„ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან, დამთავრდებიან ძალიან მალე. დეპრესიაში ჩავარდებით, მეგობრებო და აბა, თქვენ იცით“- ასე გამოეხმაურა მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთელი პედაგოგი ლადო აფხაზავა „ბათუმელებთან“ საუბარში ახალი რუსული კანონის, ე.წ „ფარას“ ამოქმედებას, რომელიც 1 ივნისიდან შედის ძალაში.
„ცხვირ-პირს გვილეწავდნენ და არავინ დაუპატიმრებიათ, არავის პასუხი არ უგია. სიძულვილის ენის ტირაჟირება ამათი ხელისუფლების დროს მოხდა, ქარხანა-ფაბრიკები აქვთ ტროლების და ბოტების და მე ერთი, ელემენტარული საყვედური არ შემიძლია დავწერო? ნუ შემოვა და ნუ წაიკითხავს. ვერ იზამენ მაგას. ხალხს იმხელა შინაგანი თავისუფლება აქვს უკვე, რაჟდენ კუპრაშვილი კი არა, ათი ფარაც რომ მიიღონ, მაინც ვერაფერს გახდებიან. ძალიან კარგია, განახორციელონ ტერორი, დაიწყონ ეგ „ფარაც“, კიდევ მიიღონ საშინელი კანონები და მათ მოუბრუნდებათ უკან. როგორც პირველი რუსული კანონი ვერ განახორციელეს და არაფერი აქვთ ხელში, ასევე ჩაეფუშებათ ეს „ფარაც“ _ უთხრა პედაგოგმა გამოცემას.
მისი თქმით, ვერც ძველი და ვერც ახალი რუსული კანონებით „ოცნება“ ქართულ საზოგადოებას ვერ შეაშინებს. „ქვეყანას ვინც დატოვებს, ამას ძალიან მალე ვნახავთ, რადგან ჩვენ არავინ ვაპირებთ საქართველოს დატოვებას. აქ არის ჩემი მშობლების, ჩემი წინაპრების საფლავები და ჩვენ არ ვაპირებთ წასვლას ვიღაც ერთი კაცის, ერთი ბიძინას გულისთვის“ – ამბობს ლადო აფხაზავა.
სრულად სტატია წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/JBSBe