1990 წლის 31 მარტი, 12 ათასი მაყურებელი: „გურია“-„დილა“ 1:0 და რა თქმა უნდა, ბესიკ ფრიდონაშვილი!  _ „მაშინ ბევრმა ვერ „მოხარშა“ ეს ამბავი“

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „გურიას“ სტადიონი და ბესიკ ფრიდონაშვილი

1990 წლის 31 მარტს, ლანჩხუთის „გურიამ“ ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ჩაატარა, რომელსაც 12 ათასი მაყურებელი დაესწრო. გურულებმა გორის „დილას“ 1:0 მოუგეს.

და ვინ გაიტანა პირველი გოლი ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში? რა თქმა უნდა, ბესიკ ფრიდონაშვილმა!

ლანჩხუთელთა 10-იანს კიდევ 2 ისტორიული აქვს გატანილი „გურიას“ მაისურით: 40 წლის წინ, 1986 წლის 12 ნოემბერს ბათუმში, როცა მოსკოვის „ლოკომოტივს“ მისი გოლით მოვუგეთ და სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ და ასევე 1990 წლის ბოლოს, 18 ნოემბერს, ფინალში სოხუმის „ცხუმის“ წინააღმდეგ, რამაც პირველი ეროვნული თასი მოგვიტანა.

ბესომ „დილას“ 56-ე წუთზე გაუტანა, „ლოკომოტივს“ _ 76-ეზე, ხოლო „ცხუმის“ კარი, პირველ დამატებულ ტაიმში, მატჩის 95-ე წუთზე აიღო. სამივე შეხვედრა „გურიამ“ 1:0 მოიგო.

36 წლის მოვლენები კარგად ახსოვს „გურიას“ ლეგენდარულ კაპიტანს, თეიმურაზ ჩხაიძეს. მან „ლელოსთან“ საუბარში შარშან გაიხსენა: „მაშინ ფეხბურთიდან ახალი წასული ვიყავი და ლანჩხუთის „გურიაში“ გუნდის უფროსის მოვალეობას ვასრულებდი, რადგან იმედო დუნდუა მაშინ აავადმყოფოში იწვა. გუნდი უმაღლეს ლიგაში მეორედ გადავიდა, მთელი ლანჩხუთი ზეიმობდა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით… მაგრამ ამ დროს მოხდა 9 აპრილი და ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა. ამის შემდეგ თითქმის ყველა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამოსვლაზე უარი ეთქვათ და ეროვნულ ჩემპიონატში ეთამაშათ…“

ლანჩხუთის კლუბის საუკუნის ფეხბურთელი და შემდეგში მაჟორიტარი არ მალავს, რომ ეს ამბავი მაშინ ბევრმა ვერ „მოხარშა“:

„ახლა ამას ადვილად ვყვები, მაგრამ მაშინ მთელი ლანჩხუთი და საქართველო ელოდა, რომ საბჭოთა ჩემპიონატში ვითამაშებდით. უხეშად ვიტყვი – უცებ ბევრმა ვერ „მოხარშა“, რომ საქართველოს ჩემპიონატზე გადართვა შეგვეძლო. მაგრამ ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვქონდა. ფეხბურთელებმა რთული, მაგრამ ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგეს… მე მგონი, ამით არაფერი არ წაგვიგია. პირიქით, გარდაუვალი პროცესი უფრო დავაჩქარეთ და უკეთესი შედეგი მივიღეთ, ჩვენი ნაკრების შედეგს თუ გავითვალისწინებთ. სამწუხაროდ, ჩემპიონატი სუსტია, მაგრამ ვინც თვალს ადევნებს, დამერწმუნება, რომ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. მთავარია, ევროტურნირებზე უკეთ გამოვიდეთ და იმედია, უკეთესი ჩემპიონატიც გვექნება. მთავარი ის არის, რომ სწორედ ამ ჩემპიონატში იზრდებიან ის მოთამაშეები, რომლებიც შემდეგ აკომპლექტებენ ეროვნულ ნაკრებს – ჩვენი ეროვნული გუნდი კი ისეთია, რომელთანაც ადვილად ვერავინ მოიგებს და ვინც არ უნდა შეხვდეს, ყველას ბრძოლას გაუმართავს. ვფიქრობ, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მზარდი ნაკრები გვყავს“ _ უთხრა გამოცემას „გურიას“ ლეგენდამ.

ასევე წაიკითხეთ:

იქ ძეგლი უნდა დავუდგა გოლს ბესიკ ფრიდონაშვილის… გურულების ყველაზე დიდი საფეხბურთო ავანტიურა: 1986 წლის 12 ნოემბერი – დღე სასწაული, რომელმაც ლანჩხუთის ცხოვრება შეცვალა

„პირველად იყო ლანჩხუთი!“ ისევ ნოემბერი და ისევ ფრიდონაშვილი – 35 წელი „გურიას“ ისტორიული გამარჯვებიდან…