„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ გვიან ადგებოდა, ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად ვისადილებდით“ _ ზურა შევარდნაძე

|

Loading

გარდენიაში... | ზაქარია ჭელიძის ფოტო

გურული მებაღე, საქართველოში ყველაზე ცნობილი გარდენიას მფლობელი ზურა შევარდნაძე მორიგ ეპიზოდს იხსენებს გურიაში გატარებული ბავშვობიდან:

„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო. თმებს არ დაიხვევდა, ფუყედ დაიპწნიდა და მხოლოდ ამ დღეს გვინახავს მისი გაშლილი, შევერცხლილი თმა თალხი, გახუნებული ცახოცის ქვეშ.

მხოლოდ ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად ვისადილებდით. მარხვას არასდროს ინახავდა, ყველს და პურს, მწნილს ან რამეს თითონ წავიხემსებდით.

ამ დღეს არც სტუმარი მოვიდოდა და არც ჩვენ წავიდოდით სადმე.

რატომღაც ბებია ცალკე, მარტო საქმეს ირჩევდა ან აბალახებულ კვლებს გამოხილავდა ბახჩაში, ან მოჭვებს ბურდანს შეუუცვლიდა. ან გოჭიან ღორებს გარეთ გამოყრიდა და საღორეს კიდისკიდემდე დაალაგებდა. არ მეჩვენებოდა, ალბათ, სამძიმო, საბინძურო საქმეს გამოიძებნიდა.

საღამოს აუცილებლად გაწვიმდებოდა, კარგად მახსოვს, რომ არც წვიმას მოერიდებოდა, თავშალს არ მოისხამდა, დაწყებულ საქმეს არ დატოვებდა, დაამთავრებდა. გვინ, დაბნელებულზე შემოვიდოდა შინ, მოწესრიგდებოდა, დაგვკოცნიდა სათითაოდ და დაგველაპარაკებოდა, გავიხარებდით.

კულიჩის ცომს მესამედ გადაზელდა, ალუმინის ქვაბებში ჩაალაგებდა და გამოსაცხობად შეაწყობდა, კვერცხებს ოზურგეთელ პალაჩი ჩაჩანთან ნაყიდი, ნახერხიანი საღებავით შეღებავდა.

უბრად ყოფნა არ გამომდის, მგრამ დღევანდელ დღეს განგებ არავის დავიხმარ, წისქვილში თითონ ჩამოვფქვავ საუცხოო ხორბალს, ფურნესაც თითონ გავახურებ, ბებიას რეცეპტით კიდევ ერთხელ დავაცხობ რუხ პურებს და საწაულ კულიჩებს, მხოლოდ ჩვენთვის, შინაურებისთვის.

ბებია რომ იყოს, გამიწყრებოდა, ზუსტად ვიცი, მეტყოდა – “სა ნახე, ბიჯო, კაცის გაცრილი და გამომცხვარიო”, მარა ასე მინდა და იყოს ასე.

ბედნიერი აღდგომა გაგითენდეთ, ქართველებო!!!“ _ წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

რას ჩივი?