„ასეთი ნდობისთვის, კახი და მერაბ ჟორდანიას მადლიერი ვარ. კარგად მესმის, რომ მათ საკუთარი თავის რეალიზების შანსი მომცეს… მათ წინადადებაზე თანხმობა იმანაც გადამაწყვეტინა, რომ “გურიაში” ერთი დიდი საფეხბურთო ოჯახი შეიკრიბა. ყველანი მოტივირებულები და ერთიანები ვართ ამ რთულ გზაზე. ასეთი მდიდარი წარსულის მქონე კლუბისთვის ლიგა 3-დან გრანდებში დაბრუნება იოლი არ იქნება, ეს რთული გზაა, მაგრამ მჯერა, ერთობით ამას შევძლებთ…“ _ აცხადებს „გურიას“ სპორტული დირექტორი ანდრო ნემსაძე გაზეთ „ლელოსთან“ ინტერვიუში.
პოპულარული გამოცემა მას „ლოკომოტივთან“ 4:1 მოგებული მატჩის შემდეგ ესაუბრა: „ჩვენთვის ყველა გუნდი კონკურენტია და თითოეულ მატჩს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოზიციაზეა ცხრილში ჩვენი მეტოქე. რიხიანი სტარტი გვქონდა, მაგრამ თბილისის “ლოკომოტივთან” 4:1 მოგების მიუხედავად, იოლი გასეირნება არ გვქონია. “ლოკომოტივი” ახალგაზრდული, პერსპექტული გუნდია, სიურპრიზების შემოთავაზებაც შუძლია და წარმატებებსაც ვუსურვებ…“ _ ამბობს „გურიას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, “გურია” ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს: „ჩვენი კლუბი სტრუქტურულადაც ვითარდება და ფეხბურთელებს პროგრესისთვის ყველა პირობა აქვთ. რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდეთ მთავარ ლიგაში. საამისოდ, მოტივაციაც გვაქვს და პოტენციალიც… მერაბ და კახი ჟორდანიების პროექტის მიზანია, ლანჩხუთის “გურიამ” ძველი დიდება დაიბრუნოს, ძლიერ ევროპულ გუნდად იქცეს. ნოვაცია ის არის, რომ “გურიას” ჰყავს სამეურვეო საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებებს არ იღებს, მაგრამ კონსულტაციებითა და რჩევებით დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია“ _ უთხრა გამოცემას ანდრო ნემსაძემ.
წაიკითხეთ სრულად: ანდრო ნემსაძე: „მთავარი ლიგისკენ მიმავალი გზა ძალიან რთული იქნება, მაგრამ “გურიას”, საამისოდ, პოტენციალიც აქვს და ამბიციაც“…




