“მეორე დღეს, მერაბა ბრძოლაში დაეცა… ჩემ ძმასთან მივიდა, ახლა უკვე ჩემი შვილიც იქაა” – ლანჩხუთელ გმირს 60 წელი შეუსრულდებოდა

|

Loading

მერაბ კუპრეიშვილი

“მერაბ კუპრეიშვილი, მხედრიონი, ლანჩხუთი, გურია … დაეცა ბრძოლაში, მაიმუნსაშენთან, ტამიში… დღეს 60 გახდა მერაბა” – წერს სოციალურ ქსელში არჩილ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის.

იგი მერაბ კუპრეიშვილთან, ძმასთან – ჯამბულათთან და მამასთან – ვალერისთან ერთად აფხაზეთში იბრძოდა საქართველოს ერთიანობისთვის. მერაბი და ჯამბულათი სამშობლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ. ორი წლის წინ კი უმცროსი ჯამბულათი (არჩილის შვილი) შეეწირა რუს ოკუპანტებთან ბრძოლას.

“წინადღეს, საღამოს ბრძოლით დაღლილები როცა დავბრუნდით, 7 ბოთლი ღვინო მოიტანა მერაბმა – ჩემმა ძველმა ძმაკაცმა ჯერ კიდევ სკოლიდან. საიდან ღვინო? – ვკითხე. არ იცი, ხალხი პურ-მარილითაა ჩამოსული და მართლაც მეორე დღეს, როცა ჩვენ გააფთრებულ ბრძოლაში ვიყავით, იმ ხალხმა მამაჩემს, რომელიც შტაბში მყავდა დატოვებული და გამწარებული დარბოდა, რომ ეგებ დაგვხმარებოდნენ, იმ ხალხმა ქეიფზე წასვლა შესთავაზა…
– მერაბ, წესი ხომ იცი? – ვეუბნები. – არცერთი წვეთი, მიუხედავად იმისა, რომ, ალბათ, 50 გრამიც არ შეხვდებოდა თითოეულს. ხვალ ავიღებთ და მერე…

ლანჩხუთელ გმირს დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა

მეორე დღეს, მერაბა ბრძოლაში დაეცა… ჩემ ძმასთან მივიდა, ახლა უკვე ჩემი შვილიც იქაა.

მელოდებიან… მელოდებიან…

ბოლო სანგრის შემდეგ, ბიჭებო, ბოლო სანგრის შემდეგ…

მიგვიანდება… არ მეგონა, ასე თუ გაიწელებოდა დრო… კაცთა სურვილები ხშირად არ ემთხვევა უფლის გეგმას… იყოს ნება უფლისა…” – წერს არჩილ ხოფერია, რომელიც ხშირად აქვეყნებს მოგონებებს აფხაზეთის ომიდან.

ასევე წაიკითხეთ: „დავინახე, როგორ დაწვა ხესთან… ხუთი მეტრის იქით, ზუსტად ხის გვერდით ერთი მეტრში თხრილთან მერაბაა. პირქვე ჩამხობილი, იარაღი ხელში შეყინვია“ (იხ. ბმული https://shorturl.at/QmogR)

რას ჩივი?