„მამათისთვის დამახასიათებელი დილა გათენდა, ჭიშკრის ხმა გავიგეთ, მე და ბებიამ ფრთხილად გავწიეთ ფარდა და…“

|

Loading

„უცებ ტკაცანი მომესმა, მოვაბრუნე თავი და...“

„მეისპე, მურმანა, სად მაქვს ღვეზელი, ვერ დეეტიე ამ დილა სახლში?“

უშუქობაა, ბებიას თხოვნით მამათში ვარ საშობაოდ.  გურული ღვეძლების ცხობა მე მომანდო, მომიმარაგა საჭირო იგრედიენტებით, ყველაფერი რაც შეიძლება, ბევრი და ბარაქიანი. მოგეხსენებათ, მეგრელების თავმომწონეობა (ბებიაჩემი მეგრელი გახლდათ, ძაძამიას ქალი). შევუდექით მზადებას, ბავშვები ტახტზე ჩამწკრივდნენ, ღვეზლების მოლოდინით კისერწაგრძელებულები, ორი ძმიშვილი და ერთი ჩემი გახლდათ. ლამფა როგორც შეეძლო, ისე ანათებდა საშობაო სამზადისს.

გახურდა ღუმელი, ტრადიციულად, ცხემლის შეშა ტკაცანებს და საშობაო განწყობას გვიასკეცებს, ბავშვებს ერთი სული აქვთ, პირველი შეწყობა ღვეზლებისა დაისაკუთრონ. კამათობენ კიდეც, შენ პატარა გერგება, მე კი დიდი, ან სულაც, ყველა ჩემია პირველი დაცხობა, მერე კი თქვენიო… ბებია ამშვიდებს – დაწყნარდით, ბავშვებო, ყველას გეყოფათ, ოღონდ გვაცადეთო.

ამოვჭერი პირველი ცომის გუნდები, შევკაზმე ყველითა და კვერცხით და შევაბრძანე დიდი მოწიწებით ღუმელში. ვიგრძენი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. გავხედე და შექეიფებული ჩემი ძმა  შემოღიღინდა, რომელსაც „კოსტაიასავით“ გიტარა სულ თან ქონდა, მოგვიმღერა მე და ბებიას, კარგად შეგვათვალიერა, ღვეზლები შეგვიქო და უცებ შარიც მოგვდო, რატომ არის ეს ლამფა მაგიდაზე და რატომ კედელზე არ კიდიაო.

ჩვენც ჩვენის მხრივ რაღაცას ვუმტკიცებთ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, დასტაცა ამ ლამფას ხელი, ვითომ კედელზე მისაკიდად, მაგრამ ვაი, წაძვრა თავი და მისმა აღმატებულება ნავთმა მაგიდაზე რაც რომ იყო, ყველაფერი მონათლა. ახლაც არ ამომდის ბებიასა და ბავშვების სახე თვალებიდან, ქანდაკებებივით იყვნენ კარგა ხანი, სიტყვას ვერავინ ვამბობდით, ვიღას ახსოვდა ღუმელში შეწყობილი ღვეძლები, ისიც დავწვით. ბავშვებს უთქმელობითა და ზედმეტი სიწყნარისგან ჩაეძინათ,  ჩემი ძმა კი, გიტარაზე უკრავდა წყნარად და გვამშვიდებდა, რა უჭირს მერე ღვეზლები თუ არ გვექნება შობასო. მე და ბებია კი, წაწყმენდილები, რაც შეგვეძლო, ვხეხავდით და ვწმენდდით, როგორმე ნავთის სუნი გაგვექრო…

ლამაზი, მამათისთვის დამახასიათებელი დილა გათენდა, ჭიშკრის ხმა გავიგეთ, მე და ბებიამ ფრთხილად გავწიეთ ფარდა და ვხედავთ, მურმანი ბიძია გზადაგზა როგორ ეტრაბახება თავის კარის მეზობელ კარლოს _ „დედამ რომ ღვეზელი იცის, იმისთანას მამათში კი არა, მთელს გურიაში ვერ ნახავო“.

უცებ ტკაცანი მომესმა, მოვაბრუნე თავი და დავინახე ბებიამ როგორ ჩამოიხოკა ლოყა – „მეისპე მურმანა, სად მაქვს ღვეზელი, ვერ დეეტიე ამ დილა სახლში?“

ეს ისტორია ჩემთვის ტკბილი მოგონებაა, განსაკუთრებით მიყვარს ეს დღესასწაული, ცომის ზელისას მთელ სულსა და გულს ვაქსოვ, ვეფერები ცომს, ყველას სახელს ვუთქვამ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება…

მრავალ შობას დაგასწროთ უფალმა, ჩემო მეგობრებო, ეს ხომ სიკეთისა და ნატვრის ახდენის დღე სასწაულია!!

ნინო ჩხაიძე

რას ჩივი?