ლანჩხუთში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების სიმრავლე. მართალია, მოსახლეობა ცდილობს მათ დაპურებას და წინა წლებთან შედარებით, აგრესიამ იკლო, მაგრამ პრობლემა მოგვარებული არ არის. განსაკუთრებით, სახიფათოა, ქალაქის ქუჩებში ღამით გავლა.
„ათი ძაღლი რომ შემოგეხვევა გარშემო, რომელ ერთს უნდა აჭამო? ბავშვი, სკოლაში მიმავალი დამიგლიჯა მაწაწალა ძაღლმა. დამალა და სკოლიდან რომ დაბრუნდა, მერე თქვა. დედამისმა 5 აცრა გაუკეთა. რატო მოწონთ, ვერ ვხვდები, სკვერები სავსეა ძაღლებით. მე არ მეჯავრებიან, ოთახში მყავს ორი ცალი“ _ წერს პოპულარულ ფეისბუქ-ჯგუფში „This is ლანჩხუთი“ ლალი ცერცვაძე.
იგი ეხმაურება ცირა იმნაიშვილის ფეისბუქ-პოსტს, რომელშიც შუხუთის საჯარო სკოლის მასწავლებლმა ლანჩხუთის ქუჩებში არსებული პრობლემის შესახებ დაწერა. „გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. ვის მივმართო, არ ვიცი. თავისუფლების ქუჩაზე ძაღლები გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევს. ღამით ქალბატონი შემთხვევით გამვლელ მანქანის მძღოლს გადაურჩენია, ისეთ დღეში ჩაუგდიათ ძაღლებს. იქნებ დაგვეხმაროს ვინმემ და მოგვცეს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება“.
იქვე თავის პოზიციას აფიქსირებს ეთო ხოფერია: „ეს ცუგები მე არ მკბენენ, რადგან ყოველთვის როცა გავდივარ, ვცდილობ, დავაპურო თუნდაც ერთი ლუკმით, მცნობენ კიდეც. არ გიფიქრიათ, აგრესიულობა რატომ აქვთ? შიმშილის გამო, ნეკნები რომ უჩანთ, ნაგავში გადაყრის ზოგი საკვებს და ცუგებს არ წაუყრის ერთხელ მაინც. დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ თავი მათ ადგილზე. შიმშილი, ყინვა და დევნა – ყველაფერი მათზე გადადის. ჩემთვის არასდროს უკბენია არცერთ ცუგას, არც ღამე, არც დღისით, მათაც სული აქვთ და ისინიც ღმერთის შექმნილები არიან. აჭამეთ და მთელი ცხოვრება დაგიმახსოვრებენ ისინი“.
![](https://guriatoday.ge/wp-content/uploads/2025/02/00111.png)
ლანჩხუთში „საქართველოს ბანკმა“ დაცვა გააძლიერა _ ამ ფოტომ 2020 წელს სოციალური ქსელი „ააფეთქა“
თითქმის იგივე პოზიცია აქვს ციცინო უგრეხელიძეს: „ყველა სახლიდან გაგდებული ძაღლის ცოდვა ჰქონდეს თავის პატრონს! ამიტომაც არიან ძაღლები გაღიზიანებულები, დასტრესილები და გაუბედურებულები.ნუთუ რაიონს არ გააჩნია სამაგისო რესურსი? მარტო სტერელიზაცია არ შველის. ისე,ხომ შეიძლება აგრესიას თავი დავანებოთ და წიხლები არ მივარტყათ ამ ერთგულ მეგობრებს? ერთხელაც ერთ ლუკმა პურს თუ გაიმეტებთ, აუცილებლად დაგიმახსოვრებთ, ადამიანზე მეტად!“
ასევე კომენტარებში თეო ორაგველიძე წერს: „მეც მყავს 2 ძაღლი სახლში. რომ არ მიყვარდეს, არ ვიყოლიებდი, მაგრამ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ უმიზეზოდ გაეკიდა ბავშვს საკბენად და ყველა ქალაქში გასვლაზე შეიძლება ვერ დავაპუროთ ძაღლები. ზოგს სახლში ძლივს მიაქვს პური და თავშესაფარი რომ გაუკეთონ ლანჩხუთში, სადაც ამდენი ძაღლია, ძან კარგი იქნებოდა. ვისაც სურვილი გვექნებოდა, საკვებსაც მივიტანდით“.
„არ არსებობს ამისთვის ფინანსები, რომ პატარა თავშესაფარი გამოუყონ? ძაღლები, ყველაზე ერთგული მეგობრები, მაგრამ მაინც სულ ერთ ხასიათზე ვერ იქნებიან და ვერავინ დაუდგება თავდებში, რომ არავის უკბენენ! ამიტომ უნდა იზრუნოს მათზე, ვისაც ევალება! დააპურონ კიდეც… ლანჩხუთში უმეტესობას უჭირს და სწორედ ეს ხალხი უყოფს ლუკმას“ _ წერს მაკა გიგინეიშვილი.
ლანჩხუთის მერიაში აცხადებენ, რომ ხდება ძაღლების გაყვანა, აცრა და სტერილიზება, რის შემდეგაც მათ უკან აბრუნებენ. „როცა ძაღლი არ დაბრუნდა, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მთელი თვე დაგვჭირდა ასახსნელად. რაც შეეხება თავშესაფარს, ლანჩხუთის ბიუჯეტით ამას ვერ შევძლებთ. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, ” _ აცხადებდა ჯერ კიდევ 2022 წელს ალექსანდრე სარიშვილი. მუნიციპალიტეტის მერი მაშინ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ შესაძლებლობად იმასაც თვლიდა, რომ უნდა მოხდეს ძაღლების აღრიცხვა და იმ ოჯახების დაჯარიმება, რომლებიც ძაღლს ქუჩაში გადმოაგდებს.
ასევე წაიკითხეთ: ლანჩხუთში, „საქართველოს ბანკის“ შესასვლელში გადაღებულმა ფოტომ სახუმარო მინაწერით სოციალური ქსელი „ააფეთქა“ (იხ. ბმული https://shorturl.at/Vhnqk)