„სულ ახლახან, შვილის საფლავთან მივიდა და უკანასკნელად მოიგლოვა გოჩა, რომელსაც 60 წელი შეუსრულდა იმიერში“ _ ლანჩხუთელი გმირის დედა გარდაიცვალა

|

Loading

ფრანიკო კვირკველია

ლანჩხუთელი გმირის, გოჩა კვირკველიას დედა – ფრანიკო კვირკველია 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთი თვის წინ, მან შვილს 60 წლის იუბილე იმიერში მიულოცა.

„ისევ მომესწრო უშენოდ შევხვედროდი 11 ნოემბერს _ შენს დაბადების დღეს. მადლობას გიხდი, შვილო, რომ ჩემს თალხ მანდილს შენი უკვდავების შარავანდედი ადგას გვირგვინად“

ლანჩხუთის გამორჩეული პედაგოგი ნინო კეკელიძე ემოციური წერილით ემშვიდობება გმირ დედას:

„მიდიან ჩვენი გმირი ბიჭების დედები, დიდი გულისტკივილის მიუხედავად, კანონიერი სიამაყის გრძნობით მიდიან, რამეთუ სამშობლოს შესწირეს შვილების სიცოცხლე. ერთ-ერთი მათგანია ქალბატონი ფრანიკო კვირკველია. მას ყველა იცნობდა და პატივს მიაგებდა.

წლების განმავლობაში ლანჩხუთის სკოლა-ინტერნატის დიდებული პედაგოგიური კოლექტივის გვერდით იყო და მათთან ერთად ბავშვთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა და არაერთი შეჭირვებული მოზარდისთვის გაუწევია სამედიცინო დახმარება, როგორც სკოლის მედდას.

ქალბატონი ფრანიკო დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა, როგორც პიროვნება და პროფესიონალი. შესანიშნავი ოჯახის ქალბატონი ორ სანაქებო ვაჟკაცს ზრდიდა, მათ მომავალზე ოცნებობდა ბედნიერი დედა, მაგრამ თავსდატეხილმა უბედურებამ, აფხაზეთის ომმა, იმსხვერპლა უფროსი ვაჟი, გოჩა კვირკველია.

სულ ახლახან,11 ნოემბერს, 89 წლის დედა შვილის საფლავთან მივიდა და უკანასკნელად მოიგლოვა გოჩა, რომელსაც 60 წელი შეუსრულდა იმიერში. ეს თარიღი ღირსეულად აღნიშნა ოჯახმა.

ჩემთვის, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის, ფრანიკო კვირკველია ,,ქართვლის დედაა“, ვინაც გაუძლო უდიდესს ტკივილს და შეძლო არნახული ადამიანური ამაღლება ბოროტებაზე, ამიტომაც ალამაზებდა უკვდავების შარავანდედი დედის თალხ მანდილს. ამიტომაც აფასებდნენ და თავადაც აფასებდა დამსახურებულ ყურადღებას სკოლის მოსწავლეებისგან, ჩვენი საზოგადოების, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

ვემშვიდობები ჩემს უფროს მეგობარს, მშობელს, ღირსეულ ქართველ ქალს, გმირ დედას, რომელსაც სულეთში შემოეგებება საყვარელი გოჩა და მონატრებულ დედას თავის გვერდით დაუმკვიდრებს სამარადისო ადგილს“ _ წერს ნინო კეკელიძე.

„გურია თუდეი“ დიდ გულისტკივილს გამოთქვამს ფრანიკო კვირკველიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.

ასევე წაიკითხეთ: „მისი ხმა ქარში გვესმის, როცა საქართველოს დროშა ფრიალებს… მისი ნაბიჯი მაშინ გვესმის, როცა მიწა თავისუფლების სუნითაა გაჟღენთილი…“ _ ლანჩხუთელ გმირს, გოჩა კვირკველიას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა…

რას ჩივი?