„გურიამ“ ახალი სეზონისთვის მზადება თითქმის დაასრულა. რამდენიმე დღეში ჩემპიონატი იწყება.
ლანჩხუთელებმა პირველი მოგება მეორე საკონტროლო მატჩში იზეიმეს. თბილისის „მერანთან“ (3:1) ანგარიში ისეთი გოლით გახსნეს, ნებისმიერი ევროპული ტოპ ლიგა მოაწერდა ხელს. „გურიას“ ახალწვეული და კაპიტანი დათა სიჭინავა ჯარიმიდან გატანილი გოლებით განთქმულია და ეს ლანჩხუთელთა მაისურით პირველად მოახერხა. ყოფილ კლუბში დაბრუნება გოლით აღნიშნა დავით მაისაშვილმა, ხოლო სადებიუტო გოლი სანდრო ხუნდაძეს გამოუვიდა.
მანამდე გურულებმა ფრედ (1:1) ითამაშეს დედაქალაქურ „ორბისთან“, რომლის ღირსებასაც „გურიას“ ექს-კაპიტანი ბექა ბერიძე იცავს. შეხვედრაში და „გურიას“ რიგებში ანგარიში თორნიკე კაპანაძემ, იგივე „ელვამ“ გახსნა.
16 თებერვლიდან ლანჩხუთელებმა ორკვირიანი შეკრება ქობულეთში გაიარეს, სადაც პირველი ტესტ-მატჩში ლიგა-2-ის ბინადარ მარტვილის „მერანთან“ გამართეს. პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა. მეორეს დასაწყისში თორნიკე კაპანაძემ გურულები დააწინაურა. მალევე გოჩა ტყებუჩავამ ლამის მთელი შემადგენლობა (10 მოთამაშე) შეცვალა.

„გურიას“ ახალი ლოგო
ამის შემდეგ, მარტვილელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს და მოგებაც მათ დარჩათ _ 2:1.
სამაგიეროდ, ჯავრი სხვა მეგრულ კლუბზე იყარეს _ ლანჩხუთელებმა ფოთის „კოლხეთი-2“ 7:0 დაამარცხეს. ჰეთ თრიკი ლუკა ჩაგანავამ შეასრულა, თითოჯერ თავი კახა კახაბრიშვილმა, დავით მაისაშვილმა, სანდრო ხუნდაძემ და იოანე ტაბატაძემ გამოიჩინეს.
სხვათა შორის, გასულ სეზონში „გურიამ“ იმავე გუნდს ერთხელაც ვერ მოუგო (შინ 0:0 ეთამაშა, სტუმრად კი სულაც 2:3 წააგო).
ბოლო ამხანაგური შეხვედრა გურულებმა 27 თებერვალს ბათუმის „ვესტ ჯორჯიასთან“ გამართეს და მათაც დიდი ანგარიშით (6:1) მოუგეს. დუბლი კახა კახაბრიშვილმა შეასრულა, თითოჯერ თავი დავით მაისაშვილმა, სანდრო ხუნდაძემ, ლუკა ქოქოსაძემ და თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინეს.
„გურიას“ ამხანაგური შეხვედრები
10.02. ორბი (თბილისი) _ „გურია“ 1:1
გოლი: კაპანაძე
14.02. მერანი (თბილისი) _ გურია 1:3
გოლები: სიჭინავა, მაისაშვილი, ხუნდაძე
18.02. გურია _ მერანი (მარტვილი) 1:2
გოლი: კაპანაძე
23.02. გურია _ კოლხეთი-2 7:0
გოლები: ჩაგანავა (3), კახაბრიშვილი, მაისაშვილი, ხუნდაძე, ტაბატაძე
27.02. გურია 6:1 ვესტ ჯორჯია
გოლები: კახაბრიშვილი (2), მაისაშვილი, ხუნდაძე, ქოქოსაძე, კაპანაძე
სულ „გურიამ“ 5 ამხანაგური შეხვედრა გამართა, ერთ თანალიგელს და 2 ქვედა ლიგაში მყოფს მოუგეს, კიდევ ერთ თანალიგელთან ფრედ ითამაშა და ერთადერთხელ წააგო, ისიც _ ზედალიგელთან, ბურთების სხვაობაც მშვენიერია _ 18:5-ზე.
18 გოლი 8 ფეხბურთელმა გაიტანა, აქედან 5-მა შეძლო 3-3 გოლის გატანა: კაპანაძემ, მაისაშვილმა და ხუნდაძემ სამ-სამ შეხვედრაში გამოიჩინეს თავი, კახაბრიშვილმა ერთხელ დუბლი შეასრულა, ხოლო ჩაგანავამ სამივე ერთ შეხვედრაში გაიტანა.
„გურიას“ მწვრთნელებმა ამ ხუთ შეხვედრაში შემდეგი ფეხბურთელები ნახეს საქმეში: ლევან ისიანი, კიჭი მელიავა, ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი, ნოდარ იაშვილი, ცოტნე ჩოთალიშვილი, ნიკა ნოზაძე, ლუკა ჩაგანავა, კახა კახაბრიშვილი, დათა სიჭინავა, თორნიკე კაპანაძე, თორნიკე შარაშენიძე, რევაზ ლომიძე, ნიკა კოკაია, ვანო წილოსანი, დავით კიკალიშვილი, დავით გამბაროვი, ნოდარ ქავთარაძე, ლუკა ქოქოსაძე, ანდრო ხოროიშვილი, ვანო ოქროპირიძე, ლაშა ახალაია, ვანო შარვაძე, თემურ ილურიძე, სანდრო ხუნდაძე დაიოანე ტაბატაძე
საბოლოო შემადგენლობა, რომელიც ლიგა-2-ში გადასასვლელად იბრძობს, ამ დღეებში გახდება ცნობილი. „გურია“ პირველ შეხვედრას 5 მარტს, თბილისში „ლოკომოტივთან“ გამართავს.


