„ეს რა გავიგე, რატომ, ღმერთო?! სრული შოკი მაქვს… შენი სიხალისით, სიკეთით და სიყვარულით სავსე გული რამ გააჩერა ასე ნაადრევად“ _ ლანჩხუთელები კობა ზენაიშვილს ემშვიდობებიან

|

Loading

კობა ზენაიშვილი | ფოტო „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან

ლანჩხუთელი კობა ზენაიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში გურული იუმორითა და გასართობის კონტენტით გამოირჩეოდა, დილით ახლობლებმა სახლში გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, მას გული აწუხებდა და გარდაცვალების მიზეზიც, სავარაუდოდ, გულის შეტევა იქნებოდა.

კობა, ძმაო, არ მჯერა, შენი სიხალისით, სიკეთით და სიყვარულით სავსე გული რამ გააჩერა ასე ნაადრევად _ წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ლელა ჩახვაძე, ლანჩხუთელი პოლიტიკოსი, რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. „ლანჩხუთის მოამბეს“ რედაქტორი ნუნუ ღლონტი ასევე სოციალურ ქსელში წერს: ეს რა გავიგე, რატომ, ღმერთო?!

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი კახა ბერიძე ახლობელ ადამიანს ემოციურ პოსტით ემშვიდობება:

სრული შოკი მაქვს.

დავწერ წავშლი, დავწერ წავშლი. რა დავწერო, არ ვიცი, არადა თითქოს წერა მეხერხება.

ამ დილით გურიიდან თბილისში ჩამოსული ეს ამბავი მეხის გავარდნაზე უარესი იყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს კაცი ბავშობიდან უკვდავი მეგონა. ბავშვობის ეს წარმოსახვები არც ყმაწვილკაცობასა და ზრდასრულ ასაკში გამქარწყლებია.

კობა ზენაიშვილზე წარსულ დროში როგორ უნდა ვილაპარაკო, არ ვიცი. ამას ვერც ვერასდროს ვისწავლი. ეჰ, კობჩიკ, არ უნდა გადაგესვა ხაზი ჩემი ბავშობის ფიქრებისთვის, თან ჯერ რა დროს შენი სიკვდილი იყო.

 ჩემს ქორწილში რომ თამადობდი, გიყურებდი და მახსოვს, რამდენჯერმე წამიერად წამიღო ფიქრებმა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი ქორწილის წინამძღოლი თუ არა ეს უკვდავი კაცითქო.

რაღაც სისულელეები დავწერე, მგონი. აბა, ბიჯო, შენ სიკვდილზე დალაგებულად რა უნდა ვთქვა ან როგორ?

რაღაცას ვჯღაბნი და არც მჯერა, რომ შენ წასვლაზე ვწერ. არა მგონია, ვინმემ მასწავლოს შენზე წარსულ დროში ლაპარაკი.

შენ ხომ ჩემს წარმოსახვაში ყოველთვის უკვდავი იყავი და მუდამ ასეთად დარჩები_ წერს კახა ბერიძე სოციალურ ქსელში.

„გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს კობა ზენაიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს.

რას ჩივი?