ლანჩხუთელი გეიმდეველოპერის თამაშს ყოველთვიურად 200 000 აქტიური მომხმარებელი, ჯამში კი – 23 მილიონი ვიზიტორი ჰყავს!

|

Loading

ფოტომონტაჟი _ რატი და Steel Titans

ლანჩხუთელი 23 წლის რატი მენაღარიშვილი გეიმდეველოპერია. ნიჭიერმა ახალგაზრდამ თავის გუნდთან ერთად, Roblox-ის პლატფორმაზე ახალი თამაში, Steel Titans შექმნა და იმდენად გაითქვა სახელი, რომ მისით ტექნოლოგიებისა და ინოვაციების თემებზე მომუშავე ცნობილი მულტიმედია marketer.ge დაინტერესდა.

როგორც რატი გამოცემასთან ყვება, თამაშს თითქმის 23 მილიონი ვიზიტი აქვს და თვეში საშუალოდ 200,000 აქტიური მომხარებელი ჰყავს. ის საომარი ჟანრის არის და მისი მოგებისთვის მთავარია როგორც სწორი სტრატეგია, ასევე, გუნდურად თამაში.

ვიდეოთამაშების სამყარო თავისი მრავალფეროვნებით სულ უფრო საინტერესო ხდება. ამ დიდ ინდუსტრიაში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქმნება, საქართველო ჯერჯერობით ადრეულ ეტაპზეა და თითოეული წარმატება მნიშვნელოვანია, რომელსაც ქართველი დეველოპერები თუ დიზაინერები ამ სფეროში აღწევენ.

როგორ გადაიდგა პირველი  ნაბიჯები, როგორ შეიქმნა Steel Titans და რა არის საჭირო საქართველოში გეიმინდუსტრიის დასახვეწად? – ამ და სხვა კითხვებს ახალგაზრდა გეიმდეველოპერმა მარკეტერ-თან ინტერვიუში უპასუხა:

_ რატი, პირველ რიგში, თქვენ შესახებ მოგვიყევით: პროფესიით ვინ ხართ, თამაშების შექმნით როდიდან დაინტერესდით და როგორი იყო პირველი მცდელობები?

_ პროფესიით პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი ვარ. თამაშების შექმნით დაახლოებით 16 წლის ასაკში დავინტერესდი. მაშინ სწავლასთან ერთად აქტიურად ვთამაშობდი ვიდეოთამაშებს. კომაროვის სკოლაში ვსწავლობდი და მათემატიკა ყოველთვის მაინტერესებდა, შესაბამისად, გადავწყვიტე, პროგრამირება მესწავლა, რათა საკუთარი თამაში შემექმნა.

პირველი მცდელობები იმაზე ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ძირითადი ბარიერი ტექნიკური ცოდნის ნაკლებობა იყო. თან, როდესაც ამ საქმეს გუნდის გარეშე იწყებ, ყველაფრის შენით გაკეთება გიწევს, რასაც თამაშის შექმნის კონტექსტში ძალიან დიდი დროითი რესურსი სჭირდება. ამის მიუხედავად, ნელ-ნელა იხვეწებოდა ყველაფერი. კვალიფიკაციისთვის თავისუფალ უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა კომპიუტერულ მეცნიერებებზე, რაც, ასევე, ძალიან წამადგა საქმეში.

_ როგორ შექმენით ის გუნდი, რომელთან ერთადაც Steel Titans-ზე მუშაობთ?

_ გუნდი ჩემს გარშემო დროთა განმავლობაში ჩამოვაყალიბე. დიდ ყურადღებას ვუთმობდით პროდუქტის დეტალებს, შემდეგ ნამუშევრებს სხვადასხვა ფორუმზე ვაქვეყნებდით, ერთგვარ grassroots მარკეტინგს ვაწარმოებდით, რაც ინტერესს იწვევდა მომხმარებლებში და ენთუზიაზმით უერთდებოდნენ ჩვენს კომუნას, რომლის დიდი ნაწილიც დღეს ჩვენი მოთამაშეა. ამ ადამიანებს შორის ასევე იყვნენ დეველოპერები, რომლებიც საკუთარ ნაშრომებს გვიზიარებდნენ, კვალიფიკაციის მიხედვით კი შემდეგ ხდებოდა მათი გუნდში დამატება. ჩემი აზრით და გამოცდილებით, პროდუქტის წარმატებას დიდწილად განაპირობებს მასზე მომუშავე ადამიანების ენთუზიაზმი ამავე პროდუქტის მიმართ.

_ მოგვიყევით ამ თამაშის შესახებ: რამდენი ხანია შეიქმნა, იდეა როგორ გაჩნდა, რამდენი მომხმარებელი თამაშობს?

რატი მენაღარიშვილი

_ თამაშს თითქმის 23 მილიონი ვიზიტი აქვს, ხოლო თვეში საშუალოდ 200,000 აქტიური მომხარებელი გვყავს. პლატფორმად Roblox-ის სისტემა ავირჩიეთ, რადგან დღეს ის მსოფლიოში ყველაზე დიდი გეიმინგ მეტავერსია თვეში 300 მილიონზე მეტი აქტიური მომხარებლით. მიხარია, რომ ამ მაჩვენებელში ჩემს პროექტსაც თავისი წვლილი აქვს შეტანილი. ამასთან ერთად, პლატფორმა უზრუნველყოფს სერვერებს, მონაცემთა ბაზებსა და უსაფრთხოების სისტემას, რაც multiplayer თამაშის ოპერირების ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

იდეას რაც შეეხება, თავიდანვე გვინდოდა, ამ პლატფორმაზე მაღალი ხარისხის მქონე პროდუქტი შეგვექმნა ვიზუალური და ტექნიკური თვალსაზრისით. სწორედ ამან მიიქცია ყურადღება მომხმარებლებში და განაპირობა ჩვენი თამაშის წარმატება.

_ რის შესახებაა თამაშის ნარატივი, როგორ შეიქმნა ის და რა ხდის თქვენი აზრით მას საინტერესოს?

_ Steel Titans საომარი ტიპის თამაშია, სადაც სახმელეთო სამხედრო ტექნიკის საშუალებით გეძლევათ საშუალება, რეალურ მოთამაშეებს შეებრძოლოთ. გეიმფლეი ითვალისწინებს დეტალურ ფიზიკურ ელემენტებს და ისტორიულად ზუსტ, ტექნიკურ მონაცემებს. თამაშს საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ გამარჯვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიულობა და გუნდურობა. დიდი ინსპირაცია იყო ჩვენთვის მსგავსი ტიპის თამაშები, როგორიცაა War Thunder, World Of Tanks და ა.შ.

ვიდეოთამაში ძალიან დინამიკური და ინტერაქციული პროდუქტი/სერვისია, შესაბამისად, მისი შექმნა უზომოდ კომპლექსური პროცესია, რაც უამრავი პროფესიის ადამიანის ერთად მუშაობას საჭიროებს. სტანდარტულად, პროტოტიპით დავიწყეთ, შემდეგ pre-alpha, alpha და beta ფაზები გავიარეთ. საბოლოო ჯამში, ძალიან ბევრი იტერაცია და ტესტირება დაგვჭირდა, რომ სრულყოფილ პროდუქტამდე მივსულიყავით.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს დღეს გეიმინგი, როგორც ინდუსტრია საქართველოში და რა სჭირდება მას მეტი პოპულარიზაციისთვის?

_ რთულია იმის თქმა, რომ გეიმინგი, როგორც ინდუსტრია, საქართველოში ამ ეტაპზე სრულფასოვნად არსებობს. არიან გუნდები და ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ამ მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. მაგალითად, ახლახან ქართული ვიდეოთამაში „Dumbriel: Magnificent Adventure in Hell“ საერთაშორისო კონფერენციის, Digital Dragons-ის გამარჯვებული გახდა, რაც ძალიან სასიხარულო ამბავია. ასევე, triple A-დონის კომპანიებშიც გვყავს ქართველი პროფესიონალები საზღვარგარეთ, რომლებიც უზომო გამოცდილებას იღებენ. ეს, საბოლოო ჯამში, ქართულ სივრცეს წინ წასწევს. ქართული გეიმინგ ინდუსტრიის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია გამომცემლების მოზიდვა, აგრეთვე,  სახელმწიფო გრანტებთან ერთად საჭიროა მოზარდების დაინტერესება ისეთი სფეროებით, როგორიცაა პროგრამირება, ვიზუალური დიზაინი და სხვა.

_ როგორი არის Steel Titans-ის მოთამაშეთა უკუკავშირები და აპირებთ თუ არა თამაშის განვითარებაზე მუშაობას?

_ Steel Titans-ის მოთამაშეები აქტიურად არიან ჩართული თამაშის განვითარების პროცესში. ისინი იძლევიან უამრავ რეკომენდაციას, თუ რისი გაუმჯობესება სურთ, რა კონტენტის დამატება იქნებოდა მათთვის სასურველი და სხვა. მათი უკუკავშირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Steel Titans-ის დეველოპმენტს ამჟამად ჩვენი გუნდის ნაწილი უწევს უზრუნველყოფას, რადგან მას უკვე დასრულებული სახე მიეცა. დანარჩენი გუნდი კი, დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ფოკუსირებული ვართ ახალი თამაშების პროტოტიპებზე, რომლებსაც ახლო მომავალში შევქმნით.

მარიამ გოჩიაშვილი

რას ჩივი?