ალბათ, ბევრს შეგიმჩნევიათ, თუნდაც თავისი განსხვავებული ჩაცმულობით, განსაკუთრებით საზღვაო სეზონზე, ეს უწყინარი ადამიანი. არავის რომ არ აწუხებდა და თვალებიდან სიკეთეს აფრქვევდა. იგი სამ ათეულ წელზე მეტი ხანი სუფსაში ცხოვრობდა. წინა კვირაში გარდაიცვალა, რამაც მის მეზობლებს გული დასწყვიტა.
მასზე ემოციურად წერს ნატო ცქვიტინიძე:
„სად არ ნახავდით – ქობულეთში, ურეკში, გრიგოლეთში… სულ ფეხით დადიოდა: წვიმაში, თოვლში, მზეში, ქარში…
გახუნებულ პიჯაკზე ჭრელა-ჭრულა სათამაშოები მოწიწებით აეკინძა…
სულ მეჩვენებოდა, რომ სევდასა და სიხარულს ზურგზე მოკიდებული ფერადი ზურგჩანთით დაატარებდა თან… დადიოდა ჩუმად, უხმაუროდ, ხანდახან ხელით შუბლს მოიჩრდილავდა და ცას ახედავდა, თითქოს ვიღაცას ეძებდა… ვიღაცას – დიდი ხნის დაკარგულს…
არავის აწუხებდა თავისი არსებობით. არასოდეს მოუთხოვია რამე, თუკი რაიმეს მიაწვდიდი, თავდახრილი გამოგართმევდა და უსიტყვოდ გეტყოდა მადლობას…

„ვფიქრობდი, რომ მას თავი სანტა-კლაუსი ეგონა, ან – რომელიმე ზღაპრის კეთილი ჯადოქარი…“
მიწოდებულს მარტო არ შეჭამდა, უპატრონო ძაღლებს უნაწილებდა… შემიმჩნევია – ღმერთი ჰყავდა თვალებში…
რამდენიმე დღეა აღარ გამოჩენილა… ავად ყოფილა… დღეს კი უფალმა თავისთან წაიყვანა… ალბათ, უფალს გადაუხსნის გულს, გულწრფელად მოუყვება თავის ისტორიას…
ივან ანდრეევიჩ, უფალს ებარებოდე…“
ამ კარგ კაცს ბევრი თბილი სიტყვა მიჰყვება. ხათუნა გუჯაბიძე წერს: როგორ მეწყინა, რა უცნაური და საყვარელი ადამიანი იყო. სულ მიხაროდა მისი დანახვა ბავშვივით და ვფიქრობდი, რომ მას თავი სანტა-კლაუსი ეგონა, ან – რომელიმე ზღაპრის კეთილი ჯადოქარი… როგორ აფერადებდა ამ რუხ წუთისოფელს მისი გამოჩენა. ვინ იცის, რამდენ სიკეთეს ტოვებდა გზად ყოველ გავლაზე… უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს უწყინარ ადამიანს“.
„მას თავისი სამყარო ქონდა და უჩუმრად ცხოვრობდა იქ. ფერად სამოსსა და გულზე აკინძულ სათამაშოებს მიღმა, ვინ იცის, იქნებ უდიდეს სევდასა და ტკივილს ატარებდა. არავის აჩვენებდა თავისი სამყაროს დამალულ ფერებს და წავიდა „მაცაციას რუსი”, სიყვარულით ასე ვეძახდით და თან წაიღო თავისი წილი შავიც და ფერადიც. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი “უცხო კაცს”, რომელიც ყველასთვის ახლობელი და ნაცნობი იყო“ _ წერს რუსუდან ჭელიშვილი.
ივანეს მეზობელი ირინა გუმბარიძე დარწმუნებულია, რომ ის ნამდვილად იმსახურებდა ხალხის სიყვარულს: „ჩუმი, უბოროტო, ძონძებში ჩაცმული, მაგრამ მას ძალიან დიდი ღირსება გააჩნდა. იცოდა ადამიანებისთვის მადლობის გადახდა, ჩუმად, თავისებურად. ჩემს შვილებს ძალიან უყვარდათ, მიცემულ სუფთა ტანსაცმელს არ აიღებდა. იტყოდა, – მე ღმერთმა მითხრა, რომ ასე ვიარო და ვასრულებ მის თხოვნასო. ნათელი მის კეთილ სულს. თქვენ მას მხოლოდ შორიდან იცნობდით, ჩემი ოჯახი _ 33 წელი და ერთი წყენაც კი არ გვახსოვდა მისგან. დიდი მადლობა უცნობ და ნაცნობ ადამიანებს. ის გუშინ ჩვენ ღირსეულად და ლამაზად დავკრძალეთ, როგორც მას შეეფერებოდა. მადლობა ჩემს მეზობლებს გვერდში დგომისთვის“.