მერე მის ცხოვრებაში ევგრაფი გამოჩნდა… „მის ანგარიშზე ბურთი ასია, ბომბარდირია ჩვენი ვასია“ _ გავიხსენოთ „გურიას“ ყარაგანდელი ლეგენდა

|

Loading

ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ფეხბურთელი ვასილ ტროიანი 1947 წელს ყარაგანდაში (ყაზახეთის სსრ) დაიბადა. ერთი თვის იყო, როდესაც ოჯახი ქუთაისში გადასახლდა. ფეხბურთში ვარჯიში  11 წლის ასაკში დაიწყო „კოლხიდას“ სტადიონზე, მწვრთნელ მიხეილ ლოსაბერიძის ხელმძღვანელობით.

სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ქუთაისის „იმერეთში“ თამაშობდა, რომელსაც ღუტუშა ასათიანი წვრთნიდა. დემობილიზაციის შემდეგ მან თერჯოლის „საპოვნელაში“ მიიწვია. სწორედ ამ გუნდში გამოავლინა ფორვარდისთვის საჭირო საუკეთესო თვისებები. ფაქტობრივად, არცერთ თამაშს არ ტოვებდა უგოლოდ. შემთხვევით არ იყო, რომ ნოდარ ახალკაცმა „ლოკომოტივში“ იხმო. 1970 წელს მიშა მესხთან და დავით ყიფიანთან ერთად თამაშობდა რკინიგზელთა გუნდში. ყიფიანს გამორჩეულად დაუმეგობრდა. თბილისში ბინას ნუ ეძებ, ჩემთან წამოდიო – უთქვამს დათოს, რომელსაც მანამდე ახალკაცთან შეუთანხმებია ეს საკითხი. ვასილიც რამდენიმე თვე ცნობილ ოჯახში ცხოვრობდა.

თბილისური გუნდიდან  ბორის ჭელიძის თხოვნით „მეშახტეს“ მიაშურა. ერთი წლის შემდეგ კი სოხუმის „დინამოს“ მაისური მოირგო.

მერე იყო, ტროიანის ცხოვრებაში ევგრაფ შევარდნაძე გამოჩნდა, რომელმაც თავად მიაკითხა ქუთაისში და „გურიაში“ გადასვლაზე დაითანხმა.  ლანჩხუთში 10 წლით დარჩა და გურულ ქომაგთა  დიდი სიყვარული მოიხვეჭა. „გურია“ ხშირად სწორედ მისი გოლებით იგებდა თამაშებს. 1979 წლის სეზონში  ტროიანმა 20-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, რითაც დიდი წილი დაიდო „გურიის“ საკავშირო პირველ ლიგაში აღზევებაში.

1982 წელს „მეშახტეში“ დაბრუნდა და საკავშირო მე-2 ლიგაში 5 სეზონი ეხმარებოდა გუნდს, ამ ხნის მანძილზე 61 ბურთი  მიითვალა. ბოლო სეზონი იმ გუნდში გაატარა, საიდანაც დაიწყო – „იმერეთში“. მაშინ 40 წლის იყო…

უფეხბურთოდ არ შეეძლო და შემდგომში  „მემორიალში“ მწვრთნელად და მე-14 საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა.

„ფეხბურთია ჩემი სიცოცხლე – მეტი არაფერი ვიცი“ _ თქვა თავის იუბილეზე ვასილ ტროიანმა.

მას ყოფილი თანაგუნდელები თბილად იხსენებენ და საინტერესო ისტორიებს ჰყვებიან „გურიას“ ისტორიიდან.

თემურ ჩხაიძე, „გურიას“ ლეგენდარული კაპიტანი, კლუბის საუკუნის საუკეთესო მოთამაშე:

_ შალიკო კაკაბაძეს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა გუნდში განაპირა ფორვარდები, ანუ თავდამსხმელები, თან ძალიან სწრაფები. ასეთები იყვნენ „გურიაში“ ნოშრე ნარიაშვილი, თახო მენაღარიშვილი, შემდეგი თაობა ბეგი სიხარულიძე, როინ ჩხარტიშვილი (პეპელა)… ჩემს დროს ვასილ ტროიანი და მერაბ მეგრელაძე იყვნენ ამ ამპლუაში… დადიოდა ბატონი შალვა და ეძებდა ამ ტიპის ფეხბურთელებს და სწორედ მისი აღმოჩენილია ვასილ ტროიანი. როგორ უყვარდა ლანჩხუთელ გულშემატკივარს ტროიანი, ეს ცალკე თემაა. თვითონ როგორ გრძნობდა ამას და როგორ ეამაყებოდა? არ მახსოვს, ბოლმდე არ დახარჯულიყო და მაქსიმალურად არ ებრძოლა თამაშის ბოლომდე. რაღაც ზებუნებრივი ძალა ჰქონდა, სისწრაფეც საოცარი. ბრძოლებში უშიშრად შედიოდა და გოლის ალღოც გააჩნდა. ქართველი რომ ყოფილიყო, აუცილებლად „დინამოში“ აიყვანდნენ. მას შემოთავაზებებიც ჰქონდა, მაგრამ საქართველო არ დატოვა და ბოლომდე უერთგულა ქართულ ფეხბურთს. ამის დავიწყება არაფრით შეიძლება.

 ბატონ ევგრაფს სიგიჟემდე უყვარდა. ხომ არსებობს საუკეთესო თამაში, საუკეთესო გოლი, ამას ყველაფერს გულშემატკივრებს წინასწარ პირდებოდა: შეაგდებ, ვასია, დღეს? იქნება საჩუქარი და ჩუქნიდნენ კიდეც. წარმომიდგენია ახლა რომ გაატარო ლანჩხუთის ქუჩებში და ძველ გულშემატკივრებს შეახვედრო… საკმარისი იყო ზონაში ყოფილიყო, გადაგეგდო ბურთი და მისი დამწევი აღარავინ იყო…

მახსოვს შუა აზიაში გვქონდა თამაში. თითქმის ორი ტაიმი მეტოქე თავზე გვაჯდა, გვიტევდა და გვიტევდა. ცხონებული ზური კუნჭულია დგას კარში და მკვდარ ბურთებს იღებს. 52 გრადუსი სიცხე იქნებოდა და ერთ ეპიზოდში გადავარდა ცენტრს იქით ბურთი და ორთავე გუნდის ფეხბურთელები დაედევნენ მას. რა თქმა უნდა, ყველას ტროიანმა აჯობა, პირველი მივიდა ბურთთან და მისი გოლით მოვიგეთ კიდეც ის თამაში.

ჯემსუატ ურუშაძე, „გურიას“ ყოფილი მეკარე, კლუბის მეისტორიე:

_ 1974 წელს ,,გურიაში’’ მოიყვანეს არაჩვეულებრივი სისწრაფის ვასილ ტროიანი. ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ ქარხნის გუნდში დაიწყო თამაში. შემთხვევით ნახა შალვა კაკაბაძემ, მოეწონა და ჩამოიყვანა სინჯებზე. ისე მოეწონა, პირველივე თამაშზე ძირითადში დააყენა. მისი სისწრაფის ხარჯზე და გოლის გატანის საოცარი ინსტიქტის გამო, ძალიან მალე ძირითადი შემადგენლობისათვის ფასდაუდებელი თავდამსხმელი გახდა. ჩემს მახსოვრობას თუ ენდობით, არ მახსოვს რომ ტროიანი ვინმეს ჩაეკეტოს. თვითონ გამოირჩეოდა ზრდილობით და თავმდაბლობით, რაც შეეხება საფეხბურთო რეჟიმის დაცვას, მას ამ მხრივ ბადალი არ ჰყავდა. ძალიან მწყინს, ადამიანმა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ლანჩხუთის „გურიას“ წარმატებაში და რომელიც გულშემატკივარების უსაყვარლესი ადამიანი იყო, საერთოდ არავინ ახსენებს…

„გურიას“ 1976 წლის შემადგენლობა. ქვემოთ შუაში _ ვასილ ტროიანი

ტროიანი იყო ევგრაფი შევარდნაძის უსაყვარლესი ფეხბურთელი. ევგრაფის თხოვნით იგი ვალდებული იყო ყოველდღე მისულიყო სამსახურში და ბატონი ევგრაფი მოენახულებინა. ტროიანს ჰკითხეს, როგორი მოწინააღმდგე არ გიყვარსო? რომელიც კართან არ მიშვებსო!..

გია იმნაძე, „გურიას“ ლეგენდარული მეკარე და მწვრთნელი:

_ მე და ვასია თითქმის ერთად მოვედით გუნდში. მე პატარა ბიჭი ვიყავი, ის კი უკვე ჩამოყალიბებული, ძლიერი და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი საქართველოში. მაშინ  ,,გურია’’ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მონაწილეობდა და მთელი ამ გათამაშების უსწრაფესი თავდამსხმელი (ჩვენი ზონის მასშტაბს ვგულისხმობ) იყო, რომლის სისწრაფესაც გუნდი კარგად და ნაყოფიერად იყენებდა, მთავარი მწვრთნელის მითითებით. გავიხსენებ, კიროვაბადში თამაშის დროს, მწვრთნელმა ასეთი დავალება მისცა: შენ დარჩები ცენტრში, ხაზზე დადგები მცველების წინ და სხვებს მისცა დავალება, დავიხიოთ უკან და ,,გადავადგოთ’’ ტროიანი წინ. ვასია ხუთი-ექვსჯერ იყო გასული მეკარესთან ერთ-ერთზე. აქედან სამი ბურთი შეაგდო და 3-0 გავიმარჯვეთ. და არა მარტო ეს ერთი თამაში! ხშირად იყო ასეთი გამარჯვებები მისი კლასის ხარჯით, რომელებსაც დიდი სიხარული მოჰქონდა…

„ფეხბურთია ჩემი სიცოცხლე – მეტი არაფერი ვიცი“ _ თქვა თავის იუბილეზე ვასილ ტროიანმა (ფოტოზე მარჯვნივ)

როგორც პიროვნება, არაჩვეულებრივი ადამიანია, იუმორით სავსე… განსაკუთრებით მიყვარდა რუსულ-ქუთაისური აქცენტით რომ საუბროდა, ხანდახან გურულ დიალექტსაც ჩაურთავდა. მორიგი თამაში გვაქვს და ჩამოვიდა ქუთაისიდან და გვიყვება, რომ შვილები წაიყვანა სასეირნოდ (აეროპორტისკენ ცხოვრობდა), ნაცნობი შემხვდა და დალევა დავიწყეთო… მივედი სახლში და მეუღლე მეუბნება, ბავშვები სად არიანო? ისე დამთვრალა, გოგონების წამოყვანა დავიწყებია. იცით ამას როგორ ყვებოდა რუსულ-ქართულად? ბიჭები ვხარხარებდით…

მარტო სტადიონზე კი არ ვიყავით თანაგუნდელები? მინდორს მიღმაც საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა. გულშემატკივრებს უყვარდა საოცრად. ერთხელ სახლში ვიყავით ბატონ ევგრაფისთან, მაშინ პირველ ლიგაში ვასპარეზობდით, თვითონ კი ვასია უკვე აღარ იყო ჩვენთან. აივანზე ვზივართ, ავად იყო ამბროსევიჩი და სანახავად ვიყავით მისულები. უცებ ჭიშკარი გაიღო და ვხედავთ ჩქარი ნაბიჯებით მოდის ვასია. დაემთხვა ეს ყველაფერი. როგორ ხარ, ამბროსევიჩ? როგორ შეიძლება ამდენი ავადმყოფობა? ჩაგვკოცნა ყველა და გაიქცა… იგრძნობოდა, რომ შინაური იყო“.

„მის ანგარიშზე ბურთი ასია,ბომბარდირია ჩვენი ვასია“ _ ჩვენმა საამაყო პოეტმა, თემურ ფირცხალაიშვილმა თქვა „გურიას“ შემტევზე ზუსტად 50 წლის წინ…

სტატია მომზადებულია ჟურნალისტ იუზა კაციტაძისა და „ლანჩხუთი პლუსის“ საარქივო მასალების მიხედვით

რას ჩივი?