სულ მალე მისი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვა, რომელშიც დიდი ადგილი მშობლიურ „გურიას“ დაეთმობა. სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტსა და „გურიას“ სახელოვან ფეხბურთელს გასახსენებელი მართლაც ბევრი აქვს. ერთ-ერთია 1989 წლის მაისში გამართული მატჩი „გურია“-ცსკა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიიდან ერთ თვეში ჩატარდა.
სწორედ ამ მატჩის აქამდე უთქმელ ისტორიას მერაბ ჟორდანია იხსნებს:
_ შეხვედრას საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის ძალიან დიდი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან 9 აპრილის შემდეგ მოსახლეობის განწყობა მძიმე და დეპრესიული იყო. საჭირო იყო ისეთი ზეაღმატებული გამარჯვება, რომელიც გაამხნევებდა დათრგუნულ ხალხს და კვლავ წელგამართულად გაგრძელდებოდა სვლა დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ გზაზე.
ეს თამაში სწორედ ასეთი გამარჯვების მეტაფორად უნდა ქცეულიყო, რამეთუ „გურია“ უნდა შეხვედროდა გუნდს, რომელიც სწორედ იმ საბჭოთა არმიასთან ასოცირდებოდა, რომელიც იმ სისხლიანი ღამის შემოქმედი იყო. რაც შეეხება თვითონ გუნდს, მოსკოვის „ცსკა“ იმ დროინდელ საბჭოთა კავშირში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეს იმითაც დამტკიცდა, რომ სულ რაღაც 2 წელიწადში გუნდი იმავე მწვრთნელით და შემადგენლობით საბჭოთა კავშირის ბოლო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონატისა, სადაც უკანასკნელად ითამაშეს უკრაინულმა გუნდებმა: კიევის „დინამომ“, „შახტიორმა“, „დნეპრმა“, „მეტალისტმა“ და „ჩერნომორეცმა“.
„ცსკა“-ს იმ დროს საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი პაველ სადირინი ხელმძღვანელობდა. შემადგენლობაში კი იყვნენ ისეთი დონის ფეხბურთელები, რომელთა გვარების გახსენება იმდროინდელ გულშემატკივარს იოლად მიახვედრებს გუნდის სიძლიერეს: მასალიტინი, ბროშინი, კუზნეცოვი, კორნეევი, ტატარჩუკი და ბევრი სხვა უძლიერესი ფეხბურთელი. ამ მოთამაშეების სიძლიერე რომ წარმოგიდგინოთ, გეტყვით, გაიხსნა თუ არა საზღვრები და შესაძლებელი გახდა უცხოურ კლუბებში გადასვლა, მე და იგორ კორნეევი ვიყავით პირველები, რომლებიც უცხოურ კლუბებში ჩავირიცხეთ: მე ჰოლანდიის „ჰეირენვენში“ (ვაჟა ჟვანიასთან ერთად), ხოლო იგორი _ როტერდამის „ფეინოორდში“, სადაც ერთი სეზონი ითამაშა და შენდეგ „ბარსელონამ“ იყიდა. დიახ, არ გაგიკვირდეთ, ესპანურმა გრანდმა! ჩვენი ტრანსფერი კი არ შედგა, რადგან საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში არცერთი შეხვედრა ჩატარებული არ გვქონდა და იმ დროინდელი კანონებიდან გამომდინარე ეს დაუშვებელი იყო.
… წესისამებრ, შეკრებაზე ჩვენთვის საყვარელ და იმ დროისთვის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კეთილმოწყობილ ბაზაზე გრიგოლეთში, ზღვის პირას, ფიჭვნარში ვიმყოფებოდით, სადაც პირობები მართლაც იდეალური იყო და დღესაც კარგად მახსოვს ჩვენთვის საგანგებოდ მომზადებული და მაცივარში შენახული ასკილის წვენი.
ჩვენი მეგობარი რამაზ ცხოვრებაშვილი, იგივე ბულუცა, რომელიც ძალიან დიდი კონკურენციის გამო ხანდახან 18-კაციან შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, შეკრებაზე მაინც ყოველთვის ასკილის წვენის ხათრით რჩებოდა.
ყველას კარგად ესმოდა, რა მნიშვნელობის თამაში გვქონდა წინ და გუნდის ყველა წევრი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა, ამიტომაც მზად იყო, გაეწირა თავი. 9 აპრილის მოვლენებზე პირველი პასუხი სწორედ იქ უნდა გაცემულიყო.
…
მატჩის წინა დღეს ალბერტ ლომაძის სტუმრობას მოუთმენლად ველოდით, საგანგებო მოლოდინი კი მაინც მე მეტყობოდა, რადგან მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებდა. ჩემი წინაპრები წარმოშობით ლანჩხუთიდან იყვნენ, თანაც ბატონი ალბერტი ჩემი მეზობელიც გახლდათ. ბაბუაჩემის საგვარეულო სახლი და ალბერტის სამოსახლო ერთმანეთს უყურებდა.
რაც შეეხება ბატონი ალბერტის სტუმრობას, ასე ვთქვათ, ერთგვარი რიტუალის სახეს ატარებდა. მატჩის წინა საღამოს ჩვენს ბაზაზე შემოდიოდა შავი გაზ-24-ით და მე მასთან ერთად 10-15 წუთის განმავლობაში ფიჭვნარში, ზღვის პირას ვსეირნობდი და თან მომდევნო დღის მატჩის შესახებ ვსაუბრობდით.
ჩვეულებრივი საღამო იყო, ბადრი დანელია, ოთარ კორღალიძე და გია გურული ჯოკერს თამაშობდნენ, გუნდის უფროსი მწვრთნელი მიხეილ ფომენკო, რომელიც 1975 წლის ლეგენდარული კიევის „დინამოს“ წევრი იყო, საკუთარ საცხოვრებელ კოტეჯში წავიდა, რათა რომელიმე ფეხბურთელს სიგარეტის მოწევის დროს არ გადაჰყროდა და უხერხულ მდგომარეობაში არც საკუთარი თავი და არც მოთამაშე არ ჩაეგდო.
მან კარგად იცოდა, რომ გუნდი პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული და თან ყველანი ისეთ ასაკში ვიყავით (28-31), რომ კარგად ვიცოდით, რა იყო რეჟიმი და მომზადება ანუ არცერთი ჩვენგანი რჩევა-დარიგებას არ საჭიროებდა.
„გურიას“ ორი ლეგენდა, კლუბის საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი თემურ ჩხაიძე და გიგლა (ჯიმი) იმნაძეც იქ იყვნენ. მათი როლი გუნდის ამ წარმატებაში და საერთოდაც, ამ გუნდის ისტორიაში ფასდაუდებელი და განსაკუთრებულია. იმ ოთახს, სადაც ბიჭები კარტს თამაშობდნენ, მაინც და მაინც არ ვსტუმრობდი, რადგან ისეთი ბუღი იდგა, ერთმანეთის დანახვაც კი შეუძლებელი იყო. კარტის თამაშის დროს შეცდომის დაშვება ოთარსა და ბადრის შორის გინებით სრულდებოდა, თუმცა ისიც კარგად ვიცოდი, რომ მეორე დღეს მარჯვენა ფლანგზე, სადაც ორივეს უწევდა თამაში (ბადრი დანელია მარჯვენა მცველი იყო, ოთარ კორღალიძე კი ნახევარდაცვაში მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა), როგორც ნამდვილ პროფესიონალებს შეეფერებათ, ერთმანეთის შეცდომის გამოსასწორებლად მინდორზე თავს შეაკლავდნენ მოწინააღმდეგეს. როგორც ყოველთვის, გია გურული ისეთ ხმაზე იცინოდა, სასოწარკვეთილი ქალის კივილს მოგაგონებდათ.

ეს 1976 წელს გამართული „გურია“-„ცსკას“ სათასო მატჩის სამახსოვრო ფოტოა. მაშინ გაიცნო საბჭოთა საფეხბურთო სამყარომ „სოფლის გუნდი“, რომელიც 10 წელში „დუნიას გადარევს“ [„გურიას“ დამატებით დრო ეკუთვნოდა, ცსკა-ს კი მოგება არ დაუმსახურებია“… როდის დაიწერა „ფუტბოლ-ხოკეის“ სტატია _ „წერტილი რუკაზე“ _ იხ. ბმული: https://shorturl.at/aclFI
ამ დროს ერთადერთი, რაც მაფიქრებდა, ის იყო, რომ გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, გოჩა ტყებუჩავას თამაშის გამოტოვება უწევდა. გოჩა თითქოს სწორედ ასეთი მატჩებისთვის იყო დაბადებული, შეხვედრებისთვის, სადაც მისი აზარტი ისეთ პიკს აღწევდა ხოლმე, რომ კიდევ ერთ მისსავე ტემპერამენტის მქონე ფეხბურთელთან ერთად, ვგულისხმობ დათო ცომაიას, თუ მოწინააღმდეგის ფეხებს ვერაფერს დააკლებდა, ორივე მათგანი ლანჩხუთის კარგად მოვლილი სტადიონის მინდვრის ბალახის ჭამას იწყებდა, რათა როგორმე საკუთარ თავში დაეცხროთ ეგზალტირებული მდგომარეობა და წითელი ბარათი არ მიეღოთ. ამ თამაშს გოჩა ტოვებდა და მის ადგილს მერაბ თევზაძე იკავებდა, რომელმაც, წინასწარ გაგიმხელთ, ისე შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რომ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
როდესაც ჩვენი გუნდის სიძლიერეზე ვსაუბრობ, პირველ ყოვლისა, ჩვენს გუნდში არსებულ მეგობრულ ატმოსფეროს ვგულისხმობ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩემი ფეხბურთში ყოფნის 50 წლისა და 6-7 ქვეყანაში მოღვაწეობის განმავლობაში ასეთი მეგობრული და ერთ მუშტად შეკრული გუნდი ნამდვილად არ შემხვედრია. ამ ერთსულოვნებას დიდწილად განაპირობებდა ის ტრადიცია, რომელიც დამკვიდრებული იყო ლანჩხუთის „გურიას“ ისეთი ლეგენდარული ხელმძღვანელების მიერ, როგორებიც იყვნენ: ევგრაფ შევარდნაძე, შალვა კაკაბაძე (გუნდის უფროსი მწვრთნელი 23 წლის განმავლობაში, ასეთი პრეცედენტი მსოფლიოს არ ახსოვს), ნოშრე ნარიაშვილი, ბუტა ჟორდანია, იმედო დუნდუა, ბეგი სიხარულიძე და მათი საქმის ღირსეული გამგრძელებლები: თემურ ჩხაიძე და გიგლა იმნაძე, რომლებიც იმ დროს გუნდის თავკაცები იყვნენ.
რაც შეეხება ჩვენს გუნდში შექმნილ მეგობრულ ატმოსფეროს (ამას ფეხბურთელები უფრო გამიგებენ), უნდა გენახათ, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ, პირველ ყოვლისა ერთ პოზიციაზე მოთამაშე ერთმანეთის კონკურენტებს: მეკარეებს – ავთო ქანთარიასა და მამუკა აბუსერიძეს, მარცხენა მცველებს – გოჩა ტყებუჩავასა და მერაბ თევზაძეს, თავდამსხმელებს– გია გურულსა და დათო უგრელიძეს, ლევან ბარათაშვილსა და მიხეილ მესხს (უმცროსი), საერთოდაც კი ჩემი, გია გურულის, ოთარ კორღალიძის, ლევან ბარათაშვილის, მიხეილ მესხის, ბესო ფრიდონაშვილის, ბადრი დანელიას და ზოგადად მთელი გუნდის მეგობრობა მართლაც იდეალური იყო…
…
დაბნელდა და ბიჭებმა ისე, რომ არაფერი უკითხავთ, მხოლოდ გაკვირვებული თვალებით შემომხედეს, რადგან კლუბის ხელმძღვანელი იგვიანებდა. ჩვენ, ცხოვრებაშიც და მინდორზეც, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმოდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხეილ ფომენკო, რომელიც, როგორც გითხარით, ჩვენთან ერთად საერთო შენობაში კი არა, არამედ ოჯახთან მისთვის განკუთვნილ ფინურ კოტეჯში ცხოვრობდა, რაიკომის მდივნის სტუმრობას არ დაელოდა და დასაძინებლად კოტეჯისკენ დაიძრა. ამით მან ყველას მიანიშნა, რომ სიახლეები არ აინტერესებდა და ბრძოლისთვის ამის გარეშეც მზად იყო.
იმ დღეს პირველად იყო, რომ ბატონი ალბერტი არ მოვიდა, ზოგაგად ასეთი რამ არასდროს მომხდარა, შესაბამისად ყველას გვეხამუშა ეს უცნაური გაუჩინარება. მე ცოტა ხანს კიდევ ვიარე და რადგან გია გურული უჩემოდ დასაძინებლად არ მიდიოდა, ყარაულის ჯიხურიდან ავკრიფე რაიკომის მდივნის ტელეფონის ნომერი. კარგად მახსოვს, მისი ხმის გაგონებისას მაშინვე მივხდი, რომ ჩვენი მდგომარეობა მას საგანგაშოდ მიაჩნდა… ალბერტ ლომაძემ სასოწარკვეთილი ხმით სწრაფად მითხრა, რომ მოსკოვური დელეგაცია, როგორც ეს საერთოდაც ხდებოდა, თამაშის წინა დღეს არ ჩამოფრინდა და მას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ სად და როდის ჩამოვიდოდა გუნდი.
მან მხოლოდ ის იცოდა, რომ კლუბი საქართველოში სპეციალური რეისით ჩამოფრინდებოდა, თვითმფრინავი ბათუმის ან კოპიტნარის აეროპორტში დაეშვებოდა და ლანჩხუთში მათი ჩამოსვლის საათს მხოლოდ თამაშის დღეს აცნობებდნენ.
ბატონ ალბერტს მიაჩნდა, რომ განწირულნი ვიყავით, რადგან მოსკოვში წარგზავნილმა მისმა წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ „ცსკა“ სპეცრეისით სწორედ თამაშის დღეს მოფრინავდა, რათა 9 აპრილს დატრიალებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო. ბატონმა ალბერტმა იცოდა ის, რომ გუნდს „გამარჯვების დავალება“ თავდაცვის სამინისტროდან უკვე მიღებული ჰქონდა. ასე ხდებოდა საბჭოთა პერიოდში „ცსკა“-ს ფეხბურთელები ჯარისკაცებად ითვლებოდნენ ანუ ფეხბურთის თამაში მათ ჯარში მსახურებად ეთვლებოდათ, ხოლო თუ ზემდგომი ორგანო განსაკუთრებულ შემთხვევაში რაიმეს დაავალებდა და გამარჯვებას მოსთხოვდა, ეს გაიგივებული იყო სამხედრო დავალებასთან და მისი შეუსრულებლობა მკაცრ სასჯელს ითვალისწინებდა. ამ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელისგან მსმენია, რომ დასჯა ხანდახან წყალქვეშა ნავზე სამსახურს ითვალისწინებდა.
ალბერტ ლომაძის მიერ მოსკოვში მივლენილი ემისრების ინფორმაციით, გუნდი ჩამოდიოდა იმავე საბრძოლო განწყობით, როგორითაც ჩვენ უნდა გვემასპინძლა. აი, ეს ინფორმაცია სულმოუთქმელად გადმომცა მან.
დაძინების წინ ყველა ოთახში შევიხედე, ბიჭები განსაკუთრებით კი ოთარ კორღალიძე, გია გურული და ბესო ფრიდონაშვილი, რომლებსაც ჩემთან ერთად ყოველთვის გოლების გატანა ევალებოდათ, კარგ ხასიათზე იყვნენ. ეჭვი არ მეპარებოდა და ვგრძნობდი, რომ მეორე დღეს თუ მიზანს ვერ მივაღწევდით და საქართველოს ნანატრ გამარჯვებას ვერ მოვუტანდით (არადა ქვეყანა ხომ მართლაც ამ შეხვედრის მოლოდინით ცხოვრობდა), მოედანს მაინც თავაწეულები დავტოვებდით.
…
თამაშის დღეს, დილის მოთელვით ვარჯიშზე მიხეილ ფომენკომ არაფერი შეცვალა და ხაზი აღარ გაუსვა შეხვედრის მნიშვნელობას იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენს პროფესიულ კარიერაში უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვემზადებოდით, რომლის მსგავსი არსად და არასოდეს გვითამაშია. სწორედ ამ დროს ოთახში ბატონმა კოტე მახარაძემ შემოგვიხედა, რომელიც რეპორტაჟის წასაყვანად ლანჩხუთში სპეციალურად ჩამოვიდა – აბა, თქვენ იცითო, გვითხრა და ეს სიტყვები ჩვენთვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმული იყო…
9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ წნეხი ძალიან დიდი იყო და ჩვენი მხრიდან ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაღებული ჩვენი წილი თავდადება. არ ვაჭარბებ, ეს ნამდვილად იყო იმდროინდელი რეალობა. თამაშამდე დაახლოებით 3-4 საათით ადრე, როდესაც მე, გია და ოთარი დაძინებას ვაპირებდით, გაიღო გრიგოლეთის ბაზის კარი და შემოვიდა „შავი გაზ-24“.
დღეს, როდესაც იმ მომენტს ვიგონებ, მიუხედავად იმისა, რომ „ცსკა“ ჩვენზე ბევრად უკეთესი გუნდი იყო, ჩვენს საპირწონედ იდო ჩვენი სახელი, ეროვნული ღირსება და საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება. მართლაც მეამაყება ის, რომ მე მაშინ იმ ლეგენდარული გუნდის წევრი გახლდით.
ჩვენ უკვე ვიცოდით, ცსკა-ს ფეხბურთელებს რა დავალება ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ისიც კარგად გვესმოდა, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვჯდომოდა, არ უნდა გაგვეცრუებინა ქართველი ხალხის იმედები. იმ ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე ყველაფრის შეცნობა გვაძლიერებდა და მხნეობას გვმატებდა.
ჩემი ლიდერის პოზიციაზე ყოფნა და ალბერტ ლომაძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა არც მთავარ მწვრთნელთან და არც ფეხბურთელებთან უხერხულობას არ ქმნიდა, იმდენად ერთ მუშტად იყო შეკრული გუნდი და იმდენად სუფთა და გულწრფელი იყო ჩვენი მეგობრობა.
გუნდში ჩემი მისვლის შემდეგ ალბერტის გარდა ლანჩხუთელებს და თავად ბადრი დანელიასაც (გუნდის კაპიტანს), სურდათ კაპიტნის სამკლაურის ჩემთვის გადმოცემა. არ დავეთანხმე (თუმცა ბადრის ძალიან უნდოდა, ჩემთვის გადმოეცა ეს მისია, რადგან რუსეთში რუსულ ენაზე ინტერვიუების მიცემა აღარ მოუწევდა). ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი ისედაც იდეალური ურთიერთობა, თუმცა რუსეთში ინტერვიუების მიცემა ბადრის ნაცვლად უბრალოდ მე შევითავსე.
და აი, ალბერტთან ერთად კვლავ გავედი ზღვის მხარეს, დღესაც კარგად მახსოვს მისი განადგურებული სახე, აი ისეთი, სიტყვებით რომ ვერ აღწერ.

„ლანჩხუთის მილიციის თანამშრომელი, ვიფიქრე, ჩვენს დასაშოშმინებლად შემოვიდა, დავინახე, ტაბელური „მაკაროვის“ ამოღებას აპირებდა და თან გურული აქცენტით ღრიალებდა: დავხვრეტ ამათ ადგილზე!“ | 1989 წლის მაისი. „გურია“-„ცსკა“
აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი პრინციპული თამაშის წინ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიაზე არავინ საუბრობდა. ჩვენი მიზანი სულ სხვა სიდიადის იყო, 90 წუთის განმავლობაში უნდა გაგვეღო ყველაფერი, რათა ამ ტრაგედიითა და უსამრთლობის განცდით დათრგუნული ადამიანები რაღაცით მაინც გვენუგეშებინა. მე, შეძლებისდაგვარად, დავამშვიდე და დავპირდი, რომ თუ თამაშს ვერ მოვიგებდით (რისი ალბათობაც ძალიან დიდი იყო), ყველაფერს დავდებდით, რათა ღირსეულად დაგვეტოვებინა მოედანი. ჩემმა თავდაჯერებულობამ სასოწარკვეთილ ლომაძეს გუნება-განწყობა ოდნავ გამოუსწორა და მითხრა, რომ ბიჭებთან შეხვედრა სურდა _ ისედაც ასტრონომიული ოდენობის პრემიის გაორმაგების შეთავაზებით. როდესაც ვუთხარი, რომ ბიჭებს ძალიან აწყენინებ-მეთქი, გაიღიმა, გადამკოცნა და მითხრა, რომ გულის სიღრმეში ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ ჩემი პასუხი ასეთი იქნებოდა.
მატჩამდე 3-4 საათი რჩებოდა, რაც საკმაოდ დიდი დრო იყო და ეს ჩვენი ფიზიკური და ემოციური გადაღლილობის გაღრმავების ალბათობას საგრძნობლად ზრდიდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე და გიამ კარგად გამოვიძინეთ, ოთარმაც შემოგვიარა. ისიც დასვენებული ჩანდა, ხოლო როდესაც წინასამატჩო შემადგენლობის გამოსაცხადებელ ოთახში ვიკრიბებოდით, ვუყურებდი რა ჩემს თანაგუნდელებს, მეამაყებოდა და საბრძოლო ჟინი მემატებოდა.
ამჯერადაც, ისე როგორც ყოველთვის, მეკარეები მამუკა აბუსერიძე და ავთანდილ ქანთარია გვერდიგვერდ ისხდნენ. ვუყურებდი რა ჩემს თანაგუნდელებს – ბადრი დანელიას, მერაბ თევზაძეს, დათო ცომაის, ოთარ კორღალიძეს, გია გურულს, ბესო ფრიდონაშვილის, დათო უგრელიძეს, მერაბ კაციტაძეს, თემურ გაბისაშვილს, ასევე მიხეილ მესხს და ლევან ბარათაშვილს, რომლებიც იმ დღეს ძირითად შემადგენლობაში არ დასახელდნენ, თუმცა მიშა და ლევანი თავიანთი ნიჭით ქართული ფეხბურთის ისტორიაში მართლაც გამორჩეულები იყვნენ და იმ დღეს ორივე მათგანი მზად იყო, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ჩვენთაგანი შეეცვალა. ჩვენ მაშინ დამარცხების შიში კი არა, გამარჯვების ხალისი გვაერთიანებდა.
…
თამაში იმდენად დაძაბული იყო, რომ როდესაც 35 წლის შემდეგ „იუთუბზე“ ამ კადრებს ვუყურებ, ტანში ჟრუანტელი ძველებურად მივლის. ისეთი უხეშობა იყო, თამაში ორჯერ თუ სამჯერ იმდენი ხნით შეჩერდა, რომ თითქმის ჩაშლის პირამდე მივიდა. მახსოვს, ერთ-ერთი ასეთი უხეშობა გია გურულის წინააღმდეგ, „ცსკა“-ს ფეხბურთელი 100%-ით წითელს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯმა არ გააძევა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნის, რომ გიაც უნდა გაეგდო, რომელსაც ნერვებმა უმტყუნა და წამოდგომის შემდეგ მოწინააღმდეგეს თავი პირდაპირ სახეში უთავაზა.
კარგად მახსოვს, ჩხუბის დროს მოედანზე შემოვარდნილი ლანჩხუთის მილიციის თანამშრომელი, თავდაპირველად ვიფიქრე, ჩვენს დასაშოშმინებლად ირჯება-მეთქი, კიდევ კარგი, დავინახე, იგი ტაბელური „მაკაროვის“ ამოღებას აპირებდა და თან გურული აქცენტით ღრიალებდა: დავხვრეტ ამათ ადგილზე! მოვასწარი და მოედნიდან გავიყვანე.
მახსოვს, ჩვენს მიერ ავტომატიზმამდე დამუშავებული და ოთარ კორღალიძის მიერ შესრულებული კუთხური, წინა ძელთან გავარდნილი ბესო და გიას თავური დარტყმა, რომელსაც გადმოგდების შემთხვევაში მე უნდა დავხვედროდი და საბედნიეროდ, მეკარის შეცდომის შემდეგ პირდაპირ კარის ხაზზე დაშვებული და ჩემს მიერ შეგდებული კი არა (შეგდებაც აღარ საჭირდებოდა), „შეტენილი“ გოლი. ამ გოლის გატანაში გიასა და ოთარს უფრო მეტი წვლილი მიუძღვოდათ, თუმცა ლანჩხუთელებმა მაინც მე მომაწერეს. შემდეგ იყო მასალიტინის მიერ ანგარიშის გათანაბრება (იმ წელს მე და ის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ვიბრძოდით, თუმცა მაშინ ეს ვიღას ახსოვდა). მალევე ოთარის წაქცევისთვის დანიშნული 100-პროცენტიანი პენალტი და პირველად (რადგან დაძაბულობა პიკს აღწევდა) ჩემ მიერ ვერ შესრულებული პაუზა (თერთმეტმეტრიანს ყოველთვის პაუზით ვასრულებდი) და მაინც გატანილი კი არა, ისევ „შეტენილი“ გოლი. მერე იყო მეორე ტაიმი და „ცსკა“-ს გამუდმებული შეტევები. თუმცა, საბედნიეროდ, ტაბლომ, რომელსაც დღესაც კი ცხადად ვხედავ, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

16 წთ. ჟორდანია #7 (1:0), 30 წთ. მასალიტინი #11 (1:1), 33 წთ. ჟორდანია #7 პენ. (2:1) | 15.05.1989 გურია 2:1 ცსკა
მსაჯის საფინალო სასტვენი… ზეიმობდა 30 000 მაყურებელი! დიახ, პირთამდე სავსე იყო სტადიონი და შეიძლება ითქვას, მათთან ერთად იყო ევგრაფი შევარდნაძის სული, რომელიც მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ჩვენთან ერთად იცავდა ლანჩხუთის „გურიას“ კარს.
ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს უნდა ახსოვდეს ლეგენდარული სპორტული ჟურნალისტის, დავით ქლიბაძის არანაკლებ ლეგენდარული საავტორო გადაცემა „სპორტული კალეიდოსკოპი“, სადაც ის ჯერ კიდევ მაშინ ახერხებდა და გვიჩვენებდა საინტერესო ევროპულ თამაშებს. ბატონ დავითს განსაკუთრებით მადრიდის „რეალის“ საშინაო თამაშების ჩვენება უყვარდა და რეპორტაჟი ყოველთვის იწყებოდა უცვლელი ტექსტით – მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“. 100 ათასი მაყურებელი გამარჯვების მოლოდინში. „რეალი“ გამუდმებით უტევდა და ბოლოს ეს ყველაფერი სრულდებოდა ძირითადად სანტილიანას, ბუტრაგენიოს ან ხუანიტოს მიერ გატანილი გამარჯვების გოლით.
ეს მართლაც ის უკვდავი ფრაზებია, რომლებიც დღესაც ყურში ჩამესმის. მაგრამ უფრო ცხადად და ძალიან ხშირად ცოცხლდება ხოლმე ჩემს მეხსიერებაში ასევე დიდი სპორტული ჟურნალისტის, ზურაბ პეტრიაშვილის ხმა.
მას მიჰყავდა ხოლმე რეპორტაჟები ლანჩხუთიდან და მეტწილად ეს რადიოს მეშვეობით ხდებოდა. როდესაც თამაშის შემდეგ გრიგოლეთში გამარჯვებულნი ვბრუნდებოდით, რეპორტაჟის ჩანაწერს ავტობუსში ვუსმენდით და ზურა ყველა მატჩის ტრანსლაციას ასე იწყებდა – ლანჩხუთი, „ევგრაფი შევარდნაძე“ (სტადიონის სახელობის ხსენების გარეშე, რადგან ცხადი იყო, რომ რეპორტაჟი სტადიონიდან გადაიცემოდა) და 25-30 ათასი მაყურებელი გამარჯვების მოლოდინში. „გურია“ დღესაც გამუდმებით უტევდა და ბოლოს იყო ბესოს, ოთარის, გიას ან ყველაზე ხშირად ჩემს მიერ გატანილი გამარჯვების გოლი.
დღესაც, როდესაც ზურას ხმას ვიგონებ, ვხვდები, რომ ეს წარმატებები ჩემი და ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სრულიად საქართველო ზეიმობს. 9 აპრილის შემდეგ პირველი პასუხის გაცემა საფეხბურთო მოედანზე „გურიას“ ფეხბურთელებმა და მათმა გუშემატკივრებმა მოახერხეს.
გასახდელში სრულიად გამოფიტული და ღონემიხდილნი ვსხედვართ, ემოციასაც კი ვერ გამოვხატავთ, რადგან აღარაფერი დარჩა თითოეულ ჩვენგანში, ყველაფერი გავიღეთ, დავიტოვეთ მხოლოდ ის ტკივილი, რომელიც მაშინ მთელი საქართველოსთვის სევდის მომგვრელი იყო.
ზეიმის დრო ნამდვილად არ არის, თუმცა იმის უფლება ნამდვილად გვაქვს, რომ ვიამაყოთ.
მეხსიერება ისტორიასთან ერთად ინახავს იმას, რაც მისთვის ღირებულია. წარსულის გააზრება კი მომავალს მნიშვნელობას სძენს. წარსულზე ვყვებით არა იმიტომ, რომ რეალობას გავექცეთ, არამედ იმიტომ, რომ ის ჩვენ შევქმენით.
ასევე წაიკითხეთ: „ბაბუაჩემი და მისი მეგობრები – ევგრაფ შევარდნაძე და ვალოდია წულაძე ოცნებობდნენ, „გურიაში“ მეთამაშა… იცით, რა გუნდი იყო ლანჩხუთში?“ https://shorturl.at/Men7m