ამ წუთებში გურიის მოხალისეების ჯგუფში საყურადღებო ინფორმაცია ვრცელდება.
„ძალიან გთხოვთ!!! ბიჭი ძალიან რთულ მდგომარეობაშია სოფელ შრომაში, უბანი ვაკე. ნუთუ არარსებობს არანაირი გზა, რომ რამე მანქანა მივიდეს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ _ წერს ქეთა ხომერიკი.
მისივე განცხადებით, ექიმების ონლაინდახმარება საქმეს ვერ უშველის: „მხოლოდ პროფესიონალ ექიმს შეუძლია დახმარება, ექთანიც ვერ გვეხმარება, სტაციონარში გადაყვანაა აუცილებელი“.
როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა ბიჭი სახლის სახურავის გადმოთოვლის დროს დაშავდა.

ვითარება გურიაში | ფოტო ხატია კეჭაღმაძე
ანა ბოლქვაძე წერს, რომ სასწრაფო დახმარება ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს, სამაშველო სამსახურიც ეცადა ურეკიდან ასვლას, მაგრამ ვერ შეძლო. გზა გაუწმენდავია და მხოლოდ მძიმე ტექნიკა თუ მოახერხებს მისვლას.
ჯგუფში განიხილავენ დახმარების შესაძლო ვარიანტებს. ყველაზე რეალურია ვეტმფრენით გადაყვანა, თუ ამის შესაძლებლობა იქნება. ვეტფრენის დაჯდომის შესაძლო ადგილია სტადიონი, რომელიც 1 კმ-ში მდებარეობს, მაგრამ ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ დაშავებულს სტადიონამდე ხელით მიიყვანენ.
„სასწრაფოდ ვეძებთ, ვის ჰყავს კომშიანი ტრაქტორები გურიაში. ყველა გააღვიძეთ, ყველა შეაწუხეთ, ახლა მნიშვნელოვანია ვიპოვოთ კომშიანი ტრაქტორები!!!! გააზიარეთ ეს პოსტი გურიის ჯგუფებში, ყველგან ვიპოვოთ ტრაქტორები, რომლებიც გზის გასათოვლად არის საჭირო და მნიშვნელოვანი ახლა. ვისაც გყავთ კომშიანი ტრაქტორი ან ნომერი იცით, ვისაც ჰყავს, დაწერეთ! სასწრაფოა ეს!!!“ _ დაიწერა ჯგუფში „მოხალისეები გურიისთვის“.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება, მონიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. იმედია, ახლაგაზრდა კაცის დახმარება ოპერატიულად მოხერხდება.