„ჩვენ ვავრცელებთ გზავნილს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცნობენ ლანჩხუთს – ამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს: შავიზღვისპირეთის ზურმუხტოვანი სანაპირო სასტუმროებითა და ულამაზესი ფიჭვნარით, კოლხეთის ეროვნული პარკი ტროპიკული და სუბტროპიკული ლანდშაპტებით, რომელსაც „მცირე ამაზონს“ უწოდებენ; გურიის სერიის ულამაზესი სოფლები მოჩუხჩუხე მდინარეებითა და კანიონებით. 2030 წლისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ტურიზმის ბაზარზე ვხედავთ სხვა ტურისტულად განვითარებულ რეგიონებთან ერთად, რომელიც თავის მოკრძალებულ სიტყვას იტყვის საერთაშორისო ტურიზმშიც“ _ ამბობს ლანჩხუთის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი ეკატერინე ჩუბინაშვილი „Travel News“-თან ვრცელ ინტერვიუში.
მისივე თქმით, _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომელიც ტურიზმის მდგრადი განვითარების საშუალებას იძლევა. თუმცა, ამჟამად ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას აფერხებს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის ნაკლები ინფრასტრუქტურა ტურიზმის განვითარებისთვის, ადგილობრივი კერძო კაპიტალის, დანაზოგებისა და ინვესტიციების დაბალი დონე რეგიონში, უცხოური ინვესტიციების შემოდინების დაბალი მაჩვენებელი. მუნიციპალიტეტში კვების ობიექტების სიმცირე, საკურორტო ზონების სეზონდამოკიდებულება. „მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ზემოთაღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად. ამ მიზნით შეიქმნა შპს „ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ცენტრი“, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ხელშეწყობას“ _ ამბობს ჩუბინაშვილი.

ჯიხეთის დედათა მონასტერი
კითხვაზე _ რომელი ტურისტული ღირსშესანიშნაობები ან საქმიანობები წარმოადგენს ლანჩხუთის რეგიონში ძირითად ტურისტულ პოტენციალს? _ იგი პასუხობს: „კოლხეთის ეროვნულ პარკში, მდინარე ფიჩორზე ტურისტული მომსახურება, რომლის პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება. ეს მომსახურება ითვალისწინებს სანაოსნო ტურებს და ახალ მარშუტებს, რაც მოიზიდავს სხვადასხვა ტიპის ტურისტებს, მათ შორის მკვლევარებსა და ფლორისა და ფაუნის მოყვარულებს; სოფელ ორაგვში 5 კილომეტრიანი ველობილიკი ველო სპორტის მოყვარულებისთვის, ზიპლაინი ექსტრემის მოყვარულთათვის, აღდგენის პროცესშია ორაგვე-აცანის დამაკავშირებელი ისტორიული ბილიკი, რომელიც ხელუხლებელი ბუნების და ტყის მოყვარულ ტურისტებს მოემსახურება; აცანის თემში მდინარე აცაურას ხეობაში საქუხიას კანიონი, ელინაბადოს და აკიბულას ჩანჩქერები, სადაც მოწყობილია საპიკნიკე სივრცეები; სოფელი მოედანი უნიკალური ორკარის კანიონით და ნავები მდინარე სუფსაზე სამოყვარულო ნაოსნობისთვის; შავი ზღვის სანაპირო 7 კილომეტრიანი ზოლით, სამკურნალო ქვიშის პლაჟით; კურორტი გრიგოლეთი „ყვავილნარის სანაპირო“ და სოფელი წყალწმინდა, სადაც მდებარეობს სასტუმროები და დასასვენებელი სახლები; ისტორიული და რელიგიური ძეგლები, როგორიცაა აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია და სამება ჯიხეთის დედათა მონასტერი; ხელოვნური გამოქვაბულების სიმრავლე (ხორეთი, ჩანჩეთი, კოკათი, ჩოჩხათი, ორაგვე, გაგური); ადგილობრივი ღონისძიებები, როგორიცაა შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ლელობურთი – ისტორიული ტრადიცია, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორებში“.

ლელობურთი შუხუთში
ეკატერინე ჩუბინაშვილის თქმით,იგეგმება ახალი ტურისტული მარშუტები, როგორიცაა მდინარეთა ხეობების კანიონიგი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შექმნა.
„ასევე, ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თემების ჩართულობა ტურიზმის პროცესში. ყველა დესტინაციაზე, სადაც ტურისტების მომსახურება მიმდინარეობს, ხდება ადგილობრივი ნატურალური პროდუქციის რეალიზაცია. არსებობს მუნიციპალური პროგრამა, რომელიც ეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს, მათ შორის ტურისტული მიმართულებით. უახლოეს მომავალში ტურისტებს შევთავაზებთ უნიკალურ ტურისტულ პროდუქტებს, როგორიცაა ნაოსნობა მდინარე ფიჩორზე. მარშუტის სიგრძე 17 კილომეტრს მოიცავს. მდინარე ფიჩორის სათავე და შესართავი სრულად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეობს. ასევე, ლელობურთის ტრადიციულ დღესასწაულს, რომელიც საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს და რომლის მსგავსი არცერთ სხვა რეგიონს არ აქვს“ _ ამბობს ცენტრის დირექტორი გამოცემასთან საუბარში.
სრულად ინტერვიუ წაიკითხეთ ბმულზე:https://shorturl.at/WMqun