ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარი და პოლიციის მაღალჩინოსანი ომარ ხუციშვილი პოლიციის დღეს ულოცავს ვეტერან კოლეგებს და მხიარულ ისტორიას იხსენებს:
„1993 წელს ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატად ამირჩიეს. არჩევიდან მესამე დღეს პარლამენტის სხდომაზე უნდა გამოვცხადებულიყავი. ქვეყანაში ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ხალხმა რაიონში პოლიციელი მაჟორიტარული წესით აირჩია. ამიტომ იყო, რომ პოლიციაში თანამშრომლებს ყველას ძალიან უხაროდა. თბილისში წასვლამდე მარიგებდნენ, რჩევას მაძლევდნენ, თან მეხუმრებოდნენ, თუ როგორ არ უნდა მოვქცეულიყავი პარლამენტში. ასეთ მდგომარეობაში ვართ და მედეა გვარჯალაძემ მკითხა:

ომარ ხუცუშვილი (დგას) ლანჩხუთის პოლიციაში თათბირზე | 1993 წ.
_ ტანსაცმელი თუ გაქვს, როგორი ჩაცმული მიდიხარ?
ყველა გაჩუმდა და მე შემომხედა. ამის შესახებ მართლა არაფერი მქონდა მოფიქრებული.
_ რანაირი ჩაცმული მივდივარ და რა ტანსაცმლითაც ამირჩია ხალხმა, იმით წავალ _ ვთქვი საკმაო პაუზის შემდეგ.
ეს რომ გაიგონა თენგიზ კიკვაძემ, თავზე ხელი მოირტყა და ხმამაღლა წამოიძახა:
_ დევიღუპეთ! ეს კაცი თავს მოგვჭრის, დახეული ბოტასით და ჯინსებით აპირებს წასვლას.
ვისაც რამდენი ჰქონდა, იქვე სასწრაფოდ შეაგროვეს ფული. ბათუმში გაიქცნენ და საღამოს მშვენიერი, ხარისხიანი შარვალ-კოსტიუმი ჩამოიტანეს.
იმ შარვალ-კოსტიუმით წავედი პარლამენტში. იმით დავბრუნდი უკან და დღემდე მაქვს შენახული. ყოველთვის როცა შევხედავ, ისეთი თბილი, სასიამოვნო განცდა და მოგონება მეუფლება, რომელსაც დრო და ჟამი ვერასდროს ამოშლის მეხსიერებიდან“ _ წერს ომარ ხუციშვილი.




