„ნანგრევებში მოყოლილი 3 მცირეწლოვანი ბავშვის და 2 ზრდასრულის საშველად სამაშველომ მხოლოდ 6-7 საათის შემდგომ შეძლო მისვლა“ _ რა მოხდა შრომისუბანში

|

Loading

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბანში სახლი ჩამოიქცა.

„სრულიად უპასუხისმგებლო და გაუგონარი დამოკიდებულება მოსახლეობისადმი! ნანგრევებში მოყოლილი 3 მცირეწლოვანი ბავშვის და 2 ზრდასრულის საშველად სამაშველო სამსახურმა მხოლოდ 6-7 საათის შემდგომ შეძლო მისვლა. იმიტომ, რომ არ ჰყავდათ ტექნიკა, რომელიც შეძლებდა სოფლამდე მისასვლელი გზის გაჭრას. ბავშვების გადარჩენა მხოლოდ მეზობლების დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს შეუიარაღებელი ხელებით ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები. კარის მეზობლებსაც კი სახლამდე მისასვლელად და თოვლის გასაჭრელად საათნახევარი დაჭირდათ“ _ წერს თათია თოხაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ამ სახლზე უკვე მესამე წელია დევს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომ მეწყერსაშიშ ზონაშია, ავარიულია და შიგ გატარებული თითოეული ღამე არის რისკის შემცველი შიგ მაცხოვრებელი პირებისთვის. „აქაც რეაგირება ნული. კიდევ რამდენი დასკვნა , განცხადება და მტკიცებულება გჭირდებათ რომ მოახდინოთ რეაგირება? თუ კიდევ რაიმე ფატალურ შედეგს ელოდებით?“ _ თათია თოხაძე ხელისუფლებას მიმართავს.

ჩვენ მას დავუკავშირდით და გავარკვიეთ, რომ ოჯახი ამჟამად ნათესავებთან იმყოფება და ხვალ სავარაუდოდ, ურეკში, სასტუმროში გადაიყვანენ.

„გურია თუდეი“ ადგილობრივი ხელისუფლების კომენტარს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

რას ჩივი?