„მე ვაფიქსირებ ჩემს აზრს და გეუბნებით, რომ ჩვენს ქვეყანაში 12-წლიანი სწავლება არ უნდა შეიცვალოს. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მომავალ თაობას უნდა ჰქონდეს შანსი, რომ ევროპული და ამერიკული განათლება მიიღოს და ეს არ შეეზღუდოს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ გვახსოვს ჩემი თაობა, ჩემი შემდგომი თაობები, რომლებსაც 11-წლიანი სწავლება აქვთ მიღებული და რამდენი ბარიერის გადალახვა უხდებათ ევროპული განათლების მიღების მსურველ ადამიანებს“ _ ამბობს ხათუნა აფხაზავა ვიდეოში, რომელსაც ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.
ცნობილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა იდეა, სკოლებში სწავლების 11-წლიან სისტემაზე გადასვლის შესახებ. ლანჩხუთელი პედაგოგი მიიჩნევს, რომ ეს ჯერ მხოლოდ კანონპროექტია და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მოისმენს განათლების სისტემაში დასაქმებულების მოსაზრებებს. ამასთან, ხათუნა აფხაზავა აფიქსირებს, რომ მისი ნათქვამი არ დაუკავშირონ პოლიტიკას:
„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩემი ვიდეო არავითარ შემთხვევაში არ არის პოლიტიკური და გთხოვთ ამ ჭრილში ნუ განიხილავთ, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო განათლების რეფორმის კანონპროექტს, რომელიც ჯერ არ არის კანონად მიღებული და საზოგადოება მინდა დავამშვიდო და დავაწყნარო, რომ კანონპროექტი არ ნიშნავს კანონს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებამ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. იმიტომ გამოიტანეს საჯაროდ და არის განხილვის საგანი, რომ ადამიანების აზრსაც გაითვალისწინებს შესაბამისი სამსახურები“ _ ამბობს ხათუნა აფხაზავა.
მისივე თქმით, „თუ გვინდა ევროპული განათლება დავნერგოთ აქ ან ჩვენები წავიდნენ იქ [ევროპაში] სასწავლებლად, ასეც შეიძლება, რომ, როგორც ევროპაშია მაგალითად, გამოცდები საერთოდ არაა და ვინც 12-წლიან სწავლებას გადის, იმათ უმაღლეს სასწავლებელში იღებენ სკოლის ნიშნების საფუძველზე. მოდი, სკოლა გავაძლიეროთ და სკოლას მივცეთ მეტი პრიორიტეტი. სკოლის ატესტატს ჰქონდეს მეტი თამასა იმასთან დაკავშირებით, ვინ სად ისწავლის, როგორც ევროპაშია. ეს დავგეგმოთ და არა ის, რომ 11-წლიან საწვლებაზე გადავიდეთ. ვფიქრობ, ეს უფრო უპრიანი იქნება“ _ აცხადებს ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორი.


