მუსიკოსი, პროფესიონალი პედაგოგი 2004 წელს სასწავლო ნაწილის გამგედ დაინიშნა, ხოლო 2008 წლიდან სკოლის რიგით მე-3 დირექტორია.

განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია სკოლამ მისი ხელმძღვანელობით. მნიშვნელოვანია მიღწევები რაიონულ, რეგიონალურ და რესპუბლიკურ კონკურს-ფესტივალებზე.

ქალბატონ მაია ჩავლეიშვილის ხელმძღვანელობით, ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიებების ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. მისი შეფასებისათვის ორი ღონისძიების დასახელებაც კმარა: ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის დარსების 50 და 60 წლის იუბილეები.

სკოლის 50 წლის საიუბილეო საღამო ფეხბედნიერი აღმოჩნდა ლანჩხუთის სამუსიკო სკოლისა და მისი დირექტორისთვის. სწორედ ამ იუბილეზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელმა გამგებელმა გია გოგუაძემ და საკრებულოს თავჯდომარე რევაზ ჩიტიძემ  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 50 წლის შემდეგ მაინც, სამუსიკო სკოლას ჰქონოდა საკუთარი შენობა და დანაპირები პირნათლად შეასრულეს.  

2010 წელს ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლა შევიდა გარემონტებულ, ახალი ინვეტარით აღჭურვილ შენობაში…

„გურია თუდეი“ ულოცავს სამუსიკო სკოლის დირექტორს, ქალბატონ მაია ჩავლეიშვილის, პედაგოგიურ კოლექტივს, ტექნიკურ პერსონალს და ყველა აღსაზრდელს საიუბილეო თარიღს და უსურვებს მათ დიდ წარმატებებს!

მათე გურული