თათია გაბუნიამ გურულებს ქულა გადაურჩინა… ფავორიტების ჯახმა კითხვას პასუხი ვერ გასცა, თბილისელებს ლანჩხუთში თურქები ქომაგობდნენ

|

Loading

თათია გაბუნიამ 11-მეტრიანი მოიგერია

ლანჩხუთის „ევგრაფ შევარდნაძემ“ არამხოლოდ ტურის მთავარ შეხვედრას უმასპინძლა. თითქოს ფავორიტების წელს გასამართი 4 შეხვედრიდან პირველს გარკვეულ კითხვებზე პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ პირიქით მოხდა _ მათ ბოლო დაპირისპირებამდე არაფერი იქნება გარკვეული. სხვა გუნდები მათ დავაში, უბრალოდ, ვერ ჩაერთვებიან და სავარაუდოდ, მხოლოდ ერთმანეთს თუ დააკარგაგვინებენ ქულებს „ლანჩხუთი“ და „ნიკე-ლუსო“.

სატურნირო მდგომარეობა 6 ტურის შემდეგ

ლანჩხუთური შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შესაძლოა, სანახაობრივი მხარე და სახიფათო მომენტების მაჩვენებელი დაბალი იყო, მაგრამ ასეთ მატჩებს თავისი „სიმძიმე“ ყოველთვის ახლავს ხოლმე. ორივე გუნდს შეეძლო მოგება, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. საუკეთესო შანსი სტუმრებს ჰქონდათ _ „ლანჩხუთის“ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე თეონა ბაქრაძეს, რომელიც ამჟამად „ნიკე-ლუსოს“ ღირსებას იცავს, კლუბში ყოფილმა თანაგუნდელმა და ეროვნული ნაკრების მეკარე თათია გაბუნიამ 11-მეტრიანი ნიშნულიდან არ გაატანინა…

საბოლოოდ, 0:0 და ლანჩხუთელი ქომაგების შიში, რომ მათი საყვარელი გუნდი წელს საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდებოდა, უსაფუძვლო გამოდგა.

ეს შიში კი ნამდვილად არ იყო ჰაერიდან მოტანილი _ სეზონის წინ ჩემპიონები 17-მა მოთამაშემ დატოვა, ხოლო „ნიკე-ლუსო“ ძალიან გაძლიერდა. თურქმა მფლობელმა, ბურჰან იალვაჩმა კლუბს, როგორც ამბობენ, საუცხოო პირობები შეუქმნა და თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, „ნიკე-ლუსოს“ რა დაფინანსებაც აქვს, მთავარი ლიგის დანარჩენ 9 გუნდს ჯამშიც არ ექნებაო…

„ბურსას“ ულტრასების ბანერი „ევგრაფ შევარდნაძეზე“

ამის მერე არცაა გასაკვირი, თბილისური კლუბის ახალი მფლობელი თუ ლანჩხუთში იოლ მოგებას იმედოვნებდა… მან თამაშზე საქომაგოდ თავისი თანამემამულეები („ბურსას“ ულტრასები) ჩამოიყვანა _ თურქმა გულშემატკივრებმა „ევგრაფ შევარდნაძეზე“ ბანერებიც გამოფინეს და „ნიკე-ლუსოსაც“ აქტიურად უქომაგეს…

17.04.2025 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე | ლანჩხუთი 0:0 ნიკე-ლუსო | ლანჩხუთი: გაბუნია, გუჯაბიძე, ეჯიბია, კალანდაძე, ჩხარტიშვილი, წიქარიძე (72″ დიმოპულუ), რასელი, პირჩიცი, ბოლქვაძე (79″ გიდესი), სულაშვილი, მატვეევა (87″ ჯანიკაშვილი)

რას ჩივი?