„იმ ოჯახის წევრები აფრიალებენ „გურია თუდეის“ გვერდზე დაწერილ სტატუსს, გუშინ წამალი და სხვა საჭიროებები რომ მივაწოდეთ“ _ იზა მათითაიშვილი

|

Loading

იზა მათითაიშვილი

ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი სოფელ აცანაში იზა მათითაიშვილი წერს, რომ ის ადამიანები „აფრიალებენ „გურია თუდეის“ გვერდზე დაწერილ სტატუსს, რომლებსაც წინადღეს წამალი და სხვა საჭიროებები მიაწოდეს:

„მართლა არაა ის მომენტი, კომენტარებზე პასუხები ვწეროთ, მაგრამ ამ უმადურობასაც გვერდს ვერ ავუვლი. იმ ოჯახის წევრები აფრიალებენ „გურია თუდეის“ გვერდზე დაწერილ სტატუსს, გუშინ წამალი და სხვა საჭიროებები რომ მივაწოდეთ. ემზარი [თევდორაძე, სოფლის მაჟორიტარი, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე] თავდაუზოგავად გვერდში დაუდგა და ამოიტანა ყველა საჭირო საკვები თუ მედიკამენტი. არც ვინმეს მადლობა გვინდა, ამას მადლობისთვის არ ვაკეთებთ, ეს ჩვენი ადამიანური თანადგომა და ამავდროულად ვალდებულებაა. შუქი მხოლოდ რამდენიმე აბონენტს არ მიეწოდება, გაზი სრულად ჩართულია. 24/7-ზე ჩვენი ტელეფონები ჩართულია და ყველაფერს გავაკეთებთ რომ არცერთ ოჯახს არც საფრთხე და არც საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება შეეზღუდოს“ _ წერს სოციალურ ქსელში მერის წარმომადგენელი, რომელიც ნომრებს აქვეყნებს (577312020, 593232223), რომლებზეც შეუძლიათ დახმარებისთვის დაუკავშირდნენ.

აცანა, 23.02.2025 | ფოტო იზა მათითაიშვილის ფეისბუქ-გვერდიდან

მანამდე რამდენიმე საათით ადრე მანვე დაწერა: „დღეს ცენტრალური გზა მძიმე ტექნიკით გაიწმინდება. ამ ეტაპზე შეზღუდულია მოძრაობა და გთხოვთ თავი შეიკაოთ გადაადგილებისგან. შიდა გზების გაწმენდა დიდი თოვლის გამო ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ მდგომარეობას. თუ ვინმეს აუცილებელი რამე დაგჭირდებათ, შეგვეხმიანეთ (პური არის მაღაზიაში). ჯანმრთელობას და ბედნიერ დღეს გისურვებთ!“

ცნობისთვის: დღეს, „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა ლანჩხუთის საკრებულოს წევრის, გივი ცინცაძის ფოტოები აცანიდან, წარწერით: “სოფელი აცანა, სადაც არც ელექტროენერგია მოეწოდებათ, არც გზაა, გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი, ხალხი საკუთარ ჭიშკრამდეც ვერ მიდის”.

ამის გამო გურიის დელეგატის, ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს უფროსმა, მაია ლომთაძემ ადგილობრივი მედია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ჩვენი პასუხი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე: https://shorturl.at/mxQYh

რას ჩივი?