„მადლობა ჩემს შვილს, რომელმაც შექმნა ეს გაზეთი და მაჩუქა ბედნიერება, სიცოცხლის მიწურულამდე მეშრომა ყველაზე საინტერესო სპეციალობით“

|

Loading

ქეთევან ნაკაშიძე და მარინა კვიტაიშვილი

ზუსტად 30 წლის წინ, ლანჩხუთში პირველი დამოუკიდებელი გაზეთის პირველი ნომერი გამოვიდა _  „ლანჩხუთმა პლუსმა“ ეპოქა შექმნა. სამწუხაროდ, იუბილეს მისი ლეგენდარული რედაქტორი ვერ მოესწრო. იმიერში ვულოცავთ ქალბატონ ქეთევან ნაკაშიძეს და გთავაზობთ მის სტატიას, რომელიც „ლანჩხუთი პლუსის“ 25 წლის იუბილეზე გამოქვეყნდა:

ესეც ასე! უხმაუროდ და მოკრძალებულად გადავაგორეთ ჩვენი გაზეთის დაბადების დღე, როდესაც მას 25 წელი შეუსრულდა. თუმცა აქვე გეტყვით, რომ გულისამაყუჩებელი მოვლენების გარეშე მაინც ვერ გადავრჩი პირადად მე. ამაღელვებელი იყო „გურია თუდეის“ ნომერი, რომელშიც ახალგაზრდა კოლეგები გვილოცავენ არც თუ უმნიშვნელო თარიღს. ამ წერილს ვწერ და ვფიქრობ, ხომ არ გადმოგვებეჭდა რამე მამუკა ქანთარიას ნამუშევრიდან? ვნახოთ, ამას ჩვენი გაზეთის მეორე რედაქტორი გოჩა ჯანაშია გადაწყვეტს.

უმადურობა იქნებოდა ამასთან ერთად, რომ არ გამოგვეთქვა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მადლიერება. დიდი მადლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ალექსანდრე სარიშვილს, მისი დამოკიდებულებიდან ჩვენდამი ვადასტურებ, რომ ამ ახალგაზრდას დიდი მომავალი აქვს, თუ ლანჩხუთელი ინტრიგანები ხელს არ შეუშლიან. მოხიბლული ვარ საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონ ბესიკ ტაბიძის ტაქტითა და ზომიერებით, რომლითაც ის უძღვება ჩვენს მიერ არჩეული საკრებულოს ჭრელა-ჭრულა შემადგენლობას.

მადლობა მხარის გუბერნატორს, ბატონ ზურაბ ნასარაიას და მისი აპარატის გონიერ შემადგენლობას გულითადი მოლოცვისათვისს და აქვე მინდა გამოგიტყდეთ, რომ გუბერნატორებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მათ პირველ წარმომადგენელთან, ბატონ მიხეილ ჭკუასელთან თანამშრომლობის შემდეგ.

წინასწარ ვუხდი მადლობას, ვინც აწი დამირეკავს, ან უკვე დამირეკა და იუბილე გულით მოგვილოცა.

ცხადია, ყველაზე დიდი მადლობა ზაზა ნაკაშიძეს, ჩემს შვილს, რომელმაც შექმნა ეს გაზეთი და მაჩუქა ბედნიერება, სიცოცხლის მიწურულამდე მეშრომა ჩემს მიერ არჩეული, ყველაზე საინტერესო სპეციალობით მთელი დედამიწის ზურგზე.

მადლობა მკითხველებს, რომელთაც არ ეზარებათ ჩვენს გაზეთში ფულის გადახდა და ინტერესით კითხულობენ მასში გამოქვეყნებულ წერილებს. მადლობა გაზეთის დამტარებლებს, რომელთაც მათთან მიაქვთ „ლანჩხუთი plus“-ის ყოველი ნომერი.

მადლობა ჩვენი გაზეთის ყოფილ და ამჟამინდელ თანამშრომლებს, რომლებსაც სახელმწიფო მოხელეებთან შედარებით მიზერული ხელფასი აქვთ და მაინც ერთგულად ემსახურებიან საგაზეთო საქმეს. მადლობა სპორტის მესვეურებს, რომლებიც ხალისით თანამშრომლობენ ჩვენთან და კიდევ უამრავ ავტორს, რომელთა წერილები ავსებენ, ამდიდრებენ და საინტერესოს ხდიან გამოცემას.

„ლანჩხუთი პლუსის“ თანამშრომლები რედაქციის შესასვლელში

მინდა გავიხსენო ჩვენი ლევან შალიკაშვილი, რომლის მოულოდნელი წასვლა ამ ქვეყნიდან არის უდიდესი დანაკლისი ჩვენთვის და ყოველთვის მოწიწებით ვიხსენებთ მის უკიდეგანო განათლებას, მართლაც არისტოკრატულ მანერებს და ცხოვრების წესს.

რა იქნებოდა ჩვენი გაზეთი ამალია ხუხუას საოცარი სტატიების, ომარ ხუციშვილის ობიექტური და სამართლიანი პუბლიკაციების, ან ზოია ტუღუშის მიგნებული თემების გარეშე…

ერთი სიტყვით, გაზეთი არის მრავალი ადამიანის შრომის შედეგი და თუ მას სარგებელი მოაქვს საზოგადოებისათვის, ჩათვალეთ, რომ ღმერთმა ჟურნალისტები ტყუილად არ გაგვაჩინა.

მართალია, ბევრი სიძნელეც გვხდება ჩვენს საქმიანობაში, არაერთი დაუმსახურებელი საყვედურიც მიგვიღია, მაგრამ იმის რწმენა, რომ ადამიანებს სჭირდებათ ჩვენი მართალი სიტყვა, არაერთ გაჭირვებულს დახმარებია ჩვენი გამოსარჩლება და წინ კიდევ უამრავი საქმე გვაქვს, რადგან თუნდაც ის ფაქტი, რომ ლანჩხუთის მოსახლეობის მხოლოდ 20%-ს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე, ხოლო ტელევიზიები გადაიქცა ვაიპოლიტიკოსების ჭიდილის ასპარეზად, ზოგი მათგანი საეთერო დროის დიდ ნაწილს თურქული ფილმების დაუსრულებელ შექსპირიადას უძღვნის, იმხელა მოტივაცია გვაქვს, რომ გამოვცეთ გაზეთები და შევინარჩუნოთ ტრადიციული, გამოცდილი, მრავალჭირნახული ჟურნალისტიკა და განა შეიძლება ამაზე უარის თქმა?

ამიტომ წარმატებებს ვუსურვებ ბებერ „ლანჩხუთის მოამბეს“, ახალგაზრდა „გურია თუდეის“, უკვე მტკიცედ დამკვიდრებულ „ჰო და არას“, ჩვენი მეზობლების ნამოღვაწარ „გურიის მოამბეს“ და თითქმის სისხლით  ნათესავ „გურია News“-ს.

გული არ გაიტეხოთ, ახალგაზრდებო, ღმერთი ხედავს ჩვენს შემართებას და თავდადებას, იმედია ხელისუფლებებიც დაინახავენ და ვიყოთ ხალხის სამსახურში კიდევ არაერთ წელიწადს.

 ქეთევან ნაკაშიძე, „ლანჩხუთი plus”, #5 (2113),  24 იანვარი, 2020 წ.

რას ჩივი?