„შეეძლო და შექმნა რაიონის ცხოვრებაში დაუვიწყარი გაზეთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა წერილი ლამის ზეპირად იცოდა მკითხველმა, ყველა ავტორს ცნობდა და ელოდა…“
„ლანჩხუთი პლუსის“ ყოფილი ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე ახლახან გარდაცვლილ ლეგენდარულ რედაქტორზე, ქეთევან ნაკაშიძეზე ემოციურ წერილს აქვეყნებს:
„სულ ასე მგონია, რომ სათანადოდ ვერ მივეფერეთ ბოლოს, როცა გაზეთი დაიხურა.
არადა, ეპოქა შექმნა, მთელი ეპოქა.
“ლანჩხუთი პლუსი” არ იყო მხოლოდ გაზეთი ჩემთვის, უფრო სწორად, ნებისმიერის პლუსელისთვის, ეს იყო იმედების, ახალგაზრდული შემართებისა და ბრძოლის ჟინის, სხვებისთვის, უფრო სწორად, სამყაროსთვის რაღაცის დამტკიცების ადგილი, მიზანი, საშუალება.
იქ, თეთრად კედლებიან სამ ოთახში ჩვენი პატარა ლანჩხუთის თანამედროვე ისტორია იწერებოდა წვალებით, ბრძოლით, ჩხუბით, ბრაზით, მაგრამ იწერებოდა. იმ კედლებს დედა-დიასახლისიც ჰყავდა, კედლებივით თმათეთრი, დაუზარელი ქალბატონი ქეთევან ნაკაშიძე, ჩვენთვის, პლუსელებისათვის კი, უბრალოდ, ქეთინო დეიდა.
ქეთევან ნაკაშიძემ ეპოქა შექმნა!
დღეში სამი ინფორმაცია უნდა მოიტანოთ, ეს ზაზა ნაკაშიძის დირექტივა და სურვილი იყო, ქეთინო დეიდას კი ვეცოდებოდით, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდით ყველამ, რომ გაზეთი საინტერესო სხვანაირად ვერ გახდებოდა.
და ვედებოდით ჩვენი პატარა ქალაქის ქუჩებს მაცაცო, სოფო, მაკა, სოფო, მაკა, გოჩა, ლალი, კახა, ხვიჩა, ნესტანი, რუსიკო, ნანა, ნანა, თეა, ნათია, ლევანი... და თქვენი მონა-მორჩილი… კომპიუტერებთან კი დიდოსტატობდნენ ნუგზარი, ნანა, თამრიკო, ნანა... და იწერებოდა, იქმნებოდა იქ, იმ პატარა, თეთრკედლებიან ოთახებში ჩვენი ლანჩხუთის თანამედროვე ისტორია, ისე იწერებოდა, გაზეთი ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა წერილი ლამის ზეპირად იცოდა მკითხველმა, ყველა ავტორს ცნობდა და ელოდა…
მე წამოვედი გაზეთიდან, ის კი მაინც ქეთინო დეიდად დარჩა ბოლომდე.
რამდენიმე წლის წინ “ლანჩხუთი პლუსმა” უკანასკნელი ნომერი გამოუშვა და დაიხურა. პირველად მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემი ახალგაზრდობა მართლა დასრულდა, რომ ის კნაჭა გოგო, რომლის დანახვაზე ლალი ლომაძე ყველას აფრთხილებდა, კაბა აცვიაო და რომელიც სიამაყით ივსებოდა, როცა ეტყოდნენ, გაზეთის კითხვას შენი სახელისა და გვარის წაკითხვიდან ვიწყებო, უკვე დიდი ქალი გახდა…
„ლანჩხუთი პლუსის“ ბოლო ნომრის გამოცემის შემდეგ (28 სექტემბერი, 2021წ.)
შეეძლო და შექმნა დაუვიწყარი გაზეთი რაიონის ცხოვრებაში. იცოდა და შემოიკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდები გვერდში. პროფესიონალი იყო და არაფერი გამოეპარებოდა მის მახვილ თვალსა და კალამს…
გარდაიცვალა ქეთევან ნაკაშიძე… გული ჩამწყდა, მეტკინა… ის დასრულდა და მასთან ერთად დასრულდა ეპოქა სახელად “ლანჩხუთი პლუსი”…
ნათელში იყავი, ქეთინო დეიდა“ _ წერს ნინო მშვიდობაძე.