[„გურია თუდეის“ არქივიდან] ვინ მიიყვანა პოლიციაში, სად შეხვდა ვანო მერაბიშვილს, რატომ იყო საწოლს მიჯაჭვული ერთი წელი და როდის გახიზნა ოჯახი ლანჩხუთიდან ბესიკ ტაბიძემ?

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე (2025 წ.) და პოლიციის უფროსი (2009 წ.), სოფ. არჩეულის ტრაფარეტი

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარედ მისი არჩევა ხმაურის გარეშე არ მომხდარა. ყოფილ პოლიცმაისტერს 2 ხმით ნაკლები რომ მიეღო, ახალი თავმჯდომარის არჩევა გახდებოდა საჭირო. ნიგვზიანელთა „დავით აღმაშენებელი“ ბავშვობაში ცელქობით გამორჩეული ყოფილა და მამა „ღვთის პირიდან გადავარდნილსაც“ ეძახდა. როგორ მოხვდა პოლიციაში, ვინ გაუწია რეკომენდაცია საკრებულოს თავკაცის პოსტზე და რატომ აქვს ავტომობილში მუდმივად „ვალინკები“, სად გაიცნო მომავალი მეუღლე და რატომ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში საცხოვრებლად _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „გურია თუდეი“ ბესიკ ტაბიძეს ესაუბრა:

2021 წელს მეორედ აირჩიეს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარედ

_ დავიბადე 1962 წლის 7 დეკებერს სოფელ ნიგვზიანში, აქვე დავამთავრე სკოლა.

_ როგორი მოსწავლე იყავით?

_ მე-8 კლასამდე, მართალი გითხრათ, არ ვსწავლობდი ისე, როგორც საჭირო იყო _ როგორც შეეფერებოდა დეპუტატის შვილს. დედაჩემი _ ლეილა პატარაია საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. მამაჩემი ფიზიკა-მათემატიკოსი გახლდათ. ჟურნალისტიც იყო, ლექსებსაც წერდა პარალელურად.

_ აბა, როდის მიხვდით, რომ სწავლა აუცილებელი იყო?

_ უფრო დამამთავრებელ კლასებში. მე-9-10-ში მოვუმატე.

_ შატალოზე თუ დადიოდით?

_ კი, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი მოთავე ვიყავი. აქტიურობით სკოლაში ყოველთვის გამოვირჩეოდი. შატალო იყო ეს, ფეხბურთი თუ სხვა. ყველაფერს ვასწრებდი.

_ განსაკუთრებით რომელი საგანი გიყვარდათ?

_ ისტორია. სკოლა რომ დავამთავრე ისტორიულზე ჩავაბარე. ბათუმში პედაგოგიურ ინსტიტუტში ვსწავლობდი. შემდეგ სოფლის მეურნეობის კუთხით მინდოდა წასვლა. 5 წელი ვისწავლე ბათუმში. ამ ქალაქში გავიცანი მომავალი მეუღლე, ნატო დევაძე. ის ფილოლოგიურზე სწავლობდა. ნატო შემდეგ ნიგვზიანში ასწავლიდა წლების განმავლობაში, ჯერ მაღალ კლასებს, შემდეგ კი დაწყებითებს.

_ სოფელში როდის დაბრუნდით?

_ დედაჩემი როდესაც მარტო დარჩა. მამაჩემი ვახტანგ ტაბიძე 42 წლის ასაკში ინფარქტით მოულოდნელად გარდაიცვალა. დედა იყო შრომის გმირი, მეც ბავშვობიდან ვიყავი შრომას მიჩვეული, სულ ვეხმარებოდი კალათების გაცლაში, რომ ბევრი ჩაი მოეკრიფა. მარტო დედას ვერ დავტოვებდი და წამოვედი.

„გურია თუდეის“ პირველი გვერდი, #08 (80), 12 იანვარი, 2018 წ.

_ ბატონო ბესო, ოჯახის ერთადერთი ვაჟი იყავით, ხომ არ განებივრებდნენ ამის გამო?

_ არა, ასე ნამდვილად არ იყო. მამაჩემი სულ მეუბნებოდა, იშრომეო. მყავს ერთი და, რომელიც პროფესორია, 3 წინგის ავტორია და მოღვაწეობს ბათუმში, სადაც უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. ბავშვობაში ცელქი ვიყავი, მამა ამბობდა _ ღვთის პირიდან გადავარდნილი ხარ, ნახე შენი და როგორ კარგად სწავლობს, ის ისწავლის და შენ იქნები მეკურტნე, დახვდები ნიგვზიანში რომ ჩამოვა ინსტიტუტიდან, წაიყვან და წამოიყვანო.

გავიდა წლები. მამაჩემი აღარ არის ცოცხალი, მაშინ პოლიციის უფროსი ვარ და ჭანტურია შემოდის, ჩემი თანამშრომელი და გამეცინა. მიზეზი მკითხა. მამაჩემს შეახედა ახლა _ მეკურტნე ვარ თუ პოლიციის უფროსი-მეთქი (იცინის).

_ ზემოთ თქვით, დედაჩემის გამო დავბრუნდი სოფელშიო…

_ ასე იყო. ბათუმში უკვე ბინაც მქონდა, ოჯახიც მყავდა. მამისეულ კერას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ჩემს შვილსაც ვასწავლი, რომელი ხე ეკუთვნის, რომელი ნაკვეთი. მე მამისეული კერა რომ არ გამენადგურებინა, ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. დღესაც ვშრომობ, სოფელში ამას ყველა გეტყვით. 1 ჰა. ყანაც მქონია და მარტო გამითოხნია. დილის 6 საათზე ვდგები, 2 საათს ვმუშაობ, შემდეგ ვწესრიგდები და მოვდივარ სამსახურში

_ პოლიციაში როგორ აღმოჩნდით?

_ მაშინ ეროვნული მოძრაობა იყო. ედპ-ს თავმჯდომარე გია ჭანტურიამ თქვა, ეს კაცი გამოდგება პოლიციაშიო.

_ ანუ პარტიამ გადაწყვიტა თქვენი პოლიციელობა?

_ ასე გამოვიდა.

_ გია ჭანტურიას ახლოს იცნობდით?

_ რომ ვთქვა, ვმეგობრობდით-მეთქი, არ მიქნები მართალი. მამუკა გიორგაძეს ვიცნობდი ძალიან ახლოს. ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტარ მერაბ ჩხაიძესთან ერთად წავედი ოზურგეთში. მაშინ სამხარეოს უფროსი იყო გენადი გიორგაძე, ძალიან კარგი პიროვნება, დღეს გარდაცვლილია ეს ადამიანი.

_ რიგით პოლიციელად დაიწყეთ?

_ გეტყვით, როგორც იყო. უფროს-ინსპექტორად დავინიშნე. შემდეგ მე-6 განყოფილება იყო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური, 6 თვეში იქ გადამიყვანეს.

_ პოლიციელობა რომ დაიწყეთ, გამოცდილება გქონდათ?

_ არანაირი. წარმოიდგინეთ, რომ მოქალაქე მივედი ამ სისტემაში, მაგრამ რწმენა მქონდა თავის, რომ რადგან მოვედი პოლიციაში, მე უნდა ვიყო სამაგალითო. თუ როგორი ვიყავი, ამას ხალხი შეაფასებს. ყველა პოლიციის უფროს ვცემდი პატივს, მაგრამ განსაკუთრებით გურამ ჩხაიძეს. ეს კაცი დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოირჩეოდა.

ბესიკ ტაბიძეს ნიგვზიანში დიდი მხარდაჭერა აქვს, ზოგჯერ 95%-საც იღებს

ხშირად შემხვედრია მოქალაქე, როცა მე ცხენით დავდიოდი და საქონლის ქურდებს დასვდევდი, გამაჩერებდა და მეტყოდა: გურამ ჩხაიძე დადიოდა ბიძია ცხენით და შენც ასე დაიწყეო. ცხონებულმა გურამმა მითხრა _ შენ გამოადგები ლანჩხუთს და ჩემი დიდი სურვილია, აქეთ გადმოხვიდე სამუშაოდო. მაშინ შეიქმნა ეკოლოგიის პოლიცია, რომლის უფროსი იყო ანზორ კვერენჩხილაძე, დროებით დავბრუნდი. ერთი წელი ვიმუშავე დაახლოებით. ამის შემდეგ გადავედი სისხლის სამართლის ინსპექციაში. აქედან იწყება ჩემი აღმავლობა პოლიციაში.

_ ვინ გფარველობდათ?

_ გულწრფელად გეუბნებით, ჩემი პატრონი არავინ ყოფილა. ჩემი პატრონი იყო ჩემი სახელი, შემართება და სიმართლე.

_ ვისი მინისტრობის დროს მოგიწიათ მუშაობა ლანჩხუთში?

_ ვანო მერაბიშვილის. მე 3 წლის მანძილზე მივიღე იმდენი წოდება, 13 წელი რომ სჭირდებოდა. ყველა ვადაზე ადრე მომცეს. ახლა ვარ პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი. როცა მერაბიშვილი ჩამოვიდა ოზურგეთში, სამხარეოს უფროსი იყო შოთიკო ჭანუყვაძე. სერიოზული საქმეები მქონდა გახსნილი. ერთი იყო ლილოს ავტობუსის ყაჩაღობის საქმე ახალსოფელში. საკმაოდ გახმაურებული ფაქტი. ვინც ავტობუსში იყო, მთლიანად „გაწმინდეს“. დაახლოებით ერთ თვე დამაგვიანდა და საქმე გავხსენი. ამით გაიხსნა 8 სხვა საქმე. მაშინ ასეთი წინადადება წამოვიდა: მიმეღო 3 ათასლარიანი ჯილდო ან წოდება. წოდება ავირჩიე, არადა, თანხა საკმაოდ სოლიდური გახლდათ.

_ ამ დროს უკვე პოლიციის უფროსი იყავით?

_ კი. გელა გიგინეიშვილი გახლდათ სამხარეოს უფროსი. მე სისტემიდან წასული ვიყავი, მან იცოდა ჩემი გამოცდილება, რადგან ერთად გვქონდა ნამუშევარი და დამნიშნა ლანჩხუთში კრიმინალური პოლიციის უფროსად. მაშინ უფროსი იყო ჩოხატაურელი ავთო ვასაძე. დაახლოებით 3 თვეში დავინიშნე პოლიციის უფროსად.

_ რამდენი წელი იყავით?

_ 3-ჯერ ვიყავი ლანჩხუთის პოლიციის უფროსი და ერთხელ _ ოზურგეთის. ჯამში 4,5 წელი გამომივიდა. ყველაფერი რუკაზე მქონდა აღწერილი. შესანიშნავ პროკურორ შოთა ჩხაიძესთან ერთად მომიწია მუშაობა. ყველა ფერმაზე ვიცოდი, ვინ მუშაობდა, რა ხდებოდა. შემცირებული იყო საქონლის ქურდობა. 75% მქონდა გახსნის მაჩვენებელი. საკმაოდ მაღალი პროცენტია ეს. სახლში არ მივდიოდი, არ ვისვენები, სულ ქუჩაში და პოლიციაში ვიყავი. თათბირს ვატარებდი და პოლიციელებს ვეუბნებოდი: ტყიდან შეშით მოდის გლეხი, იმას ნუ აჩერებთ, ძვლივს იშოვა იმ კაცმა 3 ლიტრი საწვავი-მეთქი. ქუჩაში დამნაშავე ართმევს ადამიანს ლუკმა-პურს, იმას დაედევნეთ-მეთქი. ყველა მაღაზიაში შევდიოდი და ვაძლევდი ჩემს პირად ნომერს, ვეუბნებოდი _ ვინმე შეგაწუხებთ, მე დამირეკეთ და ყველა პასუხს აგებს-მეთქი. ასე ვებრძოდით დამნაშავეთა სამყაროს.

_ შემდეგ ისე აღმოჩნდა, რომ პოლიციიდან წახვედით…

_ მე არ წავსულვარ, დაუმსახურებლად გამიშვეს. ამაზე ძალიან ვინერვიულე. ჩემმა ავადმყოფობამ შეიწირა დედაჩემი. 2 წელი ვიყავი მძიმედ. აქედან ერთი წელი ვერ ვდგებოდი საწოლიდან, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არ უნდა დავნებდე და ფეხზე უნდა წამოვდგე. შემდეგ მითხრეს, რომ ნიგვზიანის მაჟორიტარობაზე მეფიქრა.

_ ეს ის პერიოდია, როცა ოპოზიციაში წასვლა სარისკო იყო. მით უმეტეს, ექს-პოლიცმაისტერისგან. რატომ გარისკეთ?

_ როცა ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომ დავიწყე არჩევნებისთვის მზადება. ბათუმში ბანკში მივედი და ჩემი ანგარიში გავხსენი, „ოცნებას“ რა საშუალებაც მქონდა, შემოწირულობა გავუკეთე. როცა სოფელში დავიწყე აქტიურობა და მიხვდნენ, ვმუშაობდი, მითხრეს _ თუ შენ ამას არ ჩამოშორდები, პრობლემები შეგექმნებაო.

_ ეს ღიად გითხრეს?

_ კი, ასე იყო. ჩემი ოჯახი გადავიყვანე ბათუმში. გავარიდე ისინი აქაურობას და რატომ?! არ გამიკვირდებოდა, რომ ჩემთვის ჩაედოთ იარაღი. პოლიციის უფროსი იყო და შენახული ჰქონდაო, იტყოდნენ. ეს არ მინდოდა ჩემს მეუღლესა და შვილებს დაენახათ. არაფერს არ შევუშინდი. მართალია, განაწყენებული დავრჩი პოლიციიდან რომ გამომიშვეს, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. საუკეთესო ყოფილა ხალხთან ასე ახლოს მუშაობა. ნიგვზიანში ხალხს რატომ ვუყვარხარ?! მათ პასუხს ვცემ. შეიძლება რაღაც ვერ გავუკეთე, მაგრამ ავდივარ და ხალხს ღიად ვესაუბრები.

_ სოფელში „დავით აღმაშენებლსაც“ მეძახიაონო, ეს ფრაზა, რომელიც თქვენგან წამოვიდა, საქილიკო თემად იქცა.

_ გეტყვით, რა იყო სინამდვილეში. ჩემს გარეშე მივიდნენ პიროვნებები სალოცავში. იცით, ალბათ, ნიგვზიანში პატარა საფრთხილო საქმეა სალოცავი და მე რომ ვერ დამინახეს, ერთმა იკითხა: „დავით აღმაშენებელი სადააო“. ვინაა, კაცო, დავით აღმაშენებელი _ ჰკითხეს მისულებმა. ვინაა და ბესიკ ტაბიძეო. ამის მერე დაიწყო ამაზე საუბარი. არავითარი პრეტენზია არ მაქვს მეფობაზე. ის იყო უდიდესი ქართველი მეფე და მას თავს როგორ შევადარებ?! ღმერთმა დამიცვას. რაღაცები მეც მაქვს გაკეთებული, მშენებლობები ნიგვზიანში და ამ 4 წელიწადში კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ და დავითის სახელი „რაცხა ნამეტანია“.

_ აბა, ბესიკ აღმაშენებელი?

_ კაი, იყოს ასე, თუ ხალხს სურს.

_ როცა კენჭი უყარეს თქვენს კანდიდატურას, აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრმაც არ დაგიჭირათ მხარი. ამაზე გული არ დაგწყდათ?

_ რა თქმა უნდა, დამწყდა. ჩემზე ამბობდნენ, თურმე რომ აქ იქნებოდა პოლიციის ჩექმა და ა.შ. დაინახეს, რომ არავითარი პოლიციის ჩექმა არ არის. ჩექმა და ვალინკები მანქანაში სულ მიდევს. ერთ მაგალითს გეტყვით: ჩიბათში 200 ოჯახი იყო წყლის გარეშე დარჩენილი. მე, გიორგი ჩახვაძე და „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ბესიკ კუპრაძე ვალინკებით და ჩექმებით ვიყავით ადგილზე. მე ვარ წესრიგს მიჩვეული კაცი. ვამბობ ერთ რამეს, დღეს მოსახლეობას თუ უჭირს, 1400 ლარი გაქვს ხელფასი, შენ ოჯახაშენებულო, კეთილი ინებე და ხალხს მოახმარე შენი ენერგია. დილას მობრძანდი 10-ის ნახევარზე და საღამოს წადი 6 საათზე. მეც შემიძლია, თავმჯდომარე ვარ და წავიდე, ვინ მომთხოვს პასუხს. ვიტყვი არჩეულში ვარ, სადაც საქმის მეტი რა არის. არა, აქ საქმეებია საკეთებელი. თუ ვინმე დაინახავს, რომ ბესიკ ტაბიძე დაჯდება კაბინეტში და გარეთ არ გავა, ნურც ეს ხალხი ნუ გავა. ყველას ვეუბნები თუ საჭიროა ვალინკებიც ჩავიცვათ და უფრო ახლოს ვიყოთ ხალხთან. მე აქ მარტო ნიგვზიანის მაჟორიტარი ხომ არ ვარ, მთელი რაიონის მაჟორიტარი ვარ და მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია მერ ალეკო სარიშვილთან ერთად. ჩვენ გუნდური მუშაობით ვაპირებთ საქმის კეთებას. ამ ტემპს ალბათ მოვუმატებთ, მოკლებას არ ვაპირებთ.

_ ვინ იდგა თქვენ უკან, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე დაგასახელეს?

_ არა, ასე თქმა ვიღაცებს აწყობთ. ბესიკ ტაბიძეს არასდროს უნდოდა პარტიულ სიაში ყოფნა. საამისოდ არ ჰქონდა საქმე. 100 კაციდან 95-მა ხმა მომცა (არჩეულის უბანზე 95,22% აიღო – რედ.). რაიონის მასშტაბით ბესიკ ტაბიძე გავიდა პირველ ადგილზე ასეთი რთული 3 სოფლის მოგებით. პარტიამ დაასახელა ჩემი კანდიდატურა, როგორც საუკეთესო შედეგის მქონესი. ვამბობდი, თუ პარტია დაასახელებს სხვას, თუნდაც დაესახელებინათ ჯოხი, მე მას დავუჭერდი მხარს. თუ გინდა „ქართული ოცნების“ წევრი იყო, უნდა დაემორჩილო პარტიულ გადაწყვეტილებას. ზოგიერთს, ვინც მე ხმა არ მომცა, პარტია ენდო, მათი კანდიდატურა დაასახელა, ხომ შეიძლებოდა პარტიას სხვა დაესახელებინა მათ მაგიერ?! ძალიან ცუდია, როცა პარტიის გადაწყვეტილებას არ ემორჩილები. რაც მოხდა, მე დავივიწყე და პირველივე სხდომაზე ვთქვი _ ძალიან კარგად იცის ყველამ თუ აქ როგორ წავა საქმეები და გავა ეს 4 წელიც და იმ ხალხს შერცხვებათ ამისი.

 _ რომ ჩავარდნილიყო თქვენი კანდიდატურა, მეორედ დააყენებდით?

_ არა, რატომ იცით, მე თავმოყვარე ადამიანი ვარ. იმხელა ნერვიულობა განვიცადე ამაზე, რომ განმეორებით კენჭისყრას არ ვაპირებდი. დავრჩებოდი ერთ რიგით დეპუტატად, არც ერთ თანამდებობას არ დავიკავებდი. ჩემი ნიგვზიანელების გულშემატკივრად დარჩებოდი საკრებულოში, როგორ მათი რჩეული. მათ ხმა მომცეს და ოდესმე მივატოვებ! რას ვფიქრობ იცით, ეს ტვირთი როგორ ვზიდო.

_ ბატონო ბესო, შვილებზეც გვითხრათ ორიოდე სიტყვით?

_ ჩემის შვილს მარიამი ბებიის მარიამ ტაბიძის საპატივცემულოდ დავართქვი. კერძო სისტემაში მუშაობს, ბათუმში, დირექტორია. ეს ფირმა ემსახურება უცხოელი ტურისტების ჩამოყვანას საქართველოში, ასევე ტურისტებს სთავაზობს ახალაშენებულ ბინებს. საკმაოდ წარმატებულია. დაიწერა, რომ მაღალი ხელფასი აქვსო. ნეტავ 20 ათასი ჰქონდეს. მართლაც ნიჭიერი გოგოა. გეტყვით როგორი ტიპია _ ნიგვზიანში გვყავს ერთ მოსახლე, რომელსაც სახლი დაეწვა, 4 შვილის პატრონია. ბათუმში ერთ შვილი მიყვანილი ჰყავდა ექიმთან. ოჯახს არ ჰქონდა ექიმისთვის გადასახდელი ფული. ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო ჩემი მარიამი, იკითხა რამდენი იყო გადასახდელი და გადაიხადა. მეორე დღეს დატვირთული მივიდა საავადმყოფოში და რაღაცები მიუტანა ბავშვს. როცა შეხვედრა მქონდა ნიგვზიანში, ჩემი შვილიც იყო. იცნო ამ ოჯახმა და მადლობა გვითხრა.

შვილებთან ერთად | წინასაარჩევნო კამპანია, 2024 წ.

მამაჩემის, ვახტანგის სახელი ჰქვია ჩემს ბიჭს. ძალიან მინდოდა მამაჩემის სახელი გაცოცხლებულიყო, მეუღლეც მიჭერდა ამაში მხარს. მე-11 კლასელია, ბათუმში სწავლობს, ახლა გადმოვიყვანე აქეთ და ხაჯალიის სკოლაში აგრძელებს სწავლას. ფეხბურთელია. „გურიას“ რიგებში ძირითად შემადგენლობაში უთამაშია. მინდა ჩვენს გუნდს დაეხმაროს. მე ფეხბურთი უსაშველოდ მიყვარს და ყველაფერს გავეკეთებ, მან ფეხბურთი რომ ითამაშოს. ჩვენი „გურიას“ ისტორია იცის, ისიც, რომ დღეს მესამე ლიგაში ვართ და მინდა წვლილი შეიტანოს მომავალ წარმატებებში.

_ ზემოთ ახსენეთ, სულ გადატვირთული გრაფიკით მიწევს ცხოვრებაო. ოჯახი როგორ ეგუება ამას?

_ მიჩვეულნი არიან. ჯერ კიდევ პოლიციაში ჩემი მუშაობის დროს მიეჩვია მეუღლე ჩემს არანორმალურ სამუშაო გრაფიკს. ისე გვერდით მაქსიმალურად მიდგას და ეს ძალას და ენერგიას მმატებს.

_ ბატონო ბესო, ამ გადატვირთული გრაფიკთან ერთად თამადობას როგორ უთავსებთ?

_ 150 ქორწილში ვიქნები ნათამადარი. ბევრს გული დავწყვიტე, ვერ მოვახერხე თამადობა. 800 კაციან ქორწილში მომიწია პირველი თამადობა. მაშინ სეფები იყო. როცა ფეხზე წამოვდექი, ბოლოს მსხდომებს ვერც კი ვხედავდი, 6 მოადგილე მყავდა. ქართული ტრადიციები მიყვარს და შვილებსაც იგივეს ვასწავლი.

_ ბოლოს ერთი შეკითხვაც მინდა დაგისვათ, რამდენჯერმე ახსენეთ, ხალხს უჭირსო. პრემია რომ აიღეთ, უხერხულად არ იგრძენით თავი?

_ (მცირე პაუზა) ხელფასის 50% ავიღე მეც და სხვებმაც. მგონი, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. წახალისება ყველა ადამიანს სჭირდება. ამით არ იქცევა მგონია ქვეყანა. შეიძლება, ეს აღიზიანებს მოსახლეობას, მაგრამ ჩვენ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. როცა გითხარით, „ვალინკებით“ ჩიბათში ვიყავი-მეთქი, მერე ერთ ოჯახში სამძიმარზე გამოვიარეთ, ძალიან გაუკვირდათ, ასეთ ფორმაში რომ დაგვინახეს. მოკლედ, ჩვენ მანდატი მოგვცა მოსახლეობამ და ამას გამართლება უნდა. არ მინდა ბევრი ბარიერი იყოს, ბიუროკრატიულ ბარიერებს ვგულისხმობ. ეს უნდა გაიოლდეს და აქედან უნდა დავიწყოთ საქმის კეთება. აქ ამდენი ფურცლები რომ მიდევს, ნაძვის ხის გაწყობას კი არ ვაპირებ, ყველაზე მიწერია, რა არის გასაკეთებელი, ვის რა დავავალე, ყველაფერს ხომ ვერ დავიმახსოვრებ. მერე ვამოწმებ, რა გაკეთდა და როგორ. ჩვენ გუნდური პრინციპით შევძლებთ უკეთეს ლანჩხუთში ცხოვრებას. დღეს ბევრია გასაკეთებელი და სამუშაო.

„გურია თუდეი“, #08, 2018 წ.

რას ჩივი?