ლანჩხუთის „გურიამ“, 37-წლიანი პაუზის შემდეგ, საშინაო მატჩის პროგრამა გამოუშვა, რომელიც გულშემატკივრებს 12 მარტს, ფოთის სტადიონზე, თამაშის წინ დაურიგდება. როგორც ცნობილია, ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების [მინდვრის საფარი] გამო, გურულები სამ საშინაო შეხვედრას „ფაზისზე“ გამართავენ.
პროგრამა 8 გვერდიანია და მაღალი პოლიგრაფიული ხარისხითაა დაბეჭდილი. მასში წაიკითხავთ ჩემპიონატის დებულებას, რომლის მიხედვითაც, მესამე ლიგაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ მოიპოვებენ ლიგა-2-ის საგზურს, ხოლო მე-3-4 ადგილოსნებს საამისოდ ზედალიგელთან პლეი ოფის მატჩების გამართვა დასჭირდებათ.
ასევე წაიკითხავთ „გურიასა“ და მისი მეტოქის, თბილისის „მერანის“ განაცხადებს, სატურნირო ცხრილის ბადეს და ლანჩხუთის კლუბის მატჩების განრიგს.

„გურიას“ საშინაო მატჩების პროგრამა | 1987 წლის 17 ოქტომბერი და 2026 წლის 12 მარტი
ლანჩხუთელ გულშემატკივრებს მიმართავს „გურიას“ მფლობელი კახი ჟორდანია და მათ, კლუბის სახელით, ახალი სეზონის დაწყებას ულოცავს:
„ძვირფასო გულშემატკივრებო, გილოცავთ საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგა 3-ის დაწყებას, თქვენი საყვარელი კლუბის _ ლანჩხუთის „გურიას“ მონაწილეობით!
თქვენთან ერთად ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ჩვენი კლუბის იმიჯის დასაბრუნებლად, არამარტო ქართულ ფეხბურთში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე! დაბრუნებას იქ, სადაც ჩვენი „გურიას“ აღზრდილებმა, წლების განმავლობაში, წარუშლელი კვალი დატოვეს _ ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობით!
დღეს, თქვენი უშუალო ჩართულობით, როგორც მატჩებში, ისე კლუბის ყოველდღიურ საქმიანობაში, ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტა შესაძლებელია.
ჩვენი მთავარი მიზანი ნათელია და მიღწევადი:
რეგიონსა და ქვეყანაში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებით, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები გუნდებისადმი ღირსეული ცვლის მომზადება, ეროვნულ ლიგაში აღზევება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა!
აღნიშნული პროგრამის რეალიზებით, კლუბი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული ფეხბურთის განვითარებაში, როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ლანჩხუთის „გურიას“ მთელი კოლექტივის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ 2026 წლის საფეხბურთო სეზონის დაწყებას! გისურვებთ წარმატებებს!“ _ ვკითხულობთ კახი ჟორდანიას მისასალმებელ წერილში.
ბოლოს, „გურიას“ პროგრამა 1989 წლის 5 ნოემბერს, ალმა-ათის [ახლანდელი სახელია ალმათი] „ქაირათთან“ საშინაო მატჩის წინ დაიბეჭდა. დაახლოებით, 10 წლის წონ, კლუბს მისი აღდგენის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე შეხვედრის წინ დაიბეჭდა მცირე რაოდენობით, რაც უფრო სიმბოლურ/საკოლექციო ხასიათს ატარებდა და გულშემატკივრებისთვის არ იყო გათვლილი.





