დღეს 120 წელი გავიდა ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავის,საქართველოს დამსახურებული არტისტის – ვასილ ისააკის ძე ჩხაიძის დაბადებიდან.
ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით ვალოდია წულაძის სახ. თეატრისა და კინოს მუზეუმში მისი მენეჯერის, მაია ჩხაიძის ორგანიზებით გაიმართა სალონური შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ლანჩხუთის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი პაატა ურუშაძე, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის, მაია კუკულაძის მიერ წარმოდგენილ იქნა ,,გამოცნობა”, რომელიც შედგენილი იყო ქართულ მხატვრულ ფილმებში ვასილ ჩხაიძის მიერ ნათამაშევი როლების მიხედვით.
ფოტო მუზეუმში გამართული ღონისძიებიდან
ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის ექსპოზიციაში საპატიო ადგილს იკავებს ვასილ ჩხაიძის ცხოვრება-შემოქმედების ამსახველი მასალები:
ვასილ ჩხაიძე დაიბადა 1905 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ აცანაში. სკოლის დამთავრების შემდეგ, ლანჩხუთის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში სწავლობდა. 1936 წელს კი მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით. წლების მანძილზე მასწავლებლად მუშაობდა გორში, მცხეთაში, თბილისში, ლანჩხუთში; იყო ბათუმის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა, ფოთის თეატრების მსახიობი.
1937 წლიდან 1956 წლამდე ვასილ ჩხაიძე მუშაობდა აცანის საშუალო სკოლაში გერმანულისა და რუსული ენის მასწავლებლად. მისი გაკვეთილები თავიდან ბოლომდე შემოქმედებითი მუხტით იყოგამსჭვალული.
ვასილ ჩხაიძემ მრავალი საინტერესო კინოროლი შქმნა
1967 წელს ელდარ შენგელაია და რეზო გაბრიაძე ,,არაჩვეულებრივი გამოფენისათვის” ეძებდნენ ამაღლებული, შემოქმედებითი სულის, მსახიობური გამოცდილების მქონე ადამიანს. ასეთ პიროვნებას მათ აცანაში მიაგნეს. ეს იყო ვასილ ჩხაიძე. მან ისე მშვენივრად განასახიერა ეს როლი, რომ ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში ვასილ ჩხაიძე და გადამდგარი პოლკოვნიკი პიპინია ერისთავი გაიგივდა.
ვასილ ჩხაიძემ მრავალი საინტერესო ეკრანული სახე შექმნა ფილმებში: ,,ჩამავალი მზე” – სანდრო, ,,მყუდრო სავანე”- გიორგი თუხარელი, ,,სემირამიდას ბაღები”- ფოსტალიონი, ,,კაპიტნები“ -კაპიტანი, ,,წყარო გზის პირას” – პუპლი, ,,პირველი მერცხალი”- ელიზბარი, ,,მოხეტიალე რაინდები” და სხვ. განსაკუთრებით , აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ქრისტეფორეს როლი ე. შენგელაიას ,,შერეკილებში” , რისთვისაც ქართული ფილმების 1-ლი რესპუბლიკური კინოფესტივალის სპეციალური პრიზი მიიღო.
1979 წელს ვასილ ჩხაიძეს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. გარდაიცვალა 1983 წლის 26 დეკემბერს.
უფრო მეტი ვასილ ჩხაიძის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/lpzsF