„[ლელოში] ისევე დარბიან, როგორც პამპლონაში ხარების დევნისას – მოგიახლოვდება ხარი და უნდა გაიქცე“ _ რას წერს „ქრისჩენ საიენს მონიტორი“

|

Loading

ლელო შუხუთში, 2016 წ. | ფოტო: დათო ქორიძე RFE/RL

ათიოდ წლის წინ, დასავლეთში დაიბეჭდა სტატია, რომელიც სოფელ შუხუთში შემორჩენილ ქართულ ტრადიციულ თამაშს ეხება. სტატია „ქრისჩენ საიენს მონიტორმა“ დაბეჭდა. ეს არის რეპორტაჟი შუხუთიდან, ლანჩხუთის რაიონის იმ სოფლიდან, სადაც აღდგომა დღეს, ლელო ითამაშეს. „ქრისჩენ საიენს მონიტორის“ კორესპონდენტი პოლ რიმპლი შუხუთში ლელოს თამაშს გატაცებით აღწერს.


ის თავიდანვე ერთ ფაქტს ამცნობს მკითხველს: „მსაჯი აქ არ არსებობს, რადგან არ არსებობს თამაშის წესებიო“. ამერიკელ ჟურნალისტს უზარმაზარ მოედანზე რაგბის თამაშს მოაგონებს ლელო, რომლის დროსაც მოთამაშეები ისევე დარბიან, როგორც პამპლონაში ხარების დევნისას – მოგიახლოვდება ხარი და უნდა გაიქცე.

 მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო იკრძალებოდა, რიმპლის ცნობით, ლელოს ამ სოფელში ოდითგანვე თამაშობენ. ოთხმოცს მიტანებულ შუხუთელს, მჭედელ დურსუნ აფხაძეს, ჟურნალისტისთვის განუმარტავს: თუ მოთამეშე დაეცა, თამაში მაშინვე ჩერდებაო.

თამაშის არეალი სოფლის ტერიტორიაა, ორ მდინარეს შორის. შუხუთის შუა გამავალ გზაზე თურმე სოფლის მღვდლის მიერ ბურთის დადება თამაშის დაწყებას ნიშნავს. ბურთი კი უმძიმესია – 35 გირვანქას, ანუ 16 კილოგრამს იწონის.

 ჟურნალისტს ვერ დაუდგენია, საიდან მოდის ეს თამაში, ვინ შემოიღო და რატომ თამაშობენ მას მაინცდამაინც აღდგომა დღეს. ეს, უბრალოდ, სოფლის ტრადიციაა და, ადგილობრივი ჟურნალისტის თამაზ იმნაიშვილის ცნობით, როგორც „ქრისჩენ საიენს მონიტორი აუწყებს მკითხველს, ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთს შორის 1855 წელს შუხუთთან გამართული ბრძოლის ხსოვნას უკავშირდება.

ნაცნობი კადრი შუხუთის ლოლობურთიდან, 2019 წ.

სოფლის მღვდელმა, მამა საბამ ამერიკელ ჟურნალისტს აუხსნა, რომ ლელო დაკავშირებულია წინაქრისტიანული პერიოდის რიტუალთან, რომელიც ამ არეალში ანდრია პირველწოდებულის მიერ სახარების ქადაგებასთანაა გადაჯაჭვული. ლელო ტრადიციაა. ცხადია, არ არის კარგი, როცა ხალხი ერთმანეთს ურტყამს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს საუკეთესო საშუალებაა ვაჟკაცობისა და სიცოცხლისუნარიანობის გამოსავლენად, ამბობს მამა საბა, ყოფილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე.

ლელოს რიტუალი, ამ სტატიის თანახმად, იწყება აწ გარდაცვლილი ხარაზის სახლში - ის კერავდა ლელოს ბურთს. ეზოსთან იკრიბებიან სოფლელები და, ტრადიციულად, ერთად ტენიან ბურთს ქვიშით, მიწითა და ღვინით, მას მერე, რაც წასულების ხსოვნისა შეისმება. შემდეგ ბურთი ეკლესიაში მიაქვთ და მღვდელი აკურთხებს მას. სწორედ ამ წესს უკავშირებს სტატიის ავტორი თამაშის აკრძალვას კომუნისტურ ეპოქაში. პოლ რიმპლი აღწერს სალაღობო მომენტებს ლელოს აკრძალვის დროიდან. მისივე ცნობით, ერთადერთხელ არ შემდგარა თამაში - 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. ის თავის მკითხველს 9 აპრილის თაობაზეც ესაუბრება მოკლედ. ლელოს ტრადიციასთანაა დაკავშირებული თამაშის შემდეგ სოფელში ბოლო გარდაცვლილის ოჯახში ბურთის მიტანა.

ასე იყო ამჟამადაც, როცა „ქრისჩენ საიენს მონიტორის“ კორესპონდენტი შეესწრო შუხუთში ლელოს, რომელიც მოთამაშეთა დაზიანების გარეშე დასრულდა. ბოლოს, გამარჯვებულმა ქვემოშუხუთელებმა ბურთი მიიტანეს ფირცხალაიშვილების ოჯახში, სადაც წინა წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ვაჟი. მეორე დღეს ოჯახი, მთელ სოფელთან ერთად,სასაფლაოზე გავიდა. ფირცხალაიშვილის ოჯახს ერგო, მათი გარდაცვლილი შვილის ხსოვნის პატივსაცემად, ლელოს ბურთი.

რას ჩივი?