როგორ იხსნა ბეგი სიხარულიძემ 1971 წელს „გურია“ და ვისმა გოლმა მოგვიტანა საქართველოს თასი? რა ფოტოს ავრცელებს საფეხბურთო კოლექციონერი…

|

Loading

1971 წლის საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი „გურია“

ლანჩხუთის „გურიამ“ პირველად 1966 წელს მოახერხა, საქართველოს ჩემპიონობასთან ერთად თასსაც დაუფლებოდა. შალვა კაკაბაძის გუნდმა ეს შედეგი 5 წლის შემდეგაც გაიმეორა.

1971 წელს, ჩემპიონატის 50 კალენდარული შეხვედრიდან ლანჩხუთელებმა 35 მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 8 შეხვედრა წააგეს. გაიტანეს ას გოლზე მეტი (107) და 77 ქულით დამაჯერებლად მოიპოვეს რესპუბლიკის ჩემპიონის ტიტული.

თუმცა იგივე ვერ ვიტყვით თასის გათამაშებაზე, რომლის მოსაგებად „გურიას“ ორი ფინალის ჩატარება დასჭირდა ზესტაფონის „მეტალურგთან“. ორივე შეხვედრას თბილისმა უმასპინძლა _ 25 აგვისტოს გამართული მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. გურულები სამჯერ აგებდნენ და მესამედ გათანაბრება მეორე დამატებითი ტაიმის ბოლო წუთზე ბეგი სიხარულიძემ მოახერხა (ზუსტად 15 წლის შემდეგ, უკვე მისი გაწვრთნილი „გურია“ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადავიდა). მანამდე ჯერ ვახტანგ ძიძიგურმა აღადგინა წონასწორობა, ხოლო მეორედ ეს გივი მენთეშაშვილმა შეძლო.

მეორე დღეს გადათამაშება ჩატარდა, რომელშიც გუნდებმა ასევე უკომპრომისო ბრძოლა გააჩაღეს. თუმცა გოლი იგვიანებდა… ნუთუ კვლავ 30 წუთის დანიშვნა იქნება საჭირო? – ფიქრობდნენ ორივე გუნდის ქომაგები და ხშირად გასცქეროდნენ ტაბლოს. თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ვაჟა გუბელაძემ მაღალ ბურთზე ბრძოლაში იმარჯვა და ეფექტური თავური დარტყმით მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა, რამაც „გურიას“ საქართველოს თასი მოუტანა.

ცნობილი ქართველი საფეხბურთო კოლექციონერი დავით ჭინჭარაული სოციალურ ქსელში ავრცელებს გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნებულ მიხეილ ზარგარიანის ფოტოს, რომელზეც საქართველოს თასის 1971 წლის მფლობელი „გურიას“ შემადგენლობაა გამოსახული და ფინალური შეხვედრების საოქმო მონაცემებს.

ზედა რიგში მარცხნიდან: შალვა კაკაბაძე (უფროსი მწვრთნელი), ვალიკო წილოსანი (კაპიტანი), რეზო ქირია, ვაჟა გუბელაძე, ვახტანგ ძიძიგური, ვახტანგ თევზაძე, გივი მენთეშაშვილი, ომარ პერტენავა, ნოშრე ნარიაშვილი (მწვრთნელი)
ქვედა რიგში მარცხნიდან: ვოვა ცაგარელი, ზურაბ კუნჭულია, ელგუჯა იმედაძე, ბეგი სიხარულიძე, როინ ჩხარტიშვილი, თამაზ სამსონიძე, გურამ შავდია

ასევე წაიკითხეთ: 1966 წლის ისტორიული ფოტო და დახვედრა ლანჩხუთში… „გურია“ რომ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ითამაშებდა, ბორის პაიჭაძემ 20 წლით ადრე იწინასწარმეტყველა https://shorturl.at/JYAoO

რას ჩივი?