ლანჩხუთელმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის, 24 წლის გიორგი შოთაძემ პოლონეთში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ოთხი მეტოქე დაამარცხა. მან შვეიცარიელ, ყაზახ და შვედ ფალავნებს აჯობა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 0:4 აგებდა, მაგრამ გამარჯვების საოცარი სწრაფვა გამოავლინა, პოლონელი მეტოქე 9:4 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
როგორც ლანჩხუთის სპორტული ცენტრის პრესსამსახურში გვითხრეს, შეჯიბრში 11 ქვეყნის უძლიერესი მოჭიდავეები მონაწილეობენ, საქართველოს კი 13 ფალავანი წარმოადგენს.
გიორგის მწვრთნელია ლანჩხუთელი სპეციალისტი ზაზა ღლონტი და მისმა სახელმა პირველად ათი წლის წინ დაიქუხა, როცა 15 წლის ასაკში, ჭაბუკებს შორის სამი საერთაშორისო ტურნირი მოიგო და ევროპის ვიცე-ჩემპიონიც გახდა. 2016 წელს მან ჭაბუკთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო, ხოლო სამი წლის შემდეგ იგივე შედეგი გაიმეორა ახალგაზრდებს შორის.


