დღეს, „გურიამ“ ახალსოფელში „მაჭახელა“ 6:0 დაამარცხა. ანგარიში 21-ე წუთზე თემურ შარაშენიძემ გახსნა, პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა ვანო წილოსანმა _ ეს ლანჩხუთელთა შემტევის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გატანილი წყვილი გოლია.
თუ წინა შეხვედრაში მას ამისთვის 20 წუთი დასჭირდა, ახლა ორი გოლის გასატანად 12-იც ეყო: „გურიას“ მთავარმეგოლემ 30-ე და 42-ე წუთებზე პენალტები გამოიყენა.
ლანჩხუთელებმა მეორე ნახევარშიც სამი გოლი გაიტანეს, აქედან ორჯერ გურულთა თავკაც თემურ ლორიას „ოქროს შეცვლა“ გამოუვიდა _ თამაზ შალიკაშვილმა მოედანზე შესვლიდან 8 წუთში გაიტანა, ხოლო დავით კერხანოჩიევს ამისთვის 6 წუთიც ეყო. ბოლო გოლი 87-ეზე დავით გოგჩაიშვილმა გაიტანა.
„გურიას“ ეს ზედიზედ მეორე მოგებაა, ორივე დიდი ანგარიშით და გოლგაუშვებლად, ბურთების ბწყინვალე სხვაობით _ 10:0!

გათამაშების ცხრილი 4 ტურის შემდეგ
სხვათა შორის, ლანჩხუთლებმა „მაჭახელას“ გასვლაზე წინა მატჩიც დიდი ანგარიშით მოუგეს _ 8:1. მაშინ ვინც გოლი გაიტანა, ახლა გუნდში მხოლოდ კერხანოჩიევია _ შარშანდელ შეხვედრაში მან დუბლი შეასრულა. წინა სეზონის ბოლო ტურში მოგება საკმარისი არ დარჩა და მესამე ლიგა „მაჭახელასთან“ ერთად „გურიამაც“ დატოვა.
ოთხი ტურის შემდეგ „გურიას“ 7 ქულა აქვს, მე-5 ადგილზე იმყოფება და ზედა ლიგაში გადამსვლელ სამეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრაში, 30 აპრილს, გურულები ქულადაუკარგავ „იბერია-2010“-ს უმასპინძლებენ.
23.04.2025 | ახალსოფელი | მაჭახელა 0:6 გურია | 0:1 შარაშენიძე (21′), 0:2, 0:3 წილოსანი (30′ პენ., 42’პენ.), 0:4 შალიკაშვილი (54), 0:5 კერხანოჩიევი (66), 0:6 გოგიჩაიშვილი (87)
„გურია“: ხოფერია, ვარდიაშვილი, ჯღამაია, შანიძე (66′ ლომაძე), ხაჭაპურიძე (60′ კოკაია), შარვაძე (66′ ტუსკია), გოგიჩაიშვილი, სულაძე, ზაქარაშვილი, შარაშენიძე (60′ კერხანოჩიევი), წილოსანი (46′ შალიკაშვილი).