ლანჩხუთელმა სამოქალაქო აქტივისტმა, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს პირველმა მფლობელმა, ლადო აფხაზავამ დღეს ქუთაისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლეს თხოვა, მისი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, არ დაეჯარიმებინა, თუმცა მისმა მოყოლილმა მძიმე ისტორიამაც ვერ მოახდინა გავლენა ციცინო მოსიძის ვერდიქტზე.
“ჩემთან ცხოვრობენ ბიჭები, ძალადობა გამოვლილი ბავშვები, ვცდილობ, რომ პროფესია მოვუძებნო, ვუმკურნალო. 2024 წლის მაისში, როდესაც აღდგომის დღესასწაულზე დედაჩემის და მამაჩემის საფლავზე მივდიოდი, ჩემთან ერთად იყო ჩემი ბიჭიც, ლევანი და თავს დაგვესხნენ. გამილახეს ძლივს გადარჩენილი ბიჭი, რომელზეც მე ჩემი არასოდეს არ მითქვია, არასოდეს. ძალიან ბევრი წარმატება ყოფილა ჩემს თავს, მაგრამ არასოდეს არ მითქვია რომ მე დედაჩემის და მამაჩემის სიყვარულის დროს შეძენილი და გაკეთებული სახლი გავყიდე სხვისი შვილისთვის და ვუმკურნალე. ის დღეს ჩემთან ცხოვრობს, საოცარ მესიჯებს წერს და მინდა გითხრათ, რომ მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი. მე არ ვცხოვრობ ისე, როგორც ლადო აფხაზავას უნდოდა ცხოვრება. მე ვცხოვრობ ამ ბავშვებისთვის“ _ მიმართა აფხაზავამ მოსამართლეს.
![](https://guriatoday.ge/wp-content/uploads/2025/02/sasam.jpg)
სასამართლო პროცესი / ფოტო „ბათუმელები“
მისივე თქმით, პირველად მოუწია თავის დაცვა ამდენი ხნის განმავლობაში. „არასოდეს, დამიჯერეთ, თავი არასოდეს დამიცვია, მაგრამ დღეს იძულებული ვარ, დავიცვა. მე მცირე საათებზე ვმუშაობ, ამიტომაც მაქვს შესაძლებლობა, რომ სამ სკოლაში ვიმუშაო. ზოგიერთს შეიძლება აქვს იმის წარმოდგენა, რომ მე ძალიან დიდი შემოსავალი მაქვს. დიდი შემოსავალი რომ მქონდეს, ერთ სკოლაში ვიმუშავებდი და არა სამში. მიწევს ერთი სკოლიდან გადარბენა მეორეში და რამდენიმე კილომეტრის გავლა. ველოსიპედი მქონდა და ისიც მომპარეს და ფეხით დავდივარ. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ვინც აქ ვართ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავალი, რომ ამ სანქციას გავუმკლავდეთ, მე მაშინ დამჭირდება ჩემი კოლეგების დახმარება და მე ძალიან გთხოვთ, რომ არ მსურს ჩემს კოლეგებს ვთხოვო დახმარება და ამ საქმეში, სადღაც 100 მასწავლებელი ჩავრთო“ – უთხრა ლადო აფხაზავამ მოსამართლეს.
მოსამართლე ციცინო მოსიძემ ლადო აფხაზავასთან ერთად 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე და მისი მეუღლე, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარადნია ასევე ჟურნალისტები: გელა მთივლიშვილი, ხვიჩა ვაშაყმაძე და ეკა კუხალაშვილი, მომღერალი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგები _ ქეთევან ფილაური და მაია ცირამუა.
მათ 26 იანვარს, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო აქცია გამართეს, რის შემდეგაც შსს-მ ყველა მათგანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.