„არასდროს დამავიწყდება, ფეხი ავიდგი ჩაიზე, ყველას გკოცნით და გეხვევათ თქვენი რამიზა ჩხაიძე“ – ჩვენი „რტჩ“ 75 წლისაა!

|

Loading

ბატონი რამიზი შვილთან, მაკასთან ერთად

„სიხარულს ვეღარ ვმალავდი,  ღიმილი მქონდა ბაგეში, ერთი ღარიბი ვიყავი, 40 ცალ პუნქტის გამგეში!“ _ ნაწყვეტი „ავტობიოგრაფიიდან“

ლანჩხუთელი ბიზნესმენი, ვაჭრობის დარგის კოლორიტული წარმომადგენელი _ რამიზ, სიყვარულით _ რამიზა ჩხაიძე, იგივე „რტჩ“ 75 წლის გახდა. თავის დროზე, მან ლანჩხუთში პირველმა დაარსა შემდგომში სახელგანთქმული გასტრონომი „ოჯახური“, სადაც მზა საჭმელების შეძენა შეიძლებოდა. დღეს იგი თბილისში მოღვაწეობს და საქვეყნოდაა ცნობილი მის საწარმოში დამზადებული კუპატი, გურული სუნელი, აჯიკა და სხვ.

„ბედის ბორბალი ტრიალებს, 75 წელი შეუსრულდა მამას! როცა მასთან ვარ, მგონია, დედაც ჩვენთანაა, თავი ბავშვი მგონია და წამით უბედნიერესი ვხდები. ღმერთს ვთხოვ შენს ჯანმრთელობას და ეს განცდა არ მომიშალოს. შენ დამპირდი, კარგად გავხდები, ნუ გეშინია, არ მიგატოვებო. არ მეშინია, რადგან არასდროს გაგიწბილებივარ! გილოცავ და მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს“ _ წერს სოციალურ ქსელში მისი შვილი მაკა ჩხაიძე.

ლანჩხუთელთა სახელით, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ბატონ რამიზს საიუბილეო თარიღს. ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ!

ჩვენი რტჩ _ რამიზ ტელმაგის ძე ჩხაიძე იუმორითაც გამოირჩევა და ამაში დარწმუნდებით, როცა მის „ავტობიოგრაფიას“ ლექსად წაიკითხავთ:

ღარიბი ბიჭი ვიყავი, ტელმანში გამოზრდილია,

ფეხშველი ქვებში ნარბენი, ფეხისგულ დახეთქილია!

სკოლაში არ დავდიოდი, მემატებოდა წლებია,

დობირას ჩაის მოწონვა ხუტუნამ დამაწყებია!

როცა რომ საქმე გამიჩნდა, აღარ დავდექი ბირჟაზე,

გავედი ჩაის ფაბრიკას, გავიცან ვახტანგ ცინცაძე.

18 წლისა არც ვიყავ, დამნიშნა პუნქტის გამგედა,

დიპლომიანთა მსურველებს  ნერწყვი შეაშრა ბაგებთან!

სიხარულს ვეღარ ვმალავდი,  ღიმილი მქონდა ბაგეში,

ერთი ღარიბი ვიყავი, 40 ცალ პუნქტის გამგეში!

საქმე ისეთად ავაწყვე, სხვებისთვის შესადარები,

ვიყიდე შარვალ-კოსტუმი, ჩავიცვი „სალამანდრები“.

მოსუქდა ღარიბი ბიჭი, გამთელთა ფეხის გულია,

წყვილნომრიანი ჯიგულით  შევცვალე კაჭკის რულია.

არასდროს დამავიწყდება, ღმერთმა ამყოფოს ნათელში,

ხელი იგენმა წამიკრა,  იგენმა მენდო საქმეში!

არასდროს დამავიწყდება, ფეხი ავიდგი ჩაიზე,

ყველას გკოცნით და გეხვევათ თქვენი რამიზა ჩხაიძე!

რას ჩივი?