“წითელი ღვინით სავსე ოცბოთლიანები შეჭვარტლული კიდეებით იდგნენ… ახალგასახსნელ ბოცას თავი სიმინდის ნაგულათი ჰქონდა დაცული. იმ დღეს რომ უნდა გახსნილიყო, მანც იცოდა და ბერიკაცმაც…”
ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ორგანიზატორი სოფიო ჩხაიძე ხშირად გვანებივრებს ისტორიებით, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავ. გთავაზობთ მის მორიგ ჩანახატს, რომელშიც აღწერილია გურული შობა – ახალი წლის კარგად ნაცნობი „ფაცი-ფუცი“:
„ამ დროს ყოველთვის ციოდა, სულ ძვლებში ატანდა. ქუხნა სახლში ნაშუადღევს იწყებოდა შუაცეცხლის დანთება. ჯერ ნაცარს გამოჩხრეკდა ბერიკაცი ბაღნების და სტუმრის გული რომ გადაევსო სიხარულით. აატკაცუნებდა ცეცხლს და ნაკვერჩხალი სულ ბრდღვიალს ადენდა თვალებიდან. ბერიკაცი და ცეცხლი ერთად ბურდღუნებდნენ რაცხას.
ერთმანეთის ყველაზე მეტად იმათ ესმოდათ. მერე ჭიდან ამონაგდებ ერთ ვედრო წყალს შუაცეცხლზე შეადგამდა და ახლა გამურული ჩახნის სისველეს აშრობდა გარედან ალი. მოსახარშად გამზადებულ კვერცხებს რიგრიგობით ჩაალაგებდა ქუხნის ბატონ-პატრონი წყალში. შესველებულ თითებს ისევ ცეცხლს მიაშხეფებდა, ვითომ აბრაზებდა და მუგუზალიც შემოუბღვერდა შიშინით. ოჯინჯალთან ჩამოკიდებულ ნიორს ცოტა ფერი ჰქონდა ნაცვალი. ქუჩეჩით გადასკვნილი სიმინდიც დინჯად ელოდა გაზაფხულს. კრუხი 5 კინკილა წიწილს მოტკეპნილ მიწას უქექავდა და დაფხაკუნობდა ცეცხლის პირას.
წითელი ღვინით სავსე ოც ბოთლიანები შეჭვარტლული კიდეებით იდგნენ (რომ გეკითხა, ყველა ჩხავერი იყო). ახალგასახსნელ ბოცას თავი სიმინდის ნაგულათი ჰქონდა დაცული. იმ დღეს რომ უნდა გახსნილიყო, მანც იცოდა და ბერიკაცმაც.
ტაბლა სიკვდილმისჯილივით იდგა კედელზე მიყუდებული, ფეხებზე ბერიკაცის „ბუშლატა“ ეკიდა გასაშრობად. კვერცხის მოხარშვა იოლი ამბავია. იცოდა მოხუცმა მალე რომ მოამთავრებდა ცეცხლი ამ საქმეს, მარა მაინც ატახუნებდა კარზე ერთ ცალს. წამში შემოაფცქვნიდა კანს, რომლის ნახევარი სულ ცილაზე რჩებოდა. მერე მარილს აყრიდა ცხელ კვერცხის გულს და ერთ ლუკმაზე გადაყლაპავდა. მშრალია კვერცხის გული და დალოცვილი ღვინოა საჭირო ყელში რომ კარგად გადავიდეს. ღვინოს კიდევ მარტო რა დაგალევინებს კაცს, უჯიშო ხომ არ ხარ.
ამ დროს კი ყველაზე მეტად მეზობელი უხდება სიტუაციას…
ერთი გადაძახება და შვილიშვილის მიცემულ ჯინსის ქურთუკში მეორე ბერიკაცი უკვე ტაბლას ეჭიდავებოდა კედლიდან ჩამოსახსნელად. მეცეცხლურები გვიანამდე ისხდნენ, ჯერ ლაპარაკობდნენ, მერე ნელ-ნელა ბჟუტურშიც გადადიოდნენ…
რაც არ უნდა იბაკუნოს კაცმა ცეცხლთან, ზიდოს წყალი, უმატოს შეშა ცეცხლს, ქალის გარეშე ღვეზელი მაინც არ გამოცხვება. კაცმა კვერცხი მოხარშა და ქალმა ამობურცა შობის სათქმელი აღუებულ ცომში. პირველი გამომცხვარის ბედი საორჭოფოა. სინჯავენ და განაჩენივით ელოდება ქალი ვარგა თუ არ ვარგა. მეორე ნაჭერზე გეტყვი თუ კაია, იღიმება ოჯახობა და გაბრდღვნიან მეორესაც. ქალი ამ დროს რამდენიმე ღვეზელს თეთრ ტილოში გადაახვევს და გააქანებს გადასამალად. იცის ვის უნდა მოუწიოს. გასაყოფი ბევრია.
ბაღნები რომ ტაბლას აგიწიოკებენ და თავიდან ვერ იცილებ ვერც მასპინძელი და ვერც სტუმარი, ზუსტად ასეთი შობის ზღაპრები ჰქონდათ ჩემს შვილებს სოფელში.
მოვიდა და მოდის ქრისტეს შობა ძველით და ახლით. მთავარია შიგ გულში ამოენთოს პატარა პირმშოს დაბადება, მერეში სიყვარულით გადიდებული და გაზრდილი“.