ლანჩხუთი ხვალ უკანასკნელ გზაზე გააცილებს თავის გამორჩეულ შვილს, რამიზა ჩხაიძეს. დიახ, არ დავწერეთ „რამიზ ჩხაიძე“, რამეთუ იმ ერთ ასოში ლანჩხუთელთა დიდი სიყვარულია _ რამიზათი იცნობდნენ ლანჩხუთში და ღარიბმა აცანელმა ბიჭმა სიცოცხლეშივე ლეგენდად აქცია სახელიც და ასევე ბრენდად ქცეული მეტსახელი – რტჩ! ორივე სახელის სხენებაზე უმალ ლანჩხუთში პირველი გასტრონომი „ოჯახური“ და მისი დამაარსებელ-სულისჩამდგმელი „ტელმაგიჩი“ ამოტივტივდება გონებაში. ლანჩხუთის ვაჭრობის დარგის კოლორიტულმა წარმომადგენელმა დიდ წარმატებას მიაღწია თბილისშიც.
სამწუხაროდ, 75 წლის ასაკში, მძიმე სენთან ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა. მას თბილი სიტყვებით ემშვიდობებიან ლანჩხუთელები. განსაკუთრებით ემოციურია შვილის, მაკა ჩხაიძის ფეისბუქპოსტი:

ბატონი რამიზი მეუღლესთან, ლანჩხუთის ბულბულად წოდებულ გუგული წერეთელთან ერთად
„ბევრი იბრძოლე, მაგრამ ბოლოს მაინც დანებდი… გატან დიდ სიყვარულს, უსაშველო მონატრებას, ჩემს გულს, იცი, ვისთანაც… ჩემთან არასდროს გიხსენებია, ისე წახვედი, ხილვები გქონდა, მაგრამ ანის არასდროს ახსენებდი, ცრემლიანი თვალებით მიყურებდი… დედაჩემი გესიზმრა თეთრი კაბით იყო, სასაფლაოს ჭიშკართან იდგაო… ჩაგიხუტებს მის უსაყვარლეს რამიზუნის. შენი დაკრძალვაც მისი გარდაცვალების დღეს, 30 აპრილს დაემთხვა… ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც შენ და დედას გინდოდათ, თქვენ მომცემთ ამის ძალას იმიერიდან! მიყვარხარ, მა, უფალმა დაუმკვიდროს შენს სულს ცათა სასუფეველი“.
ხათუნა გუჯაბიძე: „როგორ მეწყინა, რა საყვარელი ადამიანი იყო ჩვენი „რტჩ“. ძალიან კეთილი ბუნების, ხალისიანი, გამამხნევებელი, ენერგიული… ძალიან სამწუხაროა, უფალმა ნათელში დაამკვიდროს მისი სული“.
დოდო მშვიდობაძე: „რაიონს დააკლდა, ყველას დაგვაკლდა სიკეთით სავსე ადამიანი. დიდუბის ტაძრის მიდამოებში თუ ვინმე გაჭირვებული იყო, ყველას ეხმარებოდა. მე თვითონ ვარ თვითმხილველი, როგორ ხარობდნენ მის გამოჩენაზე, ყველას დამპურებელიიყო. ღმერთმა გაანათლოს კაცური კაცის სული!“
სიმონ ღლონტი: „ლანჩხუთმა დაკარგა დიდებული ადამიანი შესანიშნავი მამა, ბაბუა, მეგობარი… ყველას გაჭივრების გულთან მიმტანი, ყველას გულშემატკივარი, ძალიან მენანები, ჩემო ტელმაგიჩ, შენ იყავი ნამდვილი კაცური კაცი, უბოროტო,უღალატო ადამიანი. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი“.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს რამიზ ჩხაიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.
ასევე წაიკითხეთ: „არასდროს დამავიწყდება, ფეხი ავიდგი ჩაიზე, ყველას გკოცნით და გეხვევათ თქვენი რამიზა ჩხაიძე“ _ ჩვენი „რტჩ“ 75 წლისაა! https://shorturl.at/5y5zP