“ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი დაიწყო, ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო დავტოვე ქვეყანა” – რას წერს 19 წლის ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი

|

Loading

სანდრო ქინქლაძე საპროტესტო აქციაზე

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ქვეყანას ტოვებს. ამის შესახებ ანტისამთავრობო აქციების 19 წლის მონაწილე სოციალურ ქსელში წერს:

„ცოტა გრძლად თუ ცოტა მოკლედ, ჯერ არ ვიცი, როგორ გამომივა ამ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ დავიწყებ _ დავტოვე ქვეყანა ჩემი და ჩემი მეუღლის უსაფრთხოების გამო. სამოქალაქო აქტივისტი ვარ 2017 წლიდან, რაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და მეორედ, როცა 2023 წლის 7 მარტს „რუსული კანონის“ წინაღმდეგ დავდექი რუსთაველის გამზირზე.

17 წლის ასაკში გავაანალიზე, რომ რუსეთისკენ იმაზე ჩქარა მივექანებით, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი. იმ დღის მერე არ გავჩერებულვარ, არ დამისვენია, ყოველდღე ჩემს მაქსიმუმს ვდებდი ცვლილებებისთვის, სიცივეში, სიცხეში რუსთაველის გამზირზე ვიდექი, ღამე ქუჩაში ვხატავდი საპროტესტო წარწერებს, სოციალურ ქსელებში ვეძებდი და ვავრცელებდი ინფორმაციებს, ვიბრძოდი რეჟიმის ყველა უსამართლო გადაწყვეტილების თუ ქმედების წინაღმდეგ.

გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და მათან ერთად ყიველდღიურად ვცდილობდი ცვლილებების დაწყებას ამ ქვეყანაში. შემდეგ გავიცანი ჩემი აწ უკვე მეუღლე ელენე ხუბულავა და მასთან ერთად გავაგრძელე ეს ბრძოლა. მოგვიანებით მისი სახლიდან გამიტაცეს, დამატყვევეს, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად გამისწორდნენ, მომისაჯეს პატიმრობა. გამოვედი და გამოვიყოლე არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემა და ტრამვა, თუმცა არ გავჩერებულვარ, დღე რესტორანში ვმუშაობდი, ღამე კი _ რუსთაველზე ვიდექი.

ამ ყველაფრის მერე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ჯოჯოხეთი: ჯერ უიმედობამ შემიპყრო, მერე ხელისუფლებამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის თვალთვალი. ჯერ ელენეს დაყვებოდნენ ყველგან, სადაც კი წავიდოდა, მერე დედამისის თვალთვალიც დაიწყეს და საბოლოდ, დედაჩემის ფოტო გამიმიგზავნეს, თუ როგორ მიდის სამსახურში.

სანდრომ მეუღლესთან ერთად საქართველო დატოვა

შემდეგ მე დამხვდა ორი ჩაბურული „შკოდა“ და იარაღის დამიზნებით გამაცილეს უბნიდან. კიდევ ბევრი რამ, თუმცა მოკლედ რომ ვთქვა, დიდი ზეწოლა და სტრესი გამომატარეს. პატიმრობის მერე საბოლოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა და ჩემს მეუღლესთან ერთად აქ მაინც შევძლო მშვიდ და სამართლიან გარემოში ცხოვრება, სადაც არ მექნება იმის შიში, რომ სადმე მომკლავენ ან დამიჭერენ. იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი, თუმცა ამჯერად ამ ბრძოლაში მე ვეღარ ვიქნები ჩემი მეგობრების, ახლობლების გვერდით და ვერ დავტკბები სცენით, სადაც ყველა ერთმანეთს ეხუტება და ამდენი წიწაკის და გაზის ცრემლების მერე სიხარულის ცრემლებს ვერ ვნახავ, ვერ ვნახავ დედაჩემს, რომელიც მეტყვის, აწი მაინც ხო დაეტევი სახლში და მეისვენებ…  

ბოდიში, რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ, იმედია, გამიგებთ _ წერს სანდრო ქინქლაძე.

ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში სან­დრო ქინ­ქლა­ძე აქ­ცი­ე­ბის დროს და­ა­კა­ვეს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბი­დან 12 დღის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა კად­რე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში, რო­დე­საც სან­დრო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტარს მე­დი­ას აძ­ლევ­და და მას­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლად დედა მი­ვი­და. დედა-შვი­ლის ემო­ცი­ურ შეხ­ვედ­რას უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და.

რას ჩივი?