იქ ძეგლი უნდა დავუდგა გოლს ბესიკ ფრიდონაშვილის… გურულების ყველაზე დიდი საფეხბურთო ავანტიურა: 1986 წლის 12 ნოემბერი – დღე სასწაული, რომელმაც ლანჩხუთის ცხოვრება შეცვალა

|

Loading

1986 წლის 12 ნოემბერი, ბათუმი | მატჩის ტაბლო 85-ე წუთზე 1:0-ს აჩვენებს

1986 წლის 12 ნოემბერი იდგა…

ლანჩხუთში დილიდანვე დიდი ფაცი-ფუცია. პატარა ქალაქი ისტორიის დასაწერად ემზადება…

„გურიას“ ყველაზე დიდი პატრონის, ევგრაფ შევარდნაძის ყოფილი „ატეკა“ საქალქთაშორისო რეისებს აუქმებს _ იმ დღეს გურიის ამ ქალაქიდან ტრანსპორტს ერთი მიმართულება აქვს _ ბათუმი!

დილიდანვე, ავტობუსებისა და ავტომობილების უწყვეტი კოლონა აჭარის დედაქალაქისკენ მიემართება. დანიშნულია დამატებითი სამგზავრო მატარებლებიც…

იმ დღეს, ბათუმის ცენტრალურ სტადიონზე 10 ათასზე მეტი ლანჩხუთელი მოიყრის თავს. 20 ათასიანი არენა კი თითქმის 10 ათასით მეტს დაიტევს…

„ბედნიერად დადგა ჩემთვის ეს 12 ნოემბერი,

 უმაღლეს ლიგას ვესტუმრე, დაბრუნებას აღარ ველი…

ჩვენ ლანჩხუთელებს – უმაღლეს ლიგაში გვიყვარს გადასვლა,

მიზანი ყველას ერთი გვაქვს, ასპარეზი გვაქვს _ სხვადასხვა…“

„ნიანგის“ ლეგენდარული რედაქტორის, ზაურ ბოლქვაძის ეს სტროფები 12-ში საღამოს დაიწერება…

უფრო გვიან კი, ადგილობრივი გაზეთი „კომუნისტური შრომა“ საბჭოთა ლიდერების ცენტრალური კომიტეტის ყრილობაზე გაკეთებულ მოხსენებებს გვერდზე გადადებს და მთელ ნომერს „გურიას“ მიუძღვნის… ამას რედაქტორი თეორიულად დაჭერის რისკის ფასად გააკეთებს…

… მანამდე კი, ბესიკ ფრიდონაშვილი გაიტანს გოლს, რომელიც ლანჩხუთის ისტორიას შეცვლის!

ამ დღიდან, ქალაქი, რომლის მაცხოვრებელთა რაოდენობა 10 ათასს არ აღემატება,  მილიონიანი 15 ქალაქის გუნდების პირისპირ ითამაშებს…

1986 წლის 12 ნოემბერს, „გურიას“ მესვეურებმა სისრულეში მოიყვანეს წლებით ადრე დაგეგმილი გურულების ყველაზე დიდი საფეხბურთო ავანტიურა _ „სოფლის გუნდს“ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში უნდა ეთამაშა!

მიუხედავად იმისა, რომ „გურიაში“ საუკეთესო ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი, წინა სეზონში მე-17 ადგილზე გასულ გუნდს მაინც არავინ არაფრად აგდებდა, სანამ… ცსკა-ს არ წამოეწია. თუმცა კლუბის მმართველებმა, რომლებსაც გაუგონარი და გიჟური ავანტიურა ჰქონდათ წამოწყებული, კარგად უწყოდნენ, რომ „სოფლის გუნდს“ საბჭოთა არმიაზე წინ არავინ გაუშვებდა. ამ დროს კი, რიგის „დაუგავას“ 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, თან მაშინ 2-ქულიანი სისტემა იყო და დარჩენილ 10 ტურში ამხელა ფორის განიავება დაუჯერებელი მოჩანდა.

თუმცა რაც არ სჯეროდათ რიგაში, აღასრულეს გურულმა საფეხბურთო მოხელეებმა და „კომბინატორებმა“ (ასეთად საბჭოთა კავშირში ე.წ. „ცეხავიკებს“, ფულიან ხალხს მოიხსენიებდნენ) _ რა გასაკვირია, თუ ბალტიისპირული გუნდის მთავარი მწვრთნელის უცხოურ კურსებზე „გაშვებასა“ და რიგელთა ქულების პანტა-პუნტით დაკარგვაში (ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ 7 ქულა დააგროვეს), გურული კლუბის მესვეურთა „დახმარებაც“ დაინახეს…

გაკვირვებული ჰყვებოდა „გურიას“ პრეზიდენტი ამირან წილოსანი, რაც მოსკოვის საავადმყოფოში იმედო დუნდუას მონახულებისას საკუთარი თვალით იხილა: საბჭოთა ფეხბურთის სამმართველოს წარმომადგენელი პალატაში ესტუმრა კლუბის ლეგენდარულ დირექტორს და ჩემპიონატის კალენდარი შეუთანხმა!

არსად გამოჩენილა, მაგრამ აშკარა იყო, გურულების ავანტიურას „ზემოთ“ პატრონი ჰყავდა _ ეს უჩინარი კაცი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე უნდა ყოფილიყო _ „გურიას“ ყველაზე დიდი გულშემატკივრის, მაშინ უკვე გარდაცვლილი ევგრაფ შევარდნაძის ძმა…

„დიდი მამათელის“ ჩარევის გარეშე შეუძლებელი იყო ლანჩხუთის საფეხბურთო ინფრასტრუქტურის 23 მილიონით დაფინანსება, როცა მთელი რაიონის ბიუჯეტი 5 მილიონს არ აღემატებოდა…

მათ ლანჩხუთის ისტორია დაწერეს… ქვედა რიგში, მარცხნიდან: ენუქი თევზაძე, გოჩა ტყებუჩავა, ირაკლი იმნაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი და სერგეი შვეცოვი. შუა რიგში, მარცხნიდან: ბეგი სიხარულიძე (მთავარი მწვრთნელი), გიგლა იმნაძე, ბესიკ ფრიდონაშვილი, მურმან აკოფიანი, ლევან მელიქია, კარლო მჭედლიძე და იმედო დუნდუა (გუნდის უფროსი); ზედა რიგში, მარცხნიდან: თეიმურაზ ჩხაიძე, თეიმურაზ ებანოიძე, ალექსანდრ კონდრატიევი, მერაბ თევზაძე, გია გილიგაშვილი, ბადრი დანელია და გურამ ცარიელაშვილი (ექიმი)

თუმცა შეუძლებელი იყო, ეს ყველაფერი ფეხბურთელების და ამ ტრიუმფის მთავარი შემოქმედის, ბეგი სიხარულიძის გარეშე მომხდარიყო _ კაცის, რომელიც „გურიას“ ისტორიაში ლეგენდად შევიდა ცალკე როგორც ფეხბურთელი და ცალკე _ როგორც მწვრთნელი, რომელმაც კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა!

… სასწაული სანახავი იყო ბათუმიდან ლანჩხუთში მომავალი გამარჯვებული ქომაგების უწყვეტი კოლონა და გზისპირა სოფლებიდან გამოფენილი მოსახლეობა, ჩირაღდნებით ხელში…

მარტო ამის სანახავადაც ღირდა ის დისკვალიფიკაცია, რომელიც „გურიას“ საბჭოთა ფეხბურთის სამმართველომ მხოლოდ იმისთვის „გამოუწერა“, რომ წინა საშინაო შეხვედრაში, მთავარ კონკრენტ „დაუგავასთან“ მოგების შემდეგ, გახარებული ქომაგი მოედანზე გადავიდა…

„მალე გიჩვენებთ უეფას თასის ფინალში თამაშს,

თასს ლანჩხუთში ჩამოვიტანთ და შიგ „ბახმაროს“ ჩავასხამთ,

ფრთები რომ ფართოდ გაშალოს დიდმა ფეხბურთმა, ქართულმა,

უთუოდ უნდა მომბაძოს ქუთაისმა და ბათუმმა.

ბათუმთან მუდამ მექნება უმჭირდოესი კავშირი,

იქ ძეგლი უნდა დავუდგა გოლს ბესიკ ფრიდონაშვილის,

იბრწყინებს ოქროს ფინიშით, თუკი მომბაძავს თბილისიც,

თუ არ მომბაძავს, ეგება, სულ გამოვარდეს _ ვინ იცის?“

ესეც ლეგენდარული ზაურ ბოლქვაძის 12 ნოემბრის სალაღობოდანაა. უეფას ვერა, მაგრამ საქართველოს პირველი თასი კი ჩამოვიტანეთ ლანჩხუთში. თუმცა მერე კლუბს დიდი დაღმასვლა დაეწყო და „გურია“, რომელიც ქართული კლუბების სამეულში ყოფნით იწონებდა თავს, დღეს მეოთხე ლიგაში ასპარეზობს…

თუმცა 1986 წლის 12 ნოემბერი ის დღე სასწაულია, რომელმაც გურიის პატარა ქალაქის ცხოვრება შეცვალა და სამუდამოდ დატოვებული იმედია, რომ „გურია“ კიდევ გადარევს დუნიას…

რას ჩივი?