დიდი და კარგი ამბები ხდება ლანჩხუთში. „გურია“ მეოთხე ლიგიდან მესამეში გადავიდა და ჩანს აღორძინების გზაზე დადგა. ყოველ შემთხვევაში ისეთი პატრონი გამოუჩნდა, აწი არც ყურადღება დააკლდება და არც მთავარი – ინვესტიცია. ერთ დროს მთელი ქვეყნისთვის სათაყვანებელი გუნდი ბიზნესმენმა კახი ჟორდანიამ შეიძინა, თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ვაჟმა. კახი, ადრე ნიდერლანდებში „დენ ბოსხის“ აქციათა დიდი წილის პატრონი გახლდათ, თუმც ადგილობრივი კანონმდებლობის პირობებში საქმე ბოლომდე ვერ ააწყო. შემდეგ რამდენიმე სხვა უცხოურ კლუბთანაც ახლოს იყო, აგერ, ახლა კი მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა…
კახი პატრონი კი არის, თუმც საკლუბო საქმეებში დიდი გამოცდილების მქონე მერაბ ჟორდანიაც იქვეა და დირექტორატი, რომელიც მთლიანად იმ ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება, რომლებმაც 1988-1989 წლებში სსრკ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მეორედ მოიპოვეს, მაგრამ აღარ დასცალდათ – საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც სწორედ მაშინდელი „გურია“ გახლდათ.
„გურიას“ მესამე ლიგაში ასვლას ლანჩხუთის ახალი სტადიონის მშენებლობა მიჰყვება. უკვე დადასტურებულია, რომ სახელმწიფო სახსრებით აშენდება 5-ათასიანი არენა. ძველებს ემახსოვრებათ, კლუბთან ერთად კიდევ ერთი ლანჩხუთური სასწაული – ქალაქის მოსახლეობაზე მეტი გურიას სტადიონის ტევადობა იყო, რაც მთელ საბჭოეთს სალაპარაკო ჰქონდა.
რაც შეეხება გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზას, რაც გურულებისთვის ასევე საამაყო იყო. თავადაც რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ვიცი, როგორი საფეხბურთო წალკოტი იყო თავის დროზე იქ, შავი ზღვის პირას. გრიგოლეთის ბაზა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, ის ტერიტორია, ახლა უკვე მთლიანად კახი ჟორდანიას ხელშია და იქაურობის კეთილმოწყობა მალე დაიწყება.
დღეიდან კი ლანჩხუთში ფაქტობრივად ახალი გუნდის კეთება იწყება. ამ ეტაპზე გურია იმ დონემდე მაინც არის გასაძლიერებელი, რომ გაისად უკვე მესამედან მეორე ლიგაში დაწინაურდეს და მალევე ეროვნულში აღზევდეს. ეროვნულ ლიგამდე კი „გურიას“ ბაზაც ექნება და ახალი სტადიონიც. ამბიცია, იცოცხლეთ, გურულებს რომ აქვთ, ისეთი უნდა. გახსოვთ, ანსამბლ „ივერიას“ ერთი ცნობილი სიმღერა? – გველის სასწაული, გასაკვირალი, გურიას და ბავარიას სუპერფინალი…
წარმატებები გურულებს!
ზაალ მუჯირი, www.leadersport.ge


