“სიკვდილს სიმღერით ებრძოდა, ღიმილს აფრქვევდა მაშინაც, რომ უნდა ეტირა“ [ლამარა აბშილავა-ხუხუნის სხსოვნას]

|

Loading

„სიმღერა მისთვის ყველაფერი იყო“

სამზეოს აღარ ამშვენებს განუმეორებელი ხმით უფლისგან დაჯილდოებული არაჩვეულებრივი ხელოვანი და ადამიანი _ ყველასათვის ძვირფასი ლამარა აბშილავა-ხუხუნი. სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, გულისხმიერი და პასუხისმგებლობით გამორჩეული, სიკვდილს სიმღერით რომ ებრძოდა, ღიმილს აფრქვევდა მაშინაც, რომ უნდა ეტირა. თავს არ აძლევდა უფლებას, მოწყენილს სხვა დაენაღვლიანებინა. მღეროდა დიდი ტკივილებისას.

თავისი დაბადების დღეზე, კულტურის მუშაკებთან გამოსათხოვრად რომ გამართა, თვით მოამზადა სუფრა, თავად ემსახურა სუფრის წევრებს _ თავისთვის ძვირფას ადამიანებს, ვისთანაც ათეული წლების მეგობრობა აკავშირებდა. სუმრობდა და ლაღობდა, მხიარულობდა და მღეროდა… ასეთად სურდა დარჩენილიყო იმათ სხოვნაში.

ბედისწერამ რომ არ დაინდო და თავისი თავის აჩრდილად აქცია, დაიბარა: მისი ცხედარი სუდარაგადაფარებული დახვედროდა მოსამძიმრეებს.

თავისი  ხავერდოვანი ხმით ტრიოს სხვა წევრებთან ერთად ყველა ღონისძიებას ალამაზებდა ათეული წლების განმავლობაში

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ იმღერა, უანასკნელად… სიმღერა ხომ მისთვის ჰაერი, პური, წყალი და ის მადლი იყო, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეეძლო.

ლამარა თავისი  ხავერდოვანი ხმით ტრიოს სხვა წევრებთან ერთად ყველა ღონისძიებას ალამაზებდა ათეული წლების განმავლობაში,  განუმეორებელ ხიბლს სძენდა და დაუვიწყარს ხდიდა.

ჩვენი მუზეუმის უამრავი პროექტი, ღონისძიება, ფესტივალი მათ დაამშვენეს… არასოდეს უთქვამს  უარი ჩვენს თხოვნაზე, მუდამ გვერდით გვედგა პირღიმილიანი თავისი განუმეორებელი „ცისიერის“ წევრებთან ერთად.

მისი სიკვდილი ჩვენთვის უდიდესი დანაკარგია, რომელსაც ვერაფერი და ვერავინ შეცვლის.

აქამდე არ მოგვეცა საშუალება, მისთვის „გულიანი მადლობა“ გვეთქვა. ახლა უკვდავებაში გადასულს, უკვე ლეგენდად ქცეულს, უდიდესი გულისტკივილითა და სიყვარულით ვეთხოვებით. სამუდამოდ გაგვყვება მისი საოცარი ღიმილი, უკვდავი ხმის ხიბლი და გამორჩეული სიყვარული.

უფალმა დაუმკვიდროს ზეციური სასუფეველი ჩვენთვის ძვირფას ადამიანს. ნათელი დაადგეს მის სულს.

ზოია ტუღუში, ეგ. ნინოშვილის მუზეუმის თანამშრომელთა სახელით

რას ჩივი?