„არანაირი ჩემპიონატი არ არის ადამიანის უსაფრთხოებასა და ღირსებაზე მნიშვნელოვანი!“ _ „ლანჩხუთი“ პროტესტს განაგრძობს და განმარტავს, რატომ არ ითამაშებს „ნიკე-ლუსოსთან“

|

Loading

„ლანჩხუთი“ „ნიკე-ლუსოსთან“ არ ითამაშებს

🔘| ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ანონიმური პროფილებიდან აქტიურად ვრცელდება მოსაზრებები შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მათი მთავარი გზავნილი მსგავსია “საკმარისია პროტესტი“, “ჩემპიონატი უნდა გაგრძელდეს“, “რა შუაშია კლუბი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან?“ და ა.შ.

🔘| ცხადია, ანონიმურ პროფილებთან დისკუსიაში შესვლას არ ვაპირებთ. თუმცა გვესმის, რომ ამ პროფილების უკან რეალური ადამიანები დგანან, რომლებსაც საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება არ სურთ, მაგრამ მათთვის უმთავრესი ჩემპიონატის გაგრძელებაა.

🔘| არ დავუშვებთ, რომ ყურადღება მთავარი საკითხიდან სხვა თემებზე გადავიდეს და კიდევ ერთხელ განვმარტავთ – ჩვენ ჩემპიონატს ბოიკოტს არ ვუცხადებთ, ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ “ნიკე-ლუსოსთან“ მატჩებს ეხება. შესაბამისად, გაუგებარია, რა კავშირი აქვს ერთი გუნდის წინააღმდეგ თამაშზე უარის თქმას მთელი ჩემპიონატის გაგრძელებასთან ან შეწყვეტასთან.

🔘| ამიტომ მცდელობა, ჩვენი პროტესტი მთელი ჩემპიონატის შეფერხების მიზეზად წარმოაჩინონ, რეალური პრობლემიდან ყურადღების გადატანის მცდელობად მიგვაჩნია.

🔘| წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია რომ დღეს გვიწევს იმის ახსნა, რაც საერთოდ არ უნდა იყოს სადავო: როგორ შეიძლება ჩემპიონატის გაგრძელება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ის, რომ სტადიონზე შემოჭრილმა პირებმა 16 წლის გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიაყენონ? როგორ შეიძლება ნორმალურად მივიჩნიოთ ვიდეოკამერები ოთახში, რომელსაც ფეხბურთელები გამოსაცვლელად იყენებენ? ან როგორ შეიძლება საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცეს ის, რომ კლუბის მფლობელს ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი?

🔘| 29 სექტემბრიდან თვეზე მეტი გავიდა. რა შეიცვალა?

გატარდა რაიმე რეალური ღონისძიება ფეხბურთელთა უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად?

🔘| ჩვენ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როდესაც გასულ წელს მოედანზე შემოჭრილი პირები ჩვენს ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. და რა მოჰყვა ამას? ჩვენი შეფასებით, სრულიად არაადეკვატური სანქცია – რამდენიმე მატჩის ჩატარება კასპის სტადიონზე, დიდი დიღმის ნაცვლად.

🔘| მაშინ თავი შევიკავეთ. ფიზიკურად დაზარალებულმა და ღირსებაშელახულმა გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდა, სეზონი ბოლომდე ჩაატარა, რათა ჩემპიონატის მიმდინარეობისთვის საფრთხე არ შეექმნა.

და რა მოხდა შემდეგ? სულ რაღაც სამ თვეში კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდა!

🔘| ამიტომ ჩვენი პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ფეხბურთელთა უსაფრთხოებასთან და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები სათანადოდ არ შეფასდება და პასუხისმგებელ პირებსა თუ ორგანიზაციებს, რეალური და პროპორციული სანქციები არ დაეკისრებათ.

🔘| ამისთვის შესაბამისი მექანიზმები უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციებში არსებობს. მთავარია, რომ მათი პრაქტიკაში გამოყენება მოხდეს დამრღვევებზე და არა მათზე ვინც ამ დარღვევებზე საუბრობს.

🔘| რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას:

ჩვენს კლუბს არასოდეს მიუცია საკუთარი თავისთვის სასამართლოს განაჩენის შეფასების ან მართლმსაჯულების ჩანაცვლების უფლება. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის.

🔘| თუმცა ფაქტია, რომ ამ საქმემ როგორც საფეხბურთო, ისე ფართო საზოგადოებაში მრავალი კითხვა და უსამართლობის განცდა გააჩინა. იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლო ამ კითხვებს მკაფიო და დასაბუთებულ პასუხებს გასცემს.

🔘| ამასთან, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით მცდელობას, შექმნილ ვითარებას ფეხბურთელთა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების სახე მიეცეს.

ეს არ არის ფეხბურთელების დაპირისპირება. პირიქით, ჩვენი შეფასებით, ფეხბურთელებს შორის სოლიდარობა დღეს განსაკუთრებით ძლიერია.

🔘| თუ ეს შეეხება რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც, დაზარალებულის შეფასებით, სასამართლოში ბრალდებულის სასარგებლოდ მისცეს ჩვენება – ჩვენ ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება არ შეგვიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი ჩვენებების შეფასება სისხლის სამართლის საქმის პროცესის ნაწილია და არა ჩვენი კლუბის განსჯის საგანი.

🔘| “ნიკე-ლუსოს“ ფეხბურთელებთან პიროვნული დაპირისპირება არ გვაქვს. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ჩვენი პროტესტის შემდეგ ორივე კლუბის ფეხბურთელებმა ეროვნულ ნაკრებში ერთმანეთის გვერდით ითამაშეს.

🔘| უფრო მეტიც, „ნიკე-ლუსოში“ არაერთი ჩვენი ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის ჩვენი კლუბის აღზრდილებიც. მათთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოგვიპოვებია და ეს ისტორია არსად გამქრალა.

🔘| შესაძლოა, როგორც კლუბს, გვწყინდეს, როდესაც ფეხბურთელი სხვა გუნდს ირჩევს, მაგრამ ეს არ გადაგვყავს პიროვნულ დაპირისპირებაში. თუ შექმნილი ვითარების გამო დღეს ჩვენი კლუბის კარი მათთვის დროებით დახურულია, ეს არ ნიშნავს, რომ ასე სამუდამოდ დარჩება.

🔘| ჩვენი პროტესტი მიმართულია არა ფეხბურთელების, არამედ ძალადობის, დაუსჯელობისა და უსაფრთხოების საკითხების უგულებელყოფის წინააღმდეგ.

და ბოლოს, მათ, ვისთვისაც დღეს მთავარი ჩემპიონატის ნებისმიერ ფასად გაგრძელებაა, კიდევ ერთხელ შევახსენებთ:

👉| ფეხბურთი ადამიანებისთვის არსებობს და არა ადამიანები – ჩემპიონატისთვის.

არცერთი ტიტული, არცერთი სატურნირო ცხრილი და არცერთი მატჩი არ ღირს ადამიანის უსაფრთხოებად, ჯანმრთელობად და ღირსებად!