რამდენი დაჯდა ლანჩხუთის საახალწლოდ გალამაზება და ვის ეკუთვნის გურული ოდა-სახლებით მორთული და მიხვეულ-მოხვეული გზებით გაჩახჩახებული ნაძვის ხის იდეა?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | ლანჩხუთის მთავარი ნაძვის ხე და ეკატერინე გუჯაბიძე

მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის საახალწლოდ გაჩახჩახებამ ნამდვილი ფურორი მოახდინა და სოციალური ქსელები „ააფეთქა“, ბევრი დაინტერესდა, ვინ არის გურული ოდა-სახლებითა და მიხვეულ-მოხვეული გზებით მორთული ულამაზესი და კრეატიული ნაძვის ხის იდეის ავტორი, რომელსაც ქება არ დააკლეს.

„გურია თუდეიმ“ გაარკვია, რომ ბოლო წლებში ლანჩხუთი თავს რომ იწონებს არამხოლოდ საახალწლოდ გალამაზებით, მთავარი წვლილი ლანჩხუთის მერის პირველ მოადგილეს, ეკატერინე გუჯაბიძეს მიუძღვის. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ზედიზედ მესამე წელია, ქალაქი ახალ წელს გამორჩეული და ორიგინალური ნაძვის ხით ხვდება, ასევე აღსანიშნავია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ბავშვთა საერთაშორისო დღის ორიგინალურად აღნიშვნა.

წინა წლებში, ასეთ საქმეს ყოველთვის მაინც ფორმალურად, მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებდნენ და ამიტომაც გაოცება დიდია, თუმცა ეს არ არის უბრალოდ, „გარღვევა“ ადგილობრივ დონეზე _ აქტუალურია მოსაზრება, რომ ლანჩხუთის მთავარი ნაძვის ხე საქართველოში ყველაზე კრეატიული აღმოჩნდეს.

ლანჩხუთის ასე გალამაზება 60-დან 70 ათას ლარამდე დაჯდა | გელა პატარაიას ფოტო

„გუშინდელი დღიდან სოციალურ ქსელში გავრცელებული არერთი დადებითი კომენტარის, ფოტოების, ვიდეოების და ეიფორიის ფონზე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი დამოკიდებულებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოცემულობაში არის ის, რომ შევძელით გეამაყათ თქვენი მუნიციპალიტეტით და  ჩვენი ქალაქი ყოფილიყო ბრჭყვიალა და ამავდროულად თემატური ჩვენს იდენტობასთან. ამ ყველაფრის უკან ნამდვილად დგას უზარმაზარი ფიზიკური შრომა, ბევრი ფიქრი და შედარება, შეჯერება/შეჯამება, ამიტომ ყველა ის მადლობა, რომელმაც  რიგ შემთხვევაში „მადლობის ინდივიდუალურ ობიექტად“ მაქცია, ეკუთვნის მათაც, ვინც ჩვენთან ერთად ცდილობა იდეები რეალობად გვექცია _ წერს სოციალურ ქსელში მერის პირველი მოადგილე.

იგი მადლობას უხდის კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრისა და კულტურის დაწესებეულებათა გაერთიანების ყველა თანამშრომელს, მათ ხელმძღვანელებს _ გოჩა მოქიასა და გოდუნა ქურიძეს, ასევე ნდობისთვის განსაკუთრებით ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს ემადლიერება.

„ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგია ჩვენი ქალაქი _ წერს ეკატერინე გუჯაბიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

ბევრს აინტერესებს ასევე, რამდენი დაჯდა ლანჩხუთის საახალწლოდ მორთვა. როგორც „გურია თუდეიმ“ გაარკვია, თანხა 60 ათასიდან 70 ათასამდე მერყეობს და ამაში მხოლოდ ნაძვის ხის მოწყობა არ შედის _ საუბარია მთლიანად ქალაქის გალამაზებაზე. გამოდის, რომ მინიმალური დანახარჯებითაც შეიძლება, თავი ქვეყნის მასშტაბით მოიწონო _ ამისთვის საჭიროა, არსებულ რესურს ახალი სიცოცხლე შესძინო და იყო კრეატიული, რაც ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს, სამი წელია, ნამდვილად მოჭარბებულად აქვს…

ასევე წაიკითხეთ: „ჩიჩილაკის ხეივანი, ოდა-სახლები, თბილი განათებით მიხვეულ-მოხვეული ბაწარივით ვიწრო „გზები“ – ისტორია ერთ პატარა ნაძვის ხეზე, რომელმაც გადარია მთელი დუნია“

რას ჩივი?