ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დოდთოვლობამ დიდი პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ჩოჩხათის თემში. „სად არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი? ხალხს ახლა სჭირდება დახმარება. ჩოჩხათის სოფლები დიდმა თოვლმა დაფარა. უშუქობა, უპურობა აწუხებს ხალხს. ხომ შეიძლება გასუფთავდეს გზები, მოწესრიგდეს შუქის პრობლემა. რატომ არ მოიკითხავენ ზვავსაშიშ ადგილებს, თუ საქმე რომ გაფუჭდება, ფულადი დახმარებით შემოიფარგლებიან. მიხედეთ ხალხს, თქვენ მთავრობამ მათი ბედი განდოთ“ _ წერს პოპულარულ ფეისბუქ-ჯგუფში „This is ლანჩხუთი“ ნინო ტუღუში.
გუშინ ჩოჩხათის თემიდან „გურია თუდეისაც“ დაუკავშირდნენ: „დილის მერე სამაშველოს ელოდებიან ჩემები, მაგრამ ჯერ არავინ ჩანს. ცხვირს ვერ ყოფენ გარეთ, იმხელა თოვლია და ავარიულ სახლში იმყოფებიან“.
დღეს ეს ადამიანი სოციალურ ქსელში წერს: „ქალაქში ტრასაზე ტრაქტორით გაიარა ერთხელ ვიღაცამ, ეგ რა არის. ერთ ტრაქტორზეა დამოკიდებული ამხელა რაიონი? კარგადაა საქმე. მიბრძანდეს, ვისაც საქმე გაკეთებული გონია, იმ ხალხმა ჩოჩხათის თემში. სახლიდან ვერ გამოდიან, 2 მეტრი თოვლია. საკვები არაა, წამალი არა, თოთო ბავშვით ქალი უსაჭმლოდაა ჩარჩენილი და დიაბეტიანი ავადმყოფი ქალი. ზოგს სახლი დაენგრა, ნეტა თუ იცის ვინმემ. მაშველს ითხოვენ, სახლის აშენებას ხომ არა. სადაა პატრონი. მაინდამაინც უნდა ამოწყდნენნ? მესმის, რომ სტიქიაა და ბუნებას წინ ვერ აღუდგებიან, მაგრამ ამისთვის მთავრობამ მითითება და რესურსები უნდა გაიღოს. გამოდგება აქ ზოგიერთები და ჭკუას არიგებს ხალხს, ლაფათქი დაიკავე და ეზო გათოლეო….“ _ მოქალაქე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლის წარმომადგენლებით უკმაყოფილოა.
კიდევ ერთი მოქალაქე ხორეთში არსებულ ვითარებაზე გვიამბობს: „ლანჩხუთში რო თოვლია, ეგ მონაგონია. ჩემთან ორ მეტრს მიაღწია სოფელ ხორეთში. არც გზა, არც შუქი, არც წყალი. ვართ უპატრონოდ. ამხელა რაიონში ერთი ტრაქტორი უნდა იყოს? ტექნიკა არ უნდა ჰყავდნენ? ელემენტარული გადაადგილება შეუძლებერია ფიზიკურად. ორსართულიანი სახლის პირველი სართული თოვლმა დაფარა. სადაა ვინმე მომკითხავი?”
ნინო წერეთელიც მთავრობისგან ითხოვს შველას: „ხალხს ახლა ჭირდება დახმარება, ჩოჩახათის თემის სოფელი მოედანი ჩაკეტილია, არ შეგიძლიათ გაასუფთავოთ გზები, ზოგს არც შუქი, არც წყალი, არც საჭმელი აქვს. შეიცოდეთ მოხუცები, პატარა ბავშვები, რა გჭირს, მთავრობა? მიხედეთ ხალხს, სანამ დაშავდებიან“
„ეზოს გაწმენდას არავინ არ ითხოვს. ქუჩებში უნდა გაატარონ ტრაქტორი, რომ ხალხმა აუცილებელი გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში შეძლონ გადაადგილება. ეხლა ქულების დაწერას დაანებოს ზოგიერთებმა თავი. ცენტრის ქუჩებშიც კი არ მომხდარა გაწმენდა“ _ ამბობს ლიანა კერესელიძე.
გულიკო ბერიძესაც ხელისუფლებასთან აქვს კითხვები: „არᲩევნებზე ლამაზად კითხულობდით ხალხს, ახლა გვიჭირს, სერიოზული დახმარება გვინდა, გაიწმინდოს გზები. სახლები იᲨლება, მეზობელი მეორეს ვერ უკავᲨირდება. ცოტა გულთან მიიტანეთ მთავრობამ“.
სერიოზული პრობლემებია ნიგვზიანის თემშიც. „მეტრო ნახევარი თოვლია ხაჯალიაზე და გამგებელმა სათამაშო ტრაქტორით გაიარა გუშინ და კი არ გაწმინდა, ცოტა დატკეპნა, ისიც ერთი მონაკვეთი. სხვაგან არ იყო ხალხი, შუქი არაა, არაფერი ყურადღება, სულ ითიშება შუქი, გეგმიური სამუშაოებიაო და რას აკეთებდენ, ვერ გავიგე. ერთი ბოლი მოტყდა ხეს და მთელ რაიონს პრობლემა შეექმნა“ _ წერს ამირან ჩხარტიშვილი და მას იქვე სარკაზმით ირმა ღელეყვა გამოეხმაურა: „ჩვენთან არც სათამაშოთი გაუვლიათ. დამთავრდა არჩევნები, ძმაო. ხალხი როდის ედარდებოდათ?“
ლანჩხუთის მერიაში აცხადებენ, რომ ტექნიკა მობილიზებულია, მაგრამ რიგ შემთხვევებში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ ახერხებს დროულად გადაადგილებას. მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი: „საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ: 599 111 437; 591 19 23 66; 577 39 83 22. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და გაგებით მოეკიდონ შექმნილ სიტუაციას“ _ აღნიშნულია მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.