სოფელ სუფსაში ტრაგედია დატრიალდა. ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ლანჩხუთის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმი, 27 წლის არჩილ კვაჭაძე გახლდათ. მასთან ერთად ავარიას ემსხვეპლნენ მისი დეიდაშვილები, ძმები: 45 წლის ვასილ და 24 წლის გიორგი როყვები, ასევე ამ უკანასკნელის ახალშერთული 20 წლის მეუღლე.
არჩილს დედა ძალიან ენატრებოდა _ მხოლოდ 11 წლის იყო, როცა მის გარეშე დარჩა.
„ჩვენს ოჯახში კალანდა სევდიანად თენდება. რა დრო გასულა უშენოდ, დე. მახსოვს, როცა ავად გავხდებოდი, გულში ჩამიკრავდი, შუბლზე ხელს დამადებდი და მეტყოდი ,,შენი ტკივილი მე გადმომედება, კარგად გახდებიო“ და თითქოს მართლაც გადიოდა ჩემგან ტკივილი. მენატრები, მენატრები და ამქვეყნად ყველაზე მეტად მინდა, რომ გულში ჩამიკრა, შენი სიყვარულით გამთბარი ხმა გავიგონო. ჩემს ტკივილს არ გადმოგადებდი, დე, პირიქით, შენს ტკივილებს დავედებოდი სალბუნად. ხვალ ისევ მოვალ შენს საფლავთან, ხვალ ისევ მომებჯინება ბურთი ყელში და ცრემლებს ვერ შევიკავებ. ახლაც, როდესაც ტკივილისაგან გაწამებულს მცირე ხნით წამთვლემს, თითქოს ცხადად ვხედავ, ჩემს სასთუმალთან ღვთისმშობელივით ლამაზი,სათნო დედაჩემი მოდის. მერე თავზე ხელს მადებს და ჩურჩულებს ჩემთვის უკვე ნაცნობ და სანატრელ სიტყვებს ,,შენი ტკივილი მე გადმომედება, შენ კარგად გახდებიო, დე“ და მეც ვმშვიდდები, ტკივილიც ყუჩდება“ _ დაწერა აჩიკომ გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე.
![](https://guriatoday.ge/wp-content/uploads/2025/02/deda-shvili.png)
„თხუთმეტი წელია დედის სიშორეს ვუძლებ…“
2018 წლის 23 მაისს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, დედის დაბადების დღეზე დაწერა: „თხუთმეტი წელია ,,ვერხვის ფოთოლთა თეთრ ლაშქარს“ დავდევ, დე. ჩემთვის სათაყვანებელი შენი საფლავი განსაკუთრებულად დღევანდელ დღეს მიზიდავს. თხუთმეტი წელია დედის სიშორეს ვუძლებ… თხუმეტი წელია ბალიშს ცრემლებით ვასველებ და ბავშვივით ვბღავი… დედა, მენატრები. ჩემი დედიკოს დაბადების დღეა დღეს!“ _ მეთექვსმეტედ ვეღარ მოასწრო მილოცვა, ყველაზე მონატრებულ დედასთან წავიდა…
„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს.
ასევე წაიკითხეთ: „სიკვდილიც მე მეწევა შენამდე, მე ასე მინდა. ხვალ კიდე, გულო, უპირველესად, დედიკოს უნდა ვახარო ჩვენი სიხარული“ _ რას წერდა არჩილ კვაჭაძე (იხ. ბმული: https://rb.gy/bkqonh)