„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „გურიას“ გასული საუკუნის 80-იანი წლების გამორჩეული ფეხბურთელი, კლუბის ლეგენდა გოჩა ტყებუჩავა გაწვრთნის. ლანჩხუთელი ქომაგების უსაყვარლესი მოთამაშე მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ლორიას შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობითაც გასულ სეზონში კლუბმა მესამე ლიგის საგზური მოიპოვა. ლორიაც და მის მხარდამხარ მომუშავე გიგლა იმნაძეც კლუბის სამწვრთნელო შტაბში იქნებიან.
გოჩა ტყებუჩავა იყო იმ შემადგენლობის წევრი, რომელმაც „გურიას“ 1986 და 1989 წლებში სსრკ-ის უმაღლესი ლიგის საგზური მოუტანა, კლუბთან ერთად ორჯერ გახდა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და დაეუფლა საქართველოს პირველ ეროვნულ თასს. ასევე უთამაშია თბილისისა და მოსკოვის „დინამოებში“, რამდენიმე უცხოურ გუნდში. „გურიას“ რიგებში 230 შეხვედრა ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

„გურია თუდეის“ ფეისბუქ-ქარდი | 2025 წლის 10 ნოემბერი
მისი სამწვრთნელო კარიერა თბილისის „დინამოში“ 2001 წელს დაიწყო, წვრთნიდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს, ერთ შეხვედრაში ეროვნული ნაკრების თავკაცის ფუნქციები შეასრულა. რამდენიმე უცხოურ კლუბში (უზბეკეთსა და თურქეთში) შოთა არველაძის თანაშეწმე გახლდათ, ასევე იყო ზუგდიდის „ბაიას“ მთავარი მწვრთნელი.
„გურია თუდეის“ სტატიას, რომელშიც ვიხილავდით _ საკმარისი იქნებოდა თუ არა ლანჩხუთში 3-ათას ადგილიანი სტადიონი, 2025 წლის 10 ნოემბერს გოჩა ტყებუჩავა გამოეხმაურა: „წარმატებები „გურიას“. არ ვეთანხმები ლანჩხუთში 3-ათასიანი სტადიონის აშენებას. დადგება დრო, „გურია“ უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება“ _ მოგვწერა მაშინ ლეგენდამ. ახლა მას პირადად ეძლევა შანსი, „გურია“ მთავარ ლიგაში დააბრუნოს…
როგორც იცით, „გურია“ ბიზნესმენ კახი ჟორდანიას კომპანიის მფლობელობაში გადადის, თავად იქნება პრეზიდენტი, ხოლო დირექტორატს კლუბის 1989 წლის შემადგენლობის წევრები დააკომპლექტებენ და მას სფფ-ის ექს-პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია უხელმძღვანელებს.


