ლანჩხუთი სამი ათეული წლის წინ, ერთ-ერთი მოწინავე იყო საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. ისტორიული ფოტო სწორედ 1989 წლის აპრილის აქციებზე ჩვენი ქალაქის ცენტრშია გადაღებული. „გურია თუდეის“ არქივიდან გთავაზობთ, როგორ იხსენებენ იმდროინდელი ადგილობრივი ლიდერები 9 აპრილთან დაკავშირებულ მოვლენებს…
სოსო კვაჭაძე:
_ ვერ დავივიწყებ იმ დროს ლანჩხუთში მიმდინარე აქციებს, შიმშილობის 9 დღეს, ყვავილების ზღვას, მოშიმშილეთა წინ დუმილით მდგომარე ხალხს… ეს ის დუმილია, რომელზეც პოეტი ამბობს _ დუმილი რეკავს ტბით, ალავერდით, ოშკით, ხახულით, ხან ფერად შინდი, ხან ფერად ლეგა, რეკავს სამრეკლო, ხმა დაკარგული…

1989 წლის გაზაფხულზე ლანჩხუთში ხალხმრავალი აქციები ტარდებოდა
ამ დღის შემდეგ გაიღვიძა ჩანავლებულმა ეროვნულმა სულმა. იშვიათად, რომ დაგვიძახონ ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე, მაშინდელი აქციების ორგანიზატორებს ერთხელ შეგვეხმინენ 30 წლის თავზე, დარბაზში ჩვენი ადგილი არ მოიძებნა, ვახტანგ ზენაიშვილს უთხრეს _ შენ რადგან ლიდერი იყავი, სოსოიე გვერდით გედგაო, შენ მთელი თავი შეყავი კარებში, სოსოიამ ნახევარიო. მეტი რა გინდათ, ძმანებოო, დერეფანში ჩემი მაშინდელ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გადაღებული ფოტო ეკიდა, „კურტკა“ მაშინდელი მაცვია ახლაც, ირგვლივ არც საბჭოთა კავშირი შეცვლილა უამრავი ქართველის ცნობიერებაში… თამუნა ჭოველიძის მამამ თქვა, ამ საქართველოს შეეწირაო ჩემი შვილი? მხოლოდ უფლის მოიმედენი დავრჩით, თავისუფალი საქართველოსთვის დაღვრილი სისხლი კურთხეულ იყოს! ამინ!
რუსუდან ებრალიძე:
_ 9 აპრილი!!! გაზაფხულის ტკივილი… თავისუფლებისათვის თავგანწირულთა დაღვრილი სისხლით და სისხლიანი ცრემლით… დღეს, ისევ 9 აპრილს, ჩემი იდეადაკარგული, სასოწარკვეთილი, სულისა და ხორცის მძიმე სენით შეპყრობილი თანამემამულეებისგან სიზმრად და აჩრდილად გამოხმობილა უახლესი ისტორიიდან ეროვნული სიამაყის ეს ტიტებისფერი დღე!!! ახლა კიდევ უფრო მძიმეა სინანული, კიდევ უფრო ღრმად ჭრის ,,უძღებ ჭირისუფალს“ უკვდავი სულის გოდება: ,,…როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის?! ოხ, როდემდის, როდემდის?!“