მას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა – 17 წლის იყო, შალვა კაკაბაძემ „გურიაში“ რომ მიიწვია… ლანჩხუთის სპორტის ამაგდარი ვაჟა ცინცაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

|

Loading

ვაჟა ცინცაძე

ლანჩხუთის სპორტს დიდი გულშემატკივარი _ ვაჟა ცინცაძე აღარ ჰყავს. კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნა, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. ვარჯიში ადგილობრივ საფეხბურთი ჯგუფში დაიწყო შემდგომში ლეგენდად ქცეულ სოსო (ბუტა) ჟორდანიასთან. მწვრთნელმა პერსპექტიული ჭაბუკი მალე „თაიგულში“ მიიწვია, სადაც სხვა ნიჭიერ მობურთალებსაც მოუყარა თავი.

ეს ის „თაიგულია“, რომელმაც სენსაცია მოახდინა და საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც „გურიაც“ თამაშობდა. არადა, „თაიგული“ მხოლოდ მისთვის საიმედო ცვლის მომზადებისთვის შეიქმნა, მაგრამ სოსო ჟორდანიამ უმოკლეს დროში საკუთარი ხელწერის მქონე წარმატებული გუნდი ჩამოაყალიბა.

მაშინ „თაიგულში“ თამაშობდნენ: ჯემსუატ ურუშაძე, სლავა ანდღულაძე, ვაჟა ცინცაძე, ვალიკო წილოსანი, ჯაბო ლომაძე, ომარ ხელაძე, ფრიდონ, აბელ კვირკველიები, ომარ, გური, თამაზ ურუშაძეები, ვახტანგ სირაძე, ვაჟა გვიჩია (შემდგომში ეროვნული კატეგორიის მსაჯი), ჭოლა მგელაძე, დენის ზღულაძე, ომიზა თოფურია, გურამ დოლენჯაშვილი, თამაზ ჭელიძე, იმედო დუნდუა (შემდგომში „გურიას“ ლეგენდარული დირექტორი).

სამწუხაროდ, ლანჩხუთმა პირველ ლიგაში ორი გუნდის შენახვა ფინანსურად ვერ შეძლო. მხოლოდ 1960 წელს, „გურიაში“ 7 ფეხბურთელი გადავიდა. მათ შორის გახლდათ ვაჟა ცინცაძე, რომელიც 17 წლის იყო, როცა შალვა კაკაბაძემ რაიონის მთავარ გუნდში მიიწვია. სადებიუტო სეზონში იგი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მომდევნო წელს ჯარში გაიწვიეს და ხაბაროვკის არმიელთა გუნდის ღირსებას იცავდა. იქიდან ისევ „გურიაში“ უნდა დაბრუნებულიყო, სადაც თავი მოიყარეს სოსო ჟორდანიას მომზადებულმა ფეხბურთელებმა: ჯემსუატ ურუშაძემ, ვალიკო წილოსანმა, ბეგი სიხარულიძემ, თამაზ კვირკველიამ, როინ ჩხარტიშვილმა, ვახტანგ თევზაძემ, შოთა პატარაიამ, ნუგზარ წერეთელმა, ჟორა ჭყონიამ, ზორბეგ სანაძემ და სხვებმა.

ამ გუნდმა 1965-66 წლებში, ჯერ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა პირველად და შემდეგ, ასევე პირველად – დუბლი შეასრულა. მაგრამ იმედისმომცემი მცველის გარეშე – ვაჟა ცინცაძემ ტრავმა მიიღო და 21 წლის ასაკში, კარიერის ნაადრევად დასრულება მოუხდა.

ფეხბურთიდან არსად წასულა. ჯერ ბავშვების მომზადებას მიჰყო ხელი, შემდეგ კი ადგილობრივ სპორტკომიტეტს ჩაუდგა სათავეში, რომელსაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ეს ის დროა, როცა ლანჩხუთის სპორტმა დიდ წარმატებებს მიაღწია, მათ შორის, „გურიამ“ 2-ჯერ მოიპოვა სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება…

ბოლო წლები ისევ მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნა, მათთვის მოედანიც მოაწყო და არაერთი საინტერესო ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ. ასევე აღსანიშნავია, რომ გოგონებსაც ავარჯიშებდა და მისი რამდენიმე აღზრდილი „ლანჩხუთის“ შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.

ლანჩხუთის ქუჩებში ვეღარ შევხვდებით სპორტის დიდ გულშემატკივარსა და მომაგეს, მუდამ აკურატულად ჩაცმულსა და მომღიმარს, მომავალ თაობაზე მოფიქრალ კარგ კაცს, რომელმაც თავისი ცხოვრება მთლიანად სპორტს და მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნა…

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ლანჩხუთის სპორტის დიდი მოამაგის, ვაჟა ცინცაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

რას ჩივი?