გუშინ, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ლოლიტა პაპავას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. „მთელი სოფელი ამ ტრაგედიას გლოვობს, 4 შვილის დედას, რომელიც მე-5 შვილს ელოდებოდა, მაგრამ უფალმა მასთან წაიყვანა ორივე“ – წერენ ახლობლები.
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კუჭავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალბატონის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება. თვითმმართველობა უძლურია კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სფეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი. ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს“ _ წერს ირაკლი კუჭავა.
ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის მკვიდრი AMBEBI.GE-თან ტრაგედიის შესახებ საუბრობს: „ლოლიტა პაპავა 7 თვის ფეხმძიმე იყო, მე-4 შვილს ელოდა. მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ძალიან კარგი ახალგაზრდა ქალი იყო, როგორ გვენანება… ლოლიტა ცუდად გახდა, მდგომარეობა დაუმძიმდა და კლინიკაში, ფაქტობრივად, მკვდარი მიიყვანეს. ორსული ქალი და მისი შვილიც კერძო კლინიკაში – „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ გარდაიცვალა. არ ვიცით, რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ნაყოფი მოწყვეტილი იყო და ქალს პერიტონიტი განუვითარდა“, – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს ბუკნარის საბავშვო ბაგა-ბაღი: „წარმოუდგენლად,შემზარავი ინფორმაციით გათენდა დღევანდელი დილა! მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა შენი გარდაცვალების ამბავი, მთელი სოფელი ერთ ოჯახად გვაქცია, უცებ ყველა გავქვავდით, წამით შეჩერდა ყველაფერი! მრავალშვილიანი დედა კიდევ ერთი სიხარულის მოლოდინში იყავი, შენს ანგელოზთან ერთად იმიერში დაიდე ბინა… არ დაგცალდა, რომ გეხარა შენი შვილებით, ანასტასია ხომ ყველაზე პატარაა, გაცნობიერებაც არ შეუძლია მომხდარის, რეალობის აღქმა! ალბათ ცაში მოგძებნის. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავში იპოვის შენს სახეს და იმ ვარსკვლავს დაუწყებს ოცნებას, მოწყდეს და მას ჩაეხუტოს შენი სურნელით უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველ მართალთა შორის, ხელი ჩასჭიდე შენს ანგელოზს და ერთად ილოცე ყველა შენი დანატოვარის კარგად ყოფნისთვის!“ – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ლოლიტა პაპავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.


