„26 მაისი ჩვენი ხატია, ჩვენი დროშაა. მტრების სახრჩობელაა, დამარცხებაა მათი“ _ რა ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს ნიკა მაჭუტაძე

|

Loading

ლანჩხუთი, 26 მაისი, 2005 წ, | „გურია თუდეის“ არქივი

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ნიკა მაჭუტაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 20 წლის წინანდელ ისტორიას იხსენებს, როცა ლანჩხუთში დაიდგა პირველი ქართული დემოკრატიული და დამოუკიდებელი რესპუბლიკის შემოქმედის ბიუსტი.

„ჩემი 26 მაისი. ბავშვობის წარუშლელი სურათი, როგორც აქტი, როგორც ბედისწერა ამ ფოტოზე აღბეჭდილი. კიდევ ერთი 26 მაისი. გილოცავთ!

20 წელიწადი გავიდა ამ ფოტოს გადაღებიდან. 20 წლის წინ დაიდგა პირველი ქართული დემოკრატიული და დამოუკიდებელი რესპუბლიკის შემოქმედის ბიუსტი თავის მშობლიურ ქალაქში. თავისსავე ეზოს ფრაგმენტში.

მაშინ მე მხვდა წილად პატივი ამ ბიუსტის გახსნისა – ჩამოვხსენი უკვე ხუთჯვრიანი დროშა ნოე ჟორდანიას ბიუსტს და ვიგრძენი, თუ როგორ დაბრუნდა, გაცოცხლდა და აღსდგა პირველი რესპუბლიკის მთელი სამყარო ჩემში, დაბრუნდა თავის მშობლიურ ლანჩხუთში, თავის ეზოში, სადაც ადრე სააზნაურო ოდა იდგა ჟორდანიების და სადაც ახლაც განისვენებს მისი მშობლები – ნიკოლოზ ჟორდანია და ქრისტინე ჩიქოვანი, მისი ვაჟი ანდრეიკა…

ნიკა მაჭუტაძე დროშით ხელში. 2005 წლის 26 მაისი | „გურია თუდეის“ არქივი

2005 წელს გავხსენით ეს ბიუსტი ლანჩხუთში, როგორც ისტორიის დაბრუნება, როგორც გამარჯვება ბოლშევიზმზე, როგორც 26 მაისის ცხოველმყოფელობა.

და მთელს ჩემს თავგადასავალს განაპირობებს ეს აქტი ბავშვობის ამბებიდან. 26 მაისის, ორივე 9 აპრილის ერთგულება და ზიზღი, გაუნელებელი ზიზღი 25 თებერვლისა – როგორც ყველა ქართული უბედობის მიზეზის, როგორც ჩვენი დაქცევის, სიკვდილის დღის.

აჰა, გათენდა კიდევ ერთი 26 მაისი – ამ დღეს იშვა საქართველო ხელახლა, ამ დღეს იშვა, როგორც თავისი ცხოვრების ამწყობი და დამწყობი, როგორც თავისი თავის ბატონი და პატრონი… ამ დღეს იშვა მერაბ კოსტავა, ამ დღეს დაიბადა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და პირველ პრეზიდენტად არჩეული იქნა ზვიად გამსახურდია.

26 მაისი ჩვენი ხატია, ჩვენი დროშაა. მტრების სახრჩობელაა, დამარცხებაა მათი.

გილოცავთ!“ _ წერს ნიკა მაჭუტაძე სოცილურ ქსელში და 20 წლის წინანდელ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც „გურია თუდეის“ არქივშია შემორჩენილი.

რას ჩივი?